ყაზანის "რუბინის" გენერალური დირექტორი ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდა.
"ჯერჯერობით ხვიჩას მიმართულებით არაფერი დაძრულა. ჩვენ გახსნილები ვართ, თუმცა მოლაპარაკებაზე არავინ მოსულა. პრესაში უამრავი რამ იწერება, მაგრამ ერთი ოფიციალური წინადადებაც კი არ არსებობს. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ - გააკეთეთ შემოთავაზება და მოვილაპარაკებთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხვიჩას მიმართ ოფიციალური წინადადებით არავინ მოსულა, ჯერ სალაპარაკო არაფერია" - განაცხადა საიმანოვმა.
რამდენიმე თვეა უცხოური მედია აქტიურად წერს ქართველის "ლიდსის", "სევილიის", "მილანისა" და "იუვენტუსის" ინტერესზე, თვითონ ფეხბურთელმა პრემიერლიგის გუნდის ინტერესი დაადასტურა.
შეგახსენებთ, ხვიჩა "რუბინში" 2019 წლიდან
გამოდის, გასულ სეზონში კი კვარაცხელიამ 23 შეხვედრა გამართა, თავი 4 გოლითა და 8 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
მომზადებულია sportbox-ის მიხედვით