რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივი" ლიდერ "ზენიტს" ეწვია და უგოლო ფრეს მიაღწია.
მატჩმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, მოსკოვიდან პეტერბურგში "ლოკოს" 2 600 გულშემატკივარი გაჰყვა, რაც ამ კლუბის რეკორდია. მატჩს კი 51 463 მაყურებელი დაესწრო.
კვირკველიამ შეუცვლელად და რაც მთავარია, შეცდომის გარეშე ითამაშა. ერთი სიტყვით, სანაკრებო მატჩის (იმედია მატჩების) წინ ის ფორმაში ჩადგა.
"რკინიგზელთა" მწვრთნელმა სიომინმა პირველ ტაიმში მსაჯს შეაგინა და გააძევეს, თუმცა შემდეგ თქვა, რომ მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. პირველივე ტაიმში მასპინძელთა გუნდის მცველ დუგლას სანტოსს "ლოკომოტიველმა"
ალეკსეი მირანჩუკმა იდაყვი ჩაარტყა, ცხვირი გაუტეხა, სისხლი წამოუვიდა, მაგრამ მაინც ბოლომდე ითამაშა.
სიომინმა ნამატჩევს განაცხადა, რომ დაცვა ჩინებულად გაისარჯა, მხოლოდ ერთხელ შეცდნენ, მეტოქეს პრაქტიკულად მომენტი არ შეაქმნევინეს და მისი გუნდის მცველებს ასე კარგად დიდი ხანია არ უთამაშიათ.
"ლოკომოტივი" 35 ქულით მეხუთე ადგილზეა (ამდენივე ქულა აქვს მეორეადგილოსან "როსტოვს") და 8 მარტს "ახმატს" უმასპინძლებს.