კორონავირუსით დაინფიცირების გამო 19 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს სამ მატჩში ვერ დაეხმარა. მისი და "რუბინის" კიდევ ორი ფეხბურთელის - ხვან იმ ბონისა და კარლ სტარტფელდის მდგომარეობის შესახებ კლუბის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა "სპორტ-ექსპრესს" შემდეგი განუცხადა:
"ნაკრებებიდან ჯერ ყველა ფეხბურთელი არ დაბრუნებულა. კორონავირუსით დაინფიცირებული ბიჭები კარანტინში დარჩნენ. მადლობა ღმერთს, სამივეს დაავადება სიმპტომების გარეშე გადააქვს. ყველანი ახალგაზრდები არიან, ძლიერი იმუნიტეტი გააჩნიათ და საერთოდ არანაირი პრობლემა არა აქვთ. საწყენია, რომ ახლა მწყობრიდან გამოვიდნენ, მაგრამ დღეს ასეთი რეალობაა და ვერაფერს ვერ იზამ".