"კრიტიკოსებმა ილაპარაკონ და თავიანთი ჭია გაახარონ, ყველაფერს მოედანზე დავამტკიცებ" - ინტერვიუ გიორგი არაბიძესთან

AutoSharing Option
22 წლის ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე კარიერას რუსულ "როტორში" გააგრძელებს. ჩვენებური ვოლგოგრადულ კლუბში 6-თვიანი იჯარით პორტუგალიური "ნასიონალიდან" გადაბარგდა.

Sportall.ge გიორგის დაუკავშირდა. ჩვენ მას ტრანსფერსა და სხვა საინტერესო საკითხებზე ვესაუბრეთ:

"როტორთან" ხელი 6-თვიან იჯარას მოვაწერე, რის შემდეგაც გუნდს ჩემი გამოსყიდვის ვალდებულება ექნება. ეს არ იქნება იმაზე დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა კლუბი ადგილს რუსეთის პრემიერლიგაში.

ტრანსფერში დიდი როლი მამუკა ჯუღელმა ითამაშა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. "როტორში" გადმოსვლამდე გუნდში მყოფ ქართველ ფეხბურთელებს ვესაუბრე, მათ კი მხოლოდ დადებითი ამბები მითხრეს.

რა თქმა უნდა, ჩემს
ტრანსფერში გარკვეული როლი მათთან გასაუბრებამაც შეიტანა. ჯერჯერობით არ ვიცი, დარჩება თუ არა ყველა ქართველი ფეხბურთელი "როტორში".

რატომ არ მათამაშებდნენ "ნასიონალში"? - სიმართლე გითხრათ, მეც კი არ ვიცი... არავისთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია და პირიქით, კარგი ურთიერთობა მქონდა. მწვრთნელი იმ ფეხბურთელებს ენდობოდა, ვისთანაც გასულ სეზონში ჰქონდა ურთიერთობა.

მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, ბევრს ვვარჯიშობდი და ვცდილობდი, რომ ფორმაში ვყოფილიყავი.

ჩემი მიზანი უცვლელია, რომ კვლავ დიდი ფეხბურთი ვითამაშო. ჩავარდნა ყველას მოსდის და ამისგან დაზღვეული არავინ არაა. მარტივი არასდროს არაფერი არ არის.

რას ვუპასუხებდი კრიტიკოსებს? - მე მათ დიდი ხანია აღარ ვაქცევ ყურადღებას. ილაპარაკონ, რამდენიც უნდათ და თავიანთი ჭია გაახარონ. იმ ადამიანებს კი, რომლებიც გვერდში მიდგანან და ჩემი დღემდე სჯერათ, დიდ მადლობას გადავუხდი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათ ნახონ ისეთი არაბიძე, როგორიც სურთ".

არაბიძეს ბოლოსკენ კითხვა საქართველოს ნაკრებზეც და ეროვნულ გუნდში შესაძლო დაბრუნებაზეც დავუსვით:

"ყოველთვის მზად ვარ, ჩემი ქვეყნის ფორმა მოვირგო და ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო, რადგან ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.

ალბათ, მაკედონიასთან ბიჭებს მცირედი დააკლდათ და დიდ ნატვრას ავისრულებდით, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინაა", - გვითხრა არაბიძემ.

მკითხველის კომენტარები / 40 /
არაბიძეს გატანაც შეუძლია და პასის მიცემაც.ჯარიმებსაც კარგად ურტყამს.სწორედ ასეთი კაცი სჭირდება როტორს და ამიტომ,მგონია,რომ არაბიძეს სათამაშო დროს,საკმაოდ მისცემენ.იმედია,ლიგაშიც შეინარჩუნებენ ადგილს.გიორგის,წარმატებებს ვუსურვებ და იმედი მაქვს,ისიც გაიაზრა,რა აკლდებოდა აქამდე.თუ ჯუღელია მისი აგენტი,ისიც დაეხმარება სწორი დასკვნების გამოტანაში.ერთს კი,მაინც ვეტყვი,გიორგი,ქსელებში ბევრი და ბევრნაირად წერს,ზოგი ირონიით,ზოგიც,ჩასაფრებულის პოზიციიდან,მაგრამ ისეთიც ძალიან ბევრია,რომელიც მოყვარის პოზიციიდან გაკრიტიკებს და მათი კრიტიკის გატარება,არა მგონია სასარგებლო იყოს.ახლა კი,ბედნიერ, წარმატებულ,უტრავმო ახალ წელს გისურვებ,სწრაფად ფორმაში შესვლას და ნაკრებში დაბრუნებას.
სოსო
16:02 13-01-2021
3
კრიტიკოსებს კი არა, ერთი თავში ავარდნილი პატარა ბიჭი ხარ, რომელიც ჯერ არაფერს წარმოადგენს. შვილო შენი პრიბლემა იცი რა არის? ნიჭი გადმოგდის ყურებიდან, მაგრამ ამპარტავნება არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშო, მიუხედავად ნიჭისა. ცოტა დაეშვი მიწაზე. ცხოვრებაში და მითუმეტეს ფეხბურთში არაფერი გაგიკეთებია, ვერც ერთ გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრე. მეტი თავმდაბლობა გამოიჩინე და ცოტა აზრზე მოდი, თორემ შენნაირი მუდამ პერსპექტიული ახალგაზრები ისედაც ბევრია საფეხბურთო სანაგვეზე. შენი უფროსი თაობა, შენთვის კარგად ნაცნობი ხალხი შენი ნიჭის ქებასთან ერთად შენს პიროვნულ ამპარტავნებაზე ლაპარაკობდნენ მუდმივად. წლების წინ ვიცოდი რომ ამ პატარა ბავშვს, საკუთარი პიროვნულობა და ხასიათი არ მისცემდა დიდი ფეხბურთის თამაშის საშუალებას. დაეშვი, ჯერ პატარა ხარ, დრო კოდევ გაქვს. რაც მეტად თავში გექნება ავარდნილი ის არაფერი რაც შეგიქმნია ცხოვრებაში, ის გატანილი სამნახევარი ჯარიმა, მით მეტი პროგრესი გექნება. ან არა და ის ბედი გელის რაც შენნაირ ნიჭიერ, პიროვნულად ვერ სოციალიზირებულ, ვითომ მაღალი წარმოდგენის მქონე, დაბალი განვითარების ფეხბურთელებს ;)
თემო
15:26 13-01-2021
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული