თუ კვარაცხელია "იუვენტუსში" გადავა... - ხვიჩა ტურინული რევოლუციის წევრი გახდება

AutoSharing Option
იტალიური მედიის ცნობით, ზაფხულში ტურინის "იუვენტუსში" დიდი ცვლილებები და ნამდვილი რევოლუციაა მოსალოდნელი.

ყოველივე ეს კი ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო იმითაა, რომ "ვეკია სინიორაში", დიდი ალბათობით, ქართველი ამომავალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს.

ფაქტია, რომ "ბებერმა ქალბატონმა" მიმდინარე სეზონი ჩააგდო. გუნდმა ვერც სერია A-ში ივარგა, ჩემპიონთა ლიგაზე კი სულაც 10-კაციან "პორტოსთან" 1/8-ფინალში დამარცხდა.

ერთადერთი, რაც ტურინული კლუბის გულშემატკივრებს ჩაგდებულ სეზონს მცირედით მაინც დაავიწყებთ, იტალიის თასია, სადაც "იუვენტუსი" 19 მაისს ფინალში ბერგამოს "ატალანტას" დაუპირისპირდება.

ყველაფერ ზემოჩამოთვლილიდან გამომდინარე, გუნდის ბოსები ჩავარდნის მიზეზებზე დაფიქრდნენ და რევოლუცია განიზრახეს.

ჩვენს იტალიელ კოლეგებს თუ დავუჯერებთ, გადაწყვეტილი ამბავია, რომ "იუვეს" დატოვებს კლუბის მწვრთნელი ანდრეა პირლო, რომელმაც იმედები აშკარად ვერ გაამართლა.

მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მასიმილიანო ალეგრია. "შეშლილი მაქსი" უკვე იმყოფებოდა ტურინში და გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებებმა მის დაბრუნებაზე "იუვე არენაზე" საკმაო წარმატებითაც ჩაიარა.

სწორედ ალეგრი დაიწყებს "იუვენტუსში" ახალი კლუბის მშენებლობას. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ის დაემშვიდობება აარონ რემსის, ადრიან რაბიოს, ჯანლუიჯი ბუფონსა და პაულო დიბალას.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ალეგრი არაა წინააღმდეგი, "იუვენტუსიდან" კრიშტიანო რონალდო გაუშვან. უფრო მეტიც, იტალიელი სპორტული მიმომხილველები ამბობენ, რომ თავის დროზე ის პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერის წინააღმდეგიც კი იყო.

რაც შეეხება შევსებას - თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ "იუვეში" გადაბარგდება იტალიის ნაკრებისა და "მილანის" კიპერი ჯანლუიჯი დონარუმა, რომელიც ტურინელთა პირველი ნომერი გახდება.

ამ გარიგების ინიციატორი თავად ალეგრი ყოფილა, რომელსაც ვოიცეხ შესნის  ბოლოდროინდელი ასპარეზობა არ მოსწონს და მისი შეცვლა აქვს განზრახული.

კვლავ აქტუალური გახდა "ვეკია სინიორაში" პოლ პოგბას დაბრუნების საკითხიც, ხვიჩა კვარაცხელიას ამბები კი ყველას კარგად მოეხსენება.

ამას გარდა, დიდი ცვლილებები იგეგმება გუნდის მართვით სტრუქტურაში. დიდი შანსია, მმართველ დირექტორად დაბრუნდეს ბეპე მაროტა, რომელიც ამჟამად "ინტერშია" ამ საქმიანობით დაკავებული.

ასევე იგეგმება ვიცე-თავმჯდომარის, პაველ ნედვედისა და სპორტული დირექტორის, ფაბიო პარატიჩის გათავისუფლებაც.

ტურინელებს კი დარჩენილ 4 ტურში სერია A-ში დიდი ოფლისღვრა მოუწევთ, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვონ.

უახლოესი და უმნიშვნელოვანესი მატჩი "იუვენტუსს" 9 მაისს, "მილანთან" ელის.

მკითხველის კომენტარები / 2 /
იუვეში გადასვლას ამ ეტაპზე ჯობია სადმე საშუალო გუნდში გადავიდეს სადაცმუდმივი სათამაშო დრო ექნება, მართლა მეშინია არ ჩაიკარგოს კონკურენციაში.წარმაებები ხვიჩა ქარტულის ფეხბურთის გამომღვიძებელო
გიორგი
12:20 07-05-2021
0
ისტორიული კანონზომიერებაა, რევოლუციას არსად და არასოდეს საბოლოვო ჯამში სიკეთე არ მოაქვს და იუვენტუსი იქნება ვითომ გამონაკლისი?! ხვიჩა გადადი ტოპ 5 -ს საშუალო გუნდში რამოდენიმე სეზონით და მერე ტოპ გუნდში ალბათ ესე აჯობებს. წარმატებები!!!
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული