"ამას პირველად ვამბობ, "დინამოს" ხელმძღვანელობამ ულტიმატუმი წამიყენა" - ინტერვიუ გიორგი მერებაშვილთან

AutoSharing Option
37 წლის გიორგი მერებაშვილი პოლონურ "პოდბერსკიძიეში" გამოდის. საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი საინტერესო მოსაუბრეა და გულშემატკივრები მის ინტერვიუს სიამოვნებით გაეცნობიან...

- მართლაც გამორჩეული იყავით თბილისის "დინამოში" და საუბრები იყო თქვენ მიმართ ძლიერი ჩემპიონატების კლუბების დაინტერესებაზე, თუმცა საბოლოოდ სერბეთში აღმოჩნდით... როგორ გახსენდებათ ის პერიოდი და იყო თუ არა კარიერის გაგრძელების სხვა ალტერნატივაც?
- იმ პერიოდში ევროსარბიელზე თავი კარგად წარმოვაჩინე, განსაკუთრებით, "ცრვენა ზვეზდასთან" და ჩემ მიმართ ინტერესი გაიზარდა. მაშინ გამოუცდელი ვიყავი, არავინ მყავდა ისეთი, ვინც მიმითითებდა, გზას გამიკვალავდა. თან ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო...

თბილისის" დინამოსთან"  კონტრაქტი რვა თვეში მეწურებოდა. ამას პირველად ვამბობ - კლუბის ხელმძღვანელობამ და პირადად ბუბა ტყავაძემ მითხრა, რომ თუკი "ვიოვოდინაში" არ გადავიდოდი, კონტრაქტის ამოწურვამდე უთამაშებელს დამტოვებდნენ. დილემა ასე იდგა  - სათამაშო პრაქტიკის არარსებობა თუ სერბეთში ტრანსფერი. თანაც, ეს ყველაფერი მითხრეს თამაშამდე ერთი საათით ადრე. მახსოვს, "გაგრას" უნდა დავპირისპირებოდით...

"დინამო" მაშინ, ერთგვარად, ჰაერში იყო, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი აღარ აქცევდა ყურადღებას და არსებული  ხელმძღვანელობისათვის ფინანსური ინტერესი მთავარი გახლდათ.

ამის შემდეგ გავიგე, რომ  "ცრვენა ზვეზდა" მილიონ დოლარსაც კი იხდიდა, მაგრამ ეს შეთავაზება დამიმალეს. მოგვიანებით კი, რადგან კონტრაქტი მეწურებოდა, "ვიოვოდინაში" ბევრად იაფად გაშვება მოუხდათ. ასევე, გერმანული "ვერდერისა" და "აინტრახტის" სურვილების შესახებაც შევიტყვე...

-"ვიოვოდინაში" შენი თანაგუნდელები კარგ ევროპულ კლუბებში გადაბარგდნენ, დუშან ტადიჩს გულშემატკივრები მშვენივრად იცნობენ. ჰქონდათ მათ ისეთი რამ, რაც თქვენ გაკლდათ, თუნდაც კარიერის ნიდერლანდებში გასაგრძელებლად?
- ამ კლუბში მილოშ კრასიჩიც ასპარეზობდა. რაც შეეხება ტრანსფერებს, საქმე შემდეგში იყო - კლუბი კარიერის სხვაგან გაგრძელების საშუალებას აძლევდა მხოლოდ სერბებს, ლეგიონერები კი კლუბს ასე მარტივად ვერ იცვლიდნენ. მხოლოდ საზღვარგარეთ კი არა, კონკურენტ "პარტიზანში" ტრანსფერიც არ დაუშვეს.

- რამდენად უკეთესი კარიერა გექნებოდათ, საფეხბურთო აგენტი რომ გყოლოდათ?
- რა თქმა უნდა, მოვლენები ბევრად უკეთესად შეიძლებოდა განვითარებულიყო. "დინამოდან" პირველი წასვლის დროს საკითხი ისე იდგა, რომ აგენტის აყვანა კლუბთან უნდა შეგეთანხმებინა, ხოლო თუ კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მისი აყვანის უფლებას არ გვაძლევდნენ. აგენტი რომ მყოლოდა, ალბათ, "ვიოვოდინაში" არ გადავბარგდებოდი. ამ გადაწყვეტილებას ჩემს კარიერაში ყველაზე მეტად ვნანობ...

- ჩვენს ფეხბურთელებს ხშირად იწვევენ რუსეთში, ყაზახეთში...  გქონიათ მსგავსი შემოთავაზება?

- არსებობდა თუნდაც ყაზახური ვარიანტები, თუმცა მაშინ არც განვიხილავდი. ახლა ვფიქრობ, რომ ფინანსურ ფაქტორებს მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ ეტაპზე, მსგავს შეთავაზებას შედარებით უფრო იოლად  დავთანხმდებოდი...

- რა მიზეზებმა განაპირობა ის, რომ ორ წელში ისევ მშობლიურ "დინამოში" დაბრუნება მოგიხდათ?
- "დინამო" აეკ-თან პლეი-ოფში დასანანად დამარცხდა. კარგი გუნდი იყო და მშვენიერი  წინადადებაც შემომთავაზეს. მით უმეტეს, კარგი სეზონის მიუხედავად, "ვიოვოდინაში" ფინანსური პრობლემები შეექმნათ. არადა, მშვენიერი გუნდი გვყავდა. თასის ფინალში ჩვენ წინააღმდეგ იმდენად ცუდი მსაჯობა იყო, საერთოდ შევწყვიტეთ თამაში და ტიტულის გარეშე დავრჩით. 

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სტაბილურად, ფაქტობრივად, ყველა მწვრთნელის დროს გიწვევდნენ. რომელი პერიოდი, კონკრეტული შეხვედრა გახსენდებათ ყველაზე კარგად და როდის დაგუფლებიათ იმედგაცრუება?
- ყოველთვის მადლიერი ვარ ჩვენი გულშემატკივრების, ბევრჯერ გვედგნენ მხარში, იგივე, ძალიან კარგად გასახსენებელ შეხვედრაში - თბილისში, ყაზახეთის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ისეთებიც არსებობენ, რომლებსაც კრიტიკა და შეურაცხყოფა ვერ გაურჩევიათ. შეუძლებელია, სპორტსმენმა თამაშები არ ჩააგდოს და მუდმივად ერთ დონეზე ითამაშოს. ამას ყველა  გაგებით უნდა მოეკიდოს...

- "ერთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე, ხსენებულ შეხვედრაში ყაზახეთს გოლი გაუტანეთ, ამის შემდეგ კი ეროვნულ ნაკრებში აღარ გამოჩენილხართ. ამ ფაქტს, ძირითადად, რას უკავშირებთ?
- ვლადიმირ ვაისზე ნაწყენი ვერაფრით ვიქნებოდი, რადგანაც უთამაშებელი ვიყავი და ამის მიზეზებს საკუთარ თავში ვეძებდი...

- თქვენი კარიერიდან საინტერესო მომენტები რომ გავიხსენოთ - რომელი ეპიზოდი გახსენდებათ ყველაზე სასიამოვნოდ?
- კარგი გასახსენებელი პეტერ სეგრტის დროს ჩემი სანაკრებო დებიუტია, პორტუგალიის ნაკრებისა და  კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ. მახსოვს ეპიზოდი, როცა მცველების ალყაში ვიყავი, ბევრი არჩევანი არ მქონდა და "ჩელსის" ფეხბურთელ პაულო ფერეირას ბურთი ფეხებშუა გავუტარე.

- გახსენდებათ თუ არა ისეთი ეპიზოდები, როცა თანაგუნდელმა თუ მეტოქის მოთამაშემ თავისი საქციელით გაგაკვირვათ?

- მახსენდება, სტუმრად, ავსტრიის ნაკრებთან ფრედ როცა ვითამაშეთ, მათმა ფორვარდმა მარკო არნაუტოვიჩმა, რომელსაც ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც კი ადარებენ, შეხვედრის დროს მომაძახა, რომ ჩემი დონე მცოდნოდა. ამაზე ჩამეცინა და ვეცადე, სიტუაცია არ დამეძაბა...

- ბოლოს, რა შეიძლება ისწავლოს დამწყებმა სპორტსმენმა გიორგი მერებაშვილისგან?
- ეცადონ, სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. არც დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგან, მაგრამ არც ზედმეტი ფიქრი ივარგებს. მაქსიმალურად იმუშაონ საკუთარ თავზე და პროფესიონალურად ითამაშონ...

altგიორგი მერებაშვილი პლოცკელთა ყველა დროის საუკეთესო თერმეტეულში მოხვდა

მკითხველის კომენტარები / 12 /
ეს არის პრობლემა ქართული კლუბები ძალიან სცოდავენ ფეხბურთელების ტრანსფერების საკითხში ისეთ გუნდებში უშვებდნენ და ახლაც უშვებენ ფეხბურთელებს, რომ იქ მათ ძალიან გაურკვეველი პერსპექტივები აქვთ მე მახსოვს მერებაშვილის თამაში როცა ახალგაზრდა იყოო და ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ბიჭი იყოო და თავის დროზე ამ ბიჭისთვის ხელი, რომ შეეწყოთ და ნორმალურ გუდნში გაეშვათ ბევრად მაღალი დონის ფეხბურთელი გახდებოდა ვიდრე გახდა. ახლაც იგივე ხდება ბოლო 2 წელში, რამდენი ნიჭიერი ბიჭი გაუშვა დინამომ და სხვა ქართულმა კლუბებმა გაუგებარ გუნდებში თუნდაც ნინუა ავიღოთ გაუშვეს ისეთ გუნდში სადაც 1 წელია სკამზე ზის და არც ჩანს იმის პერსპექტივა რომ მომავალ სეზონში ითამაშებს.
გელა
16 აპრილი 2021 14:57
4
ძალიან ნიჭიერი იყო მერებაშვილი.მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს რომ ვერ ითამაშა ის ფეხბურთი რაც შეეძლო.ანალოგიურად უნიჭიერესი იყო პაპუნაშვილიც.საცოდაობაა რომ ახლა ტორპედოში გადავიდა და ამით გახარებულია.ამ ორივეს ერთი მთავარი სენი სჭირთ.პასი არ იციან.მერებაშვილის კარიერა უკვე ფაქტიურად დასრულებულია,რაღა დროს ამის ნაკრებია.
Master
14 იანვარი 2022 16:25
4
პაპუნაშვილი ტორპედოს მერე რადნიკი,სამტრედია,თელავში იყო ეხლა აზერბაიჯანშია
გივი
13 თებერვალი 2024 13:04
0
მერაბაშვილს რაც შეეხება არა ეგ ბიჭი დასაკარგი ! ძალიან კარგი ფეხბურთელია განსაკუთრებით მაშინაა სასარგებლო როვა დაცვით სტილს ვთამაშობთ და ამ სამ თამაშში მაგრა გამოგვადგებოდა ! ივნისის ამხაბაგურებისთვის აუცილებლად უნდა გამოიძახონ !
ზურა222
16 აპრილი 2021 21:40
30
შარშანწინ დაასრულა კარიერა ლამის ორმოცი წლისაა თორე როცა თამაშობდა ძალიან მაგარი იყო
გიოსვანი
15 თებერვალი 2024 09:46
0
მართალს ამბობს, ტყავაძე ბევრს უყენებდა ასეთ ულტიმატუმებს,შემდეგ ფიფიამ რატომ დააბრუნა, გაუგებარია და ზუსტად მაგის სიხისტის და არაპროფესიონალიზმის გამო,მაშინ აკადემიის ბავშვებიც კი გაიქცნენ დინამოდან.სამწუხაროდ ეგეთი ხალხი სულ იყო და არის ქართულ ფეხბურთში.
გია
13 თებერვალი 2024 12:05
0
ადრე ერთი ფეხბურთელი(გვარს არ ვიტყვი) ლოკომოტივში თამაშობდა..აგენტმა თუ გუნდმა 2-ე ბუნდესლიგის გუნდში გაუშვეს და იქ რო ჩავიდა შეეკითხნენ-შენ ვინ ხარ და ჩვენთან ვინ გამოგიშვაო.
Levani
16 აპრილი 2021 20:17
4
ნაკრებში ალბათ გამოიძახებენ იმიტო რო უკეთესი არ ყავთ და თვითონ რო ეზრუნა და მალე დაღლის პრობლემა მოეგვარებია კარგი გუნდებიც წაიყვანდენ
შოკირებული გულშემატკივარი
15 იანვარი 2022 11:10
10
ხალხი სამი წლის წინ დადებულ კომენტარებზე შედის პოლემიკაში, თან ზოგი როგორ იძაბება :D :D :D :D :D
მე
14 თებერვალი 2024 10:34
0
სად უნდა გამოიძახონ სტატიას არ კითხულობთ?!დაამთავრა კარიერა,მოთამაშე მწვრთნელია,რას ეწევით ამისთანას?!
ზორო
13 თებერვალი 2024 22:48
0
სულაქველიძეც ხო არ დავაბრუნოთ,რას იტყვი?
Ჯო არ არი სპორტი შენი საქმე და...
Შეეშვი ჯო და მიხედე თოხსა და ბარს.
zura 222-ს
14 თებერვალი 2024 07:06
3
ძაან ნიჭიერი ბიჭი იყო და შეცდომების გამო ვერ ითამაშა ისე რა დონეზეც უნდა ეთამაშა!
გიორგი IV
13 თებერვალი 2024 22:15
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული