ლეგიონის უქმეები: 6 ქართული გოლი, ლობჟანიძის დუბლი, ხარაიშვილმა ისევ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
ქართული ლეგიონის უქმეები საკმაოდ შედეგიანი გამოდგა. ქართველმა ფეხბურთელებმა ჯამში 6 გოლი გაიტანეს. აქედან დუბლი საბა ლობჟანიძის ანგარიშზეა, გიორგი ხარაიშვილი კი თავის გუნდს ლიდერობს და კვლავ მოახერხა გოლის გატანა.

ესპანეთი
ლა ლიგა 2. გიორგი პაპუნაშვილმა ("სარაგოსა") 71-ე წუთიდან ითამაშა "ელჩესთან" მატჩში, რომელშიც მისმა გუნდმა 1:0 გაიმარჯვა.

გერმანია
ბუნდესლიგა. აკაკი გოგიას (სათადარიგო იყო) "უნიონმა" შინ სენსაციურად დაამარცხა თვით "დორტმუნდი" - 3:1.

III ლიგა. ლუკას ჰუფნაგელის (90 წუთი) "უნტერჰახინგმა" სტუმრად 2:1 მოუგო "ბაიერნის" მე-2 გუნდს.

საფრანგეთი
ლიგა 2. ამირან სანაიას (ტრავმა) "როდეზი" სტუმრად
"ნანსის" დაუზავდა - 1:1.

პორტუგალია

პრიმეირა ლიგა. გიორგი მაკარიძის (90 წუთი, 2 "სეივი") "სეტუბალმა" ამ სეზონში მესამე 0:0 ითამაშა. ამჯერად, საქართველოს ნაკრების მეკარის გუნდმა სტუმრად ქულები გაუყო "ჟილ ვისენტეს".

საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონის ოთხ მატჩში "სეტუბალმა" 3-ჯერ შეინახა კარი "მშრალად" და ყველა (4) გოლი "პორტუსგან" გაუშვა.

ჰოლანდია

ერედივიზიე. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ მე-80 წუთიდან ითამაშა "უტრეხტთან" მატჩში, რომელშიც მისმა "ტვენტემ" შინ 3:1 გაიმარჯვა.

ბელგია
ჟუპილერლიგა. ლუკა ზარანდიამ 75-ე წუთამდე ითამაშა "ანტვერპენის" წინააღმდეგ, მისმა "ვარეგემმა" კი შინ 2:0 გაიმარჯვა.

35-ე წუთზე ზარანდია მეტოქე გუნდის ნიგერიელ მცველ სეკს გასცდა, პირისპირ გასვლისას მეკარე ტიონკენსმა მოცელა და პენალტით მეორე გოლი დე ფაუვმა გაიტანა.

გიორგი ქვილითაიამ 70-ე წუთამდე ითამაშა "გენტი"-"სერკლ ბრიუგეს" მატჩში. მასპინძელმა 3:2 მოიგო. "გენტის" კიდევ ორი ქართველიდან ცნობილია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე რეაბილიტაციის პროცესს გადის, ხოლო გიორგი ბერიძე განაცხადში არ იყო.

I დივიზიონი. ირაკლი ბუღრიძის "ბეერსხოტმა" 1:0 მოუგო "სტ. ჟილუას". ქართველი შემტევი განაცხადში არ ყოფილა. ბექა ვაჩიბერაძემ ("ლომელი") შეუცვლელად ითამაშა "რუზელარესთან" საგარეო მატჩში - 1:1.

შვეიცარია

სუპერლიგა. ოთარ კაკაბაძის "ლუცერნი" შინ "იანგ ბოიზს" დაუზავდა - 2:2. საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა 59-ე წუთამდე ითამაშა.

ლევან ხარაბაძის "ციურიხმა" ამ ტურის მატჩი ორი კვირის წინ ჩაატარა და შინ 2:1 სძლია "სტ. გალენს".

ავსტრია
ბუნდესლიგა. ოთარ კიტეიშვილის (მე-2 დამატებულ წუთზე შეცვალეს) "შტურმი" სტუმრად "ალტახს" შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა.

2 ლიგა. ლევან ელოშვილის (74-ე წუთზე შევიდა) "კაპფენბერგი" შინ 2:3 დამაცხდა "რიდთან".

დანია
სუპერლიგა. საბა ლობჟანიძემ დუბლი შეასრულა "სილკებორგთან" მატჩში, რომელშიც მისმა "რანდერსმა" 2:0 გაიმარჯვა. ეს მისი მე-4 გოლია 8 ტურში.


ლაშა პარუნაშვილის (90 წუთი, ყვითელი ბარათი) "ესბიერგი" სტუმრად 0:1 დამარცხდა "ორჰუსთან".

პოლონეთი
ექსტრაკლასა. პლოცკის "ვისლამ" გიორგი მერებაშვილის გოლით 2:1 მოუგო "ლოძს". ქართველმა შემტევმა 75-ე წუთზე შორი მანძილიდან გაიტანა და ეს იყო მისი პირველი გოლი 14 მაისის შემდეგ.

ამ ტურში კიდევ ერთი ქართული გოლი გავიდა - ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა დავით სხირტლაძემ. "არკამ" სწორედ მისი გოლით (55-ე წუთი) დაამარცხა ზაბჟეს "გურნიკი".


ვატო არველაძის "კორონა" შინ 0:2 დამარცხდა "იაგელონიასთან". ქართველი შემტევი განაცხადში არ ყოფილა.

ვაკო გვილია მე-60 წუთზე შეცვალეს "რაკოვთან" მატჩში, რომელშიც ქართველის "ლეგიამ" 3:1 მოიგო.

შვედეთი
ალსვენსკანი. გიორგი ხარაიშვილმა 38-ე წუთზე დააწინაურა "გეტებორგი" "სუნდსვალთან" საგარეო მატჩში და 88 წუთი დაჰყო მოედანზე. სტუმრებმა მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და 2:0 მოიგეს. ეს არის ხარაიშვილის მე-5 გოლი (პლუს 7 საგოლე პასი) მიმდინარე სეზონში.


ჩეხეთი

1 ლიგა. ვახტანგ ჭანტურიშვილის (90 წუთი) "ზლინი" სტუმრად 0:2 დამარცხდა "ბუდეიოვიცესთან".

სლოვაკეთი
ფორტუნა ლიგა. ლუკა ლოჩოშვილის (არ უთამაშია) "ჟილინამ" შინ 5:0 მოუგო "სენიცას".

უნგრეთი
OTP ბანკ ლიგა. ბუდუ ზივზივაძის (55-ე წუთზე შეცვალეს) "მეზოკოვეშდმა" შინ 0:2 წააგო "პაკშთან".

ლაშა დვალის (90 წუთი) "ფერენცვაროშმა" საკუთარ მოედანზე 1:0 სძლია "დიოშდიორს".

საბერძნეთი
სუპერლიგა. ბაჩანა არაბულმა (90 წუთი) წინა ტურში გოლი გაიტანა, ახლა კი საგოლე პასი მიითვალა "პანიონიოსის" სახელით. მისი გუნდი პაოკ-თან საგარეო მატჩში 1:2 დამარცხდა.

თურქეთი
1 ლიგა. გიორგი არაბიძის (შესვენებისას შეცვალეს) "ადანასფორმა" სტუმრად 2:2 ითამაშა "ოსმანლისფორთან".

რუმინეთი
ლიგა 1. ავთო ებრალიძემ რუმინეთში პირველი გოლი გაიტანა. "ვოლუნტარი" სწორედ ქართველი შემტევის ზუსტი დარტყმით დაწინაურდა "კრაიოვასთან" მატჩში, თუმცა უპირატესობა გაფლანგა და 1:2 დამარცხდა. ებრალიძემ სრულად ითამაშა.


ფინეთი

ვეიკაუსლიგა. ზაქარია ბეგლარიშვილის (სათადარიგო იყო) "სეინაიოკი" საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა "კუოპიოსთან".

რუსეთი
პრემიერლიგა. ჯიმი ტაბიძის (90 წუთი) "უფა", რომელმაც წინა ტურში შინ 1:0 დაამარცხა "ზენიტი" და ლიდერობა დააკარგვინა, ამჯერად შინვე დამარცხდა აუტსაიდერ "ორენბურგთან" - 1:2.

საბა კვირკველია კვლავ სათადარიგო იყო მატჩში, რომელშიც მისმა "ლოკომოტივმა" საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო "როსტოვთან".

ქართველების "რუბინი" შინ "სოჩისთან" განადგურდა - 0:3. ზურიკო დავითაშვილმა (ყვითელი ბარათი) და ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშეს, ბექა მიქელთაძე კი თამაშში 76-ე წუთიდან ჩაერთო.

გია გრიგალავამ 90 წუთი ითამაშა "არსენალის" საშინაო მატჩში ცსკა-სთან, რომელიც სტუმრებმა 2:1 მოიგეს.

შინ დამარცხდა (0:1) კიდევ ერთი ქართველის გუნდი, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ ჯანო ანანიძე სათადარიგო იყო "სპარტაკი"-"ზენიტის" მატჩში.

I დივიზიონი. ირაკლი კვეკვესკირის (75-ე წუთზე შეცვალეს) "სკა ხაბაროვსკმა" სტუმრად 2:0 მოუგო "ლუჩს".

უკრაინა
პრემიერლიგა. სანდრო კობახიძის (სათადარიგო) "დნიპრო 1"-მა საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია "კოლოსს".

ანდრო გიორგაძის (განაცხადში არ ყოფილა) "ვორსკლამ" შინ 0:1 წააგო "ოლექსანდრიასთან".

დავით ხოჭოლავა განაცხადში არ ყოფილა მატჩში, რომელშიც მისმა "შახტარმა" სტუმრად გაანადგურა (4:0) "ოლიმპიკი".

ბელორუსი
ვისშაია ლიგა. აკაკი ხუბუტიას (სათადარიგო) "ვიტებსკი" გასვლაზე უშანსოდ დამარცხდა "სლუცკთან" - 0:3.

გიორგი ქანთარიას (განაცხადში არ ყოფილა) "ნემანი" შინ 0:1 დამარცხდა მინსკის "დინამოსთან".

ლაშა შინდაგორიძის (სათადარიგო) "შახტიორმა" სტუმრად 2:1 მოუგო "ენერგეტიკს".

ლიეტუვა
A ლიგა. გიორგი დიაკვნიშვილის (55-ე წუთიდან ითამაშა) "პალანგა" შინ "ჟალგირისთან" განადგურდა - 0:4.

ლატვია
ვირსლიგა. ქართველების "ვენტსპილსმა" სტუმრად 1:0 მოუგო "სპარტაკსს". გუგა ფალავანდიშვილმა 64-ე წუთზე გიორგი მჭედლიშვილი (ყვითელი ბარათი) შეცვალა.

"იელგავასა" (ირაკლი ბიძინაშვილი, გურამ ლუკავა) და "რიგას" მატჩი გადაიდო. ამ ტურში არ უთამაშიათ, მათი "იელგავა" შინ "დაუგავპილსს" დაუზავდა - 2:2.

მწვრთნელ თამაზ პერტიას "ვალმიერამ" ეს ტური გამოტოვა.

აზერბაიჯანი
პრემიერლიგა. ქართველების "გაბალამ" შინ 0:4 წააგო "კეშლიასთან". მერაბ გიგაურმა და დავით ვოლკოვმა შეუცვლელად ითამაშეს.

ყაზახეთი
პრემიერლიგა. კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილმა "ორდაბასიმ" სტუმრად 1:0 მოუგო (ზედიზედ მე-4 გამარჯვება) "ჟეტისუს".

ქართველების "ტობოლმა" (ოღონდ, ქართველების გარეშე) გასვლაზე შავი დღე აყარა "თარაზს", რომლის რიგებში 27-ე წუთამდე ითამაშა ლაშა კასრაძემ (მე-2 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო), ხოლო ელგუჯა ლობჯანიძე განაცხადში არ ყოფილა.

რაც შეეხება "ტობოლს", ჯაბა კანკავა დისკვალიფიცირებული იყო ჭარბი ყვითელი ბარათების გამო, ხოლო ნიკა კვეკვესკირი კვლავ ტრავმირებულია.

აშშ
MLS. ქართველების "სან ხოსემ" 3:0 მოუგო "ორლანდოს". გურამ კაშიამ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ვაკო ყაზაიშვილი კი, რომელმაც საგოლე პასი გააკეთა, 81-ე წუთზე შეცვალეს.

ირანი
პერსიან გალფ ლიგა. "შაჰინ ბუშერმა" გასვლაზე 1:2 წააგო "შაჰრ ხოდრუსთან". მე-7 წუთზე გააძევეს სტუმართა მეკარე მაქსიმე ქვილითაია, ხოლო მისმა თანაგუნდელმა ლუკა გადრანმა სრულად ითამაშა.

გიორგი გველესიანის (90 წუთი) "სეპაჰანმა" 1:0 მოუგო "მეშინ საზის".

კვიპროსი
I დივიზიონი. ქართველების "ანორთოსისისა" და "აპოლონის" მატჩის გადაიდო.

სომხეთი
პრემიერლიგა. ამ ტურში არ უთამაშია ლევან მაჭარაშვილის "ლორის".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული