კვიპროსის საჩემპიონო ექვსეულის პირველ მატჩში "ანორთოსისმა" ლარნაკის აეკ-ი 3:0 დაამარცხა და გასულ ტურში განცდილი მარცხის (1:2) რევანში აიღო.
ანგარიში ჩრდილომაკედონიელმა თავდამსხმელმა ივან ტრიჩკოვსკიმ გახსნა, რომელმაც წინა შეხვედრაში "ანორთოსისთან" დუბლი შეასრულა, ოღონდ ამჯერად მან გოლი საკუთარ კარში გაიტანა. 51-ე წუთზე საჯარიმოდან მეტოქეს გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაუტანა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომენტში მეკარემ უხეში შეცდომა დაუშვა. მესამე გოლი კი გორდონ შილდენფელდმა გაიტანა.
გიორგი ლორიამ დ ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. ოქრიაშვილი და ჯანო ანანიძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. პირველი 81-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე - 55-ზე. ნიკა კაჭარავა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 70-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.
ფამაგუსტური გუნდი "ომონიასთან" ერთად ლიდერია და 14 მარტს მესამეადგილოსან "აპოელს" შეხვდება.