მიზანი "ლა ლიგასა" და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია - ოთარ კაკაბაძე წარსულსა და მომავალზე

AutoSharing Option
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის დასრულებამდე ხუთი ტურია დარჩენილი, ქართველი ფეხბურთელების კლუბებს კი განსხვავებული ამოცანები აქვთ გადასაჭრელი. დღეს, 7 მაისს, ოთარ კაკაბაძის "ტენერიფე" გიორგი მაკარიძის "ალმერიას" უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველს sportall.ge ესპანეთში დაუკავშირდა.

დაბრუნება და მომავალი გეგმები

- სეზონის წინ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში დაბრუნება ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო. თავდაპირველად, მთავარი მწვრთნელის ცვლილებამ გარკვეული სირთულეები წარმოშვა, თუმცა საბოლოოდ სეზონმა ნორმალურად ჩაიარა. იყო კარგი შეხვედრებიც და ცუდი მომენტებიც, უპირველესად, ფინალში ჩრდ. მაკედონიასთან მარცხი.

"ტენერიფეს" კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, თუმცა ჯერჯერობით დარჩენა-არდარჩენის საკითხი არ გადამიწყვეტია.
შეთავაზებები სხვა კლუბებისგან არ მიმიღია, სატრანსფერო სეზონის გახსნას დაველოდები.

ჩემი მიზანი ყოველთვის ლა ლიგაში თამაში იყო. ის კვლავ ძალაშია და მისი მიღწევა არსაიდანაა ისეთი იოლი, როგორც სეგუნდადან. აქ ხომ წამყვანი ესპანური კლუბები მოთამაშეებს აქტიურად აკვირდებიან.

მაისურაძის ნაკრების მომავალი


- ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების პერიოდის ვიდეოებს დღემდე სიამოვნებით ვუყურებ. მართლაც კარგი თაობა ვიყავით. ამ ბიჭებიდან მაღალ დონეზე არაერთი თამაშობს, მაგრამ უფრო მეტს უნდა მოეხერხებინა. იყო ტრავმები, ზოგიერთმა რაღაც დააკლო და ა.შ.

როცა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავედით, მაგ დროს პატარები ვიყავით და შესაძლოა, ბევრს გვეგონა, "ბარსელონაში" ან "რეალში" ვითამაშებდით, ასაკის მატება კი სხვანაირად გაფიქრებს...

ევროპაში თამაშისას ვხვდები, რომ დიდ ყურადღებას ხასიათს აქცევენ. ასევე, როცა იშრომებ, გაგიმართლებს კიდეც. პირველ რიგში, წარმატებას მაინც ეს ფაქტორები განსაზღვრავს.

ფლანგის მცველი თანამედროვე ფეხბურთში...


- 16-წლამდე შემტევი ვიყავი და მაისურაძეს სურდა, ჰყოლოდა ფლანგის მცველი, რომელიც შეტევებში აქტიურად ჩაებმებოდა. არჩევანი ჩემზე შეჩერდა და შემდეგ პოზიცია აღარც შემიცვლია. 

თანამედროვე ფეხბურთს სხვა გამოწვევები აქვს. ფაქტობრივად, არ არსებობს გუნდი და მწვრთნელი, აქტიური ფლანგის მცველი არ სჭირდებოდეს, მაგრამ პირველ რიგში, მაინც საკუთარი კარის დაცვა გევალება და ეს არ უნდა დაგავიწყდეს...

ზოგადად, ქართველი ფეხბურთელების ერთ-ერთი სუსტი წერტილი, შესაძლოა, ფიზიკური მომზადება იყოს. აუცილებელია, 90 წუთის თამაში მაღალი დონის მეტოქეებთან და დიდი მნიშვნელობის შეხვედრებში შეგეძლოს.

შეიძლება თუ არა უკეთესი კარიერა?!


- "ხიმნასტიკი", "ესბიერგი", "ლუცერნი", "ტენერიფე" - თითქოს, უამბიციო და სუსტ გუნდში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ რა თქმა უნდა, სურვილი და მიზანი ბევრად მეტია, თუნდაც, "ჩემპიონთა ლიგაზე" გამოსვლა.

რატომ არ ვთამაშობ ისეთი დონის კლუბში, როგორიც  მაგალითად, "ვილიარეალია?!"  - უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორია - იგივე ტრავმა, სტაბილური სეზონების ჩატარება, რომლისათვის მნიშვნელოვანი მწვრთნელთა კეთილგანწყობაა. წინ უამრავი სანაკრებო და საკლუბო თამაშია და წინსვლას აუცილებლად ვეცდები...

"ხიმნასტიკის" შემდეგ იყო "ხეტაფეს" ვარიანტი, "ლუცერნში" გადასვლამდე მათ პასუხს ველოდი, მაგრამ კლუბის პრეზიდენტის სურვილის მიუხედავად, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ტრანსფერი ჩაიშალა.

კარგ კლუბში მოსახვედრად, რა თქმა უნდა, საფეხბურთო აგენტს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მთავარი მაინც საკუთარი თამაშია - კარგი სეზონის ჩატარება, თავის გამოჩენა...

სანიოლი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია...

- ჩაკვეტაძე და კვარაცხელია დიდი ტალანტები არიან. ისინი რომ არა, არავინ იცის, თუნდაც ერთა ლიგის ფინალში ვიქნებოდით?! მაგრამ ფეხბურთი მაინც გუნდური სახეობაა და წარმატება მხოლოდ საერთო ძალისხმევით მოდის...

სანიოლს და ვაისს შორის, სტილის თვალსაზრისით, განსაკუთრებულ განსხვავებას ვერ ვხედავ. საქართველოს ნაკრები ძალიან დალაგებულია, რაც მასში ჩართვას ახალ ფეხბურთელებსაც უადვილებთ.

გრიგოლ ჩაბრაძემ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. გუნდის წევრად ნიკა მალიც მიიჩნევა და კონკურენცია ჩემს პოზიციაზეც არის. ამის გარეშე წარმატების მიღწევა რთულიც იქნება.

მაკარიძე, აბურჯანია და სხვა ქართველები

- მე და გიორგი აბურჯანია ესპანეთში ერთმა და იმავე სააგენტომ წამოგვიყვანა. მათ ქართველებთან მიმართებით პოზიტიური დამოკიდებულებები აქვთ და მომავალში სხვა ფეხბურთელების ტრანსფერიც არაა გამორიცხული.

გიორგი მაკარიძემ კი ესპანელებს თავი ძალიან კარგად გააცნო, მშვენიერი შეხვედრები აქვს. "ალმერიას" ლა ლიგაში გადასასვლელად პლეი-ოფის რთული გზის გავლა მოუწევს და გიორგის დახმარებით იქნებ მიზანსაც მიაღწიონ!


altმეტი ტოლერანტობა - გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ოთარ კაკაბაძეს!








მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველაფერი რომ ჩამოთვალე რა არი საჭირო ლალიგაში სათამაშოდ ფეხბურთის თამაშის გარდა მასე ვერ ითამაშებ მანდ.ღმერთმა მოგცეს იმის საშუალება რო მანდ ითამაშო ბევრი რამე გაქ სასწავლი ბევრი ივარჯიშე ბაბუ.ისე რამდენ თამაშს ვუყურე შენსას დიდებში და ძაან შორს ხარ "ა"კლასიდან პატარებში არა გიშავდა.
ზურა
13:22 08-05-2021
0
კაკაბას შეუძლია ლალიგას თამაში, კაკაბა მე ძაან მომწონს, შემტევი მცველია კარგი ტექნიკური მონაცემებით. პრობლემა არის პასპორტი, ერთი რომ სახელი არ გვაქვს როგორც საფეხბურთო ქვეყანას და ჩვენი ფეხბურთელების წაყვანას ურჩევნიათ წაიყვანონ სამხრეთ ამერიკელები თუ ადგილობრივით ვერ ავსებენ შტატს და მეორეც ის რომ ჩვენ არ ვითველებით ევროკავშირის წევრ ქვეყანად და რეგულაციებით როცა არა ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან მიგყავს ფეხბურთელი ორმაგი და სამმაგი გიჯდება მისი შენახვა... ანუ ძაან უნდა ჯობდე ადგილობრივს და მერე სამხრეთ ამერიკელს და აფრიკელს რომ ითამაშო ლალიგაში. თუ ისე თამაშობ როგორც თამაშობს ადგილობრივი მაშინ შანსი არ გაქვს, 2-3 თავით უნდა ჯობდე ადგილობრივი მოთამაშეს და პლუს კონკურენციაში უნდა იყო სხვა ლეგიონერებთნ
ატლანტამ მხრები გაშალა
11:02 08-05-2021
0

სიახლეები პოპულარული