"არსენალში" 20 წლის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა პირველი გოლი გაიტანა.
რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში "არსენალმა" ტულაში 2:1 დაამარცხა "კრილია სოვეტოვი". ამ მატჩში ანგარიში დავითაშვილმა მე-3 წუთზე გახსნა. საერთოდაც ზურიკო ძალიან აქტიური იყო და მეტოქეები ხშირად ეუხეშებოდნენ. მან მე-16 წუთზე ხელის ტრავმა მიიღო, ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს და თამაში გააგრძელა, 68-ე წუთზე კი შეცვალეს.
ის გასულ სეზონში "რუბინიდან" იჯარის წესით "როტორში" თამაშობდა, სადაც გოლის გატანა ვერ შეძლო, ამ ზაფხულში კი ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და "არსენალში" გადავიდა.
მოკლედ, დავითაშვილმა ნავსი გატეხა და მისგან მორიგ გოლებს ველით.
"არსენალმა" ტურნირზე პირველი ქულები მოიპოვა და 15 აგვისტოს სტუმრად "კრასნოდარს" დაუპირისპირდება.