ლეგიონის უქმეები: 3 ქართული გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე სამი ქართული გოლი გავიდა. ჩინებულ ფორმაშია "გეტებორგის" ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი, რომელმაც უკვე ზედიზედ ორი მატჩია გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

ესპანეთი
ლა ლიგა 2. გიორგი პაპუნაშვილის (55-ე წუთზე შეცვალეს) "სარაგოსა" შინ 0:1 დამარცხდა "დეპორტივოსთან".

გიორგი აბურჯანიას (90 წუთი) "ლუგომ" შინ 4:2 მოუგო "ალმერიას", მაგრამ ჯერ გასავარდნ ზონაში რჩება.

საფრანგეთი
ნასიონალი. ამირან სანაიას "როდეზმა" 1:0 მოუგო "დრანსის". ქართველმა კაპიტანმა 90 წუთი ითამაშა. "როდეზმა" ნასიონალ დივიზიონი ისტორიაში პირველად მოიგო, ლიგა 2-ის საგზური კი წინა ტურში მოიპოვა.

პორტუგალია
პრიმეირა. გიორგი არაბიძის
"ნასიონალი" სტუმრად "გიმარაეშს" დაუზავდა - 2:2. არაბიძემ (გააფრთხილეს) მე-60 წუთამდე ითამაშა.

ბელგია
ჟუპილერლიგა. ირაკლი ბუღრიძის (62-ე წუთზე შევიდა) "ბეერსხოტმა" შინ "ვესტერლოს" მოუგო - 3:2.

შვეიცარია
სუპერლიგა. ლევან ხარაბაძემ შეუცვლელად ითამაშა, მისი "ციურიხი" კი სტუმრად "ბაზელთან" განადგურდა - 0:3.

ოთარ კაკაბაძე 41-ე წუთზე გამოჩნდა "ლუცერნის" შემადგენლობაში, რომელიც სტუმრად "ლუგანოსთან" დამარცხდა - 0:1.

ავსტრია
ბუნდესლიგა. ოთარ კიტეიშვილის (90 წუთი) "შტურმმა" სტუმრად 1:0 მოუგო "ზანკტ პოლტენს".

ერსტე ლიგა. ლევან ელოშვილის (70-ე წუთზე შეცვალეს) "კაპფენბერგი" სტუმრად 0:1 დამარცხდა "კლაგენფურტთან".

დანია

სუპერლიგა. 82-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ თავურ პასს თავითვე მისცა მიმართულება და "რანდერსი" სტუმრად "სონდერისკესთან" წაგებისგან იხსნა - 1:1. საბამ შეუცვლელად ითამაშა. ეს მისი მე-7 გოლია ჩემპიონატში.


პოლონეთი
ექსტრაკლასა. ქართული დუელი შედგა პოლონეთში, სადაც გიორგი მერებაშვილის (73-ე წუთზე შეცვალეს) "პლოცკი" 1:1 დაუზავდა ლუკა ზარანდიას (56-ე წუთზე შევიდა) "არკას".

ვაკო გვილიას "გურნიკი" შინ 1:2 დამარცხდა "ვისლასთან". ვაკომ შეუცვლელად ითამაშა. მან გოლიც გაიტანა, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.

ვატო არველაძის (62-ე წუთზე შევიდა) "კორონა" შინ 0:0 დაუზავდა "ლეგნიცას".

გიორგი გაბედავასა (შესვენებაზე შეცვალეს) და გიორგი ივანიშვილის (63-ე წუთზე შევიდა) "სოსნოვიეცი" შინ 2:4 დამარცხდა "შლიონსკთან".

შვედეთი
ოლსვენსკანი. მე-7 ტურში გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგმა" სტუმრად 4:2 დაამარცხა "სირიუსი" და 13 ქულით გალიდერდა. 22 წლის ქართველი ლეგიონერი ძალიან კარგ ფორმაშია - წინა ტურში მან აიკ-თან მიითვალა გოლი პლუს პასი. გიორგიმ იგივე "სირიუსთან" გაიმეორა.

მე-2 წუთზე ხარაიშვილმა საჯარიმოში პატრიკ კარლსონისგან მიიღო პასი და ანგარიში გახსნა.


77-ე წუთზე, 2:2-ზე პირიქით მოხდა - გიორგიმ შესანიშნავი პასით კარლსონი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ და შვედმა გაიტანა. ხარაიშვილს 2 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს.


ფინეთი
იკონენი. გიორგი ოსიტაშვილის (90 წუთი, გააფრთხილეს) ტპვ შინ "მუსას" 0:0 დაუზავდა.

ჩეხეთი
I ლიგა. ევროპალიგის საგზურისთვის პლეი-ოფის 1/4-ფინალში ვახტანგ ჭანტურიშვილის (75-ე წუთზე შეცვალეს) "ზლინმა" 1:0 მოუგო "სიგმას".

უნგრეთი
OTP ბანკ ლიგა. ბუბა დაუშვილის (90 წუთი, გააფრთხილეს) "ჰალადაში" შინ დაუზავდა "პაკშს" - 1:1.

ლაშა დვალის (90 წუთი) "ფერენცვაროშმა" შინ 2:1 მოუგო გიორგი ბერიძის "უიპეშტს". ჩემპიონთა რიგებში ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა, ბერიძე კი მატჩის 69-ე წუთზე გამოჩნდა.

საბერძნეთი
სუპერლიგა. უკვე გავარდნილი "ლევადიაკოსი" შინ 0:3 დამარცხდა აეკ-თან. გიორგი რეხვიაშვილმა 62-ე წუთამდე ითამაშა მასპინძელთა რიგებში.

გავარდა ლაშა შერგელაშვილის (90 წუთი, გააფრთხილეს) "იანინაც", რომელიც შინ პაოკ-თან დამარცხდა - 0:2.

ხორვატია
HNL. გიორგი მჭედლიშვილის (90 წუთი) "გორიცა" სტუმრად "რუდესს" დაუზავდა - 1:1.

კვიპროსი
I დივიზიონი. ირაკლი მაისურაძის (62-ე წუთზე გამოცვალეს) "პარალიმნიმ" შინ 4:1 მოუგო "ერმისს".

რუსეთი
პრემიერლიგა. გია გრიგალავას (90 წუთი) "არსენალმა" ტულაში 2:0 მოუგო მოსკოვის "ლოკომოტივს". წაგებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ (90 წუთი), ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე ტაიმი ითამაშა. გრიგალავამ 6.5 ბალი შეფასება მიიღო "ჩემპიონატისგან", კვარაცხელიამ - 6, ხოლო კვირკველიამ ყველაზე ცუდი შეფასება დაიმსახურა მატჩში - 5.

უკრაინა
პრემიერლიგა. სანდრო კობახიძე დაუბრუნდა "ვორსკლას". მან მეორე ტაიმი ითამაშა სტუმრად "ოლიმპიკთან" 1:1 დასრულებულ შეხვედრაში.

ნიკა სანდოხაძის (62-ე წუთზე შეცვალეს) "კარპატი" შინ ჯაბა ლიპარტიას (73-ე წუთზე შევიდა) "არსენალთან" 1:2 დამარცხდა.

ბელორუსი
ვისშაია ლიგა. გიორგი ქანთარიას (90 წუთი) "ნემანი" შინ "ჟოდინოს" 0:0 დაუზავდა.

ლიეტუვა
A ლიგა. ლევან მაჭარაშვილის (73-ე წუთზე შეცვალეს) "შტუმბრასმა" შინ 0:3 წააგო "რიტერიაისთან".

ლატვია
ვირშლიგა. გურამ ლუკავას (90 წუთი) "იელგავა" სტუმრად 1:1 დაუზავდა "რიგას".

ბექა ვაჩიბერაძის (22-ე წუთზე შევიდა) "რიგასი" სტუმრად "ლიეპაიას" დაუზავდა - 0:0.

აზერბაიჯანი
პრემიერლიგა. დავით ვოლკოვის (90 წუთი) "გაბალა" შინ 1:3 დამარცხდა "ნეფთჩისთან".

ყაზახეთი
პრემიერლიგა. კახა ცხადაძის "ორდაბასი" შინ "ატირაუს" დაუზავდა - 1:1.

სტუმრად 0:1 წააგო ლაშა კასრაძისა და ელგუჯა ლობჯანიძის "თარაზმა". "ჟეტისუსთან" ორივემ შეუცვლელად ითამაშა.

ტურის ცენტრალურ მატჩში ტრავმირებული ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის (90 წუთი) "ტობოლმა" სტუმრად "ქაირათი" დაამარცხა - 1:0.

უზბეკეთი
სუპერლიგა. კახა მახარაძის (90 წუთი) "სოგდიანამ" სტუმრად 1:3 "ნავბაჰორთან" წააგო.

"ყიზილქუმმა" შინ "ბუნიოდკორთან" ელგუჯა გრიგალაშვილის პენალტის წყალობით მოიგო - 1:0. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.

ირანი

სპარსეთის ყურის პრო ლიგა. ლაშა თოთაძის (70-ე წუთზე შეცვალეს, გააფრთხილეს) "ნასაჯი" შინ "სანატ ნაფტთან" დამარცხდა - 1:2.

აშშ

MLS. "სან ხოსეს" ტრავმამოშუშებული გურამ კაშია დაუბრუნდა. მან 81-ე წუთიდან ითამაშა შინ "ცინცინატისთან" 1:0 მოგებულ შეხვედრაში. ვაკო ყაზაიშვილს არ უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული