ვარშავის "ლეგიას" ქართველმა ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ legia.net-ს ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
"შარშან უკეთესი სეზონი მქონდა. შემოდგომაზე აქილევსი მაწუხებდა და რაღაცები არ გამომივიდა. თუმცა, იმედი მაქვს, გაზაფხულზე ყველაფერი კარგად იქნება.
ქართული ღვინო? ძალიან კარგია, არამხოლოდ პოლონეთშია პოპულარული. მე თუ მკითხავთ, საუკეთესო "საფერავი" და "ქინძმარაულია".
საქართველოს ნაკრებისთვის მაკედონიასთან მარცხი დიდი დარტყმა იყო, არა მხოლოდ ნაკრებისთვის, მთელი გუნდისთვის. ყველას ისეთი მოლოდინი ჰქონდა, რომ მოვიგებდით.
ისეთი შეხვედრა იყო, ვიცოდით, მატჩის ბედს 1 გოლი გადაწყვეტდა. თამაშის წინ ისეთი განწყობა გვქონდა, რომ ვინც პირველი
გაიტანდა, ის მოიგებდა.
ამ მატჩს "ლივერპულსა" და "ტოტენჰემს" შორის გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალს შევადარებდი. იქ უმაღლესი კლასის ბევრი ფეხბურთელი თამაშობდა, თუმცა თვალსასეირო ფეხბურთი არ ყოფილა. ზეწოლამ და სტრესმა ყველაფერი შეცვალა.
ჩვენს შემთხვევაშიც ასე იყო, თან ფეხბურთელთა ტრავმებიც დაემატა. ძირითადი გუნდის 4 წევრი გვაკლდა, თამაშამდე 2 დღით ადრე კი გუნდის ლიდერი და საუკეთესო ფეხბურთელი კორონავირუსის გამო დავკარგეთ. მიუხედავად იმისა, რომ 0:1 დავმარცხდით, მაკედონიაზე ცუდი ნაკრები არ გვყავს.
საქართველოში ამ შეხვედრამ უდიდესი იმედგაცრუება გამოიწვია. თამაშის წინ საოცარი მოლოდინები გვქონდა,. შესაბამისად, წაგებაც იმედგამაცრუებელი იყო.
"ლეგიაში" დარჩენა მინდა. იმედია, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შევთანხმდებით", - თქვა ვაკომ.
შესაძლოა, ქართველ ფეხბურთელს ეს განზრახ არ გაუკეთებია, თუმცა შეხვედრის წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მაინც დაასახელა - ფსიქოლოგიური განწყობა, რომ ვინც გატანდა, ის მოიგებდა. გუნდმა გოლი გაუშვა და თითქოს საკუთარი თავის არ სჯეროდა, რომ გათანაბრება შეეძლო.
უბრალოს ვაის გამომრჩა, მოგწერეთ ერთხელ უკვე და რა იქნებოდა რომ მიგებათ გამოხმაურება?!