გიორგი გველესიანი: ირანში მუდმივად დაძაბული სიტუაციაა და ამას უკვე შევეჩვიე

AutoSharing Option
ქართველი მცველი გიორგი გველესიანი უკვე 2 წელზე მეტია ირანში თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში გველესიანმა რამდენიმე კლუბი შეიცვალა, ახლა კი ირანული "სეფაჰანის" ღირსებას იცავს.

ჩვენ ქართველ ფეხბურთელს ირანში დავუკავშირდით, სამომავლო გეგმებსა და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, როგორია თქვენი გეგმები, რჩებით ირანის ჩემპიონატში თუ წამოსვლას გეგმავთ?
- მაისამდე მაქვს კონტრაქტი "სეფაჰანთან", ახლა ჩემპიონატის მეორე წრისთვის ვემზადები. საკმაოდ კარგი გუნდი გვყავს და ვფიქრობ, ჩემპიონობა რეალურია. ასევე, თებერვლიდან იწყება აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, სადაც რთული ჯგუფი შეგვხვდა. ამის
მიუხედავად, ვეცდებით, რაც შეიძლება შორს გავიდეთ.

- ბოლო ირან-ამერიკული ამბების ფონზე, როგორი სიტუაციაა ამჟამად ირანში, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ თავს?
- ირანში მუდმივად დაძაბული სიტუაციაა და ამას უკვე შევეჩვიე - დაპირისპირებები, აქციები, მუქარები და მსვლელობები ჩვეულებრივი ამბავია აქ. მე ჩემი პროფესია მაქვს და ჩემს საქმეს ვაკეთებ, სანამ აქ ვარ და ამაში ხელს არ მიშლიან. მომავალში რა იქნება, ნამდვილად არ ვიცი.

- ქვეყანაში საომარი სიტუაცია რომ იყო, არ იყო გარკვეული ვნებათაღელვა ხალხში/ფეხბურთელებში? ან პირადად თქვენს ოჯახში არ ნერვიულობდნენ?
- ვფიქრობ, სიტუაციის შეფასება საომარ ვითარებად გადამეტებულია. მომავალში არაფერია გამორიცხული. ჩემი ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, ნერვიულობდნენ. ამ ამბებამდე ასევე იყო დიდი შიდა არეულობები.

ვერ ვიტყვი, რომ თავს საფრთხეში ვგრძნობ. უფრო, ალბათ, დისკომფორტში. ხან ინტერნეტზე წვდომა შეწყვიტეს, ხან რაღაც აქციები მოაწყვეს, აგრესიით დატვირთული, ლოზუნგებით და ბანერებით: "სიკვდილი ამას, სიკვდილი იმას".

- როგორ შეაფასებდით განვლილ წელს, რამდენად ნაყოფიერი სეზონი გამოგივიდათ?
- ჯერ შუა სეზონია, ყველაფერი წინაა, თუმცა, ვფიქრობ, რომ კარგ სეზონს ვატარებ. განვლილი სეზონებიც წარმატებული იყო. მოცემულობიდან გამომდინარე, საკუთარი თავისგან ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვ. ამიტომაც, ვცდილობ, ყოველი მომავალი სეზონი ჩემს კარიერაში წინაზე უკეთესი იყოს.

- დღევანდელი გადმოსახედიდან, ირანის ჩემპიონატს რა როლი აქვს აზიაში, არის საუკეთესო თუ ეცილებიან ამაში სხვა ქვეყნები?
- აზია რეგიონებად იყოფა და შუა აზიის რეგიონში არიან ფეხბურთში საკმაოდ განვითარებული ქვეყნები. ირანის ჩემპიონატის დონის განსაზღვრა საქართველოს გადმოსახედიდან, მესმის, რომ საკმაოდ რთულია, ჩვენ ხომ ნაკლებად ვადევნებთ თვალს აქაურ ფეხბურთს და ბევრიც ალბათ სკეპტიკურად აფასებს. თუმცა ფაქტია, მსოფლიო ჩემპიონატზე გადიან, იმ ნაკრებში ირანის ჩემპიონატიდან ბევრი ფეხბურთელი ჰყავთ და მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებთან ტოლ-სწორად თუ არ თამაშობენ, ბევრად არ ჩამორჩებიან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გველეს მიაწექი და დინამოში დაგვიბრუნდი.
DinamoFan
16:09 14-01-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული