კვარაცხელიას "ევერტონში" ტრანსფერი შესაძლოა, რუსი მილიარდერის მეშვეობით გაიჩარხოს

AutoSharing Option
ახლა კვლავ დაიწყო ინფორმაციების გავრცელება „რუბინის“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას ევროპული კლუბების დაინტერესების თაობაზე. რუსეთის პრემიერლიგიდან ევროპის ტოპ 5-ის ლიგებში უკანასკნელ წლებში ხვიჩაზე გაცილებით დაბალი დონის ფეხბურთელები წავიდნენ, ქართველის ტრანსფერს კი საშველი არ დაადგა.

შესაძლოა, ამის მიზეზი ისაა, რომ "რუბინმა" ფეხბურთელი საკმაოდ ძვირად, 20 მილიონ ევროდ შეაფასა. როდესაც ამაზე კითხვა ყაზანური კლუბის სპორტულ დირექტორს, ოლეგ იაროვინსკის დაუსვეს, გაღიზიანებულმა უპასუხა: "იცით რა, იქამდე, ვიდრე რამე არ მოხდება, მეტად ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებთ. თქვენ ყველამ, ჟურნალისტებმა, მას თავი აუფეთქეთ - შედეგად ორი
თვე ფეხბურთს არ თამაშობდა".

ამის შემდეგ „რუბინმა“ საერთოდ შეწყვიტა აღნიშნულ საკითხზე საუბრები, ხოლო რაც გუნდმა ზედიზედ რამდენიმე მატჩი წააგო და მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის გადაყენებაზე დაიწყეს ლაპარაკი, გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა თქვა, რომ გუნდის თავკაცს ვერ შეელევიან და ეს არც განიხილება. აქედან მოყოლებული, „რუბინის“ სოციალური ქსელები დაიხურა და ამ მომენტში საიტიც არაა ხელმისაწვდომი. მოკლედ, ყველაფერი ისეა გასაიდუმლოებული, როგორც დიდ სახელმწიფო მნიშვნელობის სამხედრო ობიექტზე.

დღეს კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი რუსეთის ფეხბურთის კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა გააკეთა. ვინც რუსულ ფეხბურთს მეტ-ნაკლებად იცნობს, შესანიშნავად იცის, რომ კოლოსკოვი რუსულ ფეხბურთში იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ საპატიო პრეზიდენტი. მას ამა თუ იმ ფეხბურთელის და მით უმეტეს, უცხოელის შესახებ იშვიათად ეკითხებიან და ხვიჩაზე თქვა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში რაც მალე წავა, მით უკეთესი და ასეთი შანსი ყველას როდი ეძლევა.

Sportall.Ge

ნიშანდობლივი გახლდათ „მანჩესტერისა“ და „ევერტონის“ ყოფილი ნახევარმცველის, ანდრეი კანჩელსკისის ნათქვამიც. მან პირდაპირ განაცხადა, რომ კვარაცხელიას „ევერტონში“ გადაბარგება შესაძლებელია, იქ მათი თანამემამულეები მუშაობენ და ყველაფერი ჩვენებურზე იქნება დამოკიდებული. თუ კანჩელსკისს დავუჯერებთ, საქმე ადგილიდან დაძრულია. ლივერპულური გუნდის გულშემატკივრებიც აქტიურად მოითხოვენ ქართველის შეძენას. სავარაუდოდ, „რუბინსაც“ აღარ აწყობს ხვიჩას მეტად გუნდში გაჩერება, რადგან მან მოტივაცია დაკარგა. ზამთარში დიდი ტრანსფერები იშვითობაა, თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამორიცხული არაფერია.

მაინც ვინ არიან კანჩელსკისის ის თანამემამულეები, რომლებიც „ევერტონში“ მუშაობენ? კლუბის აქციათა ძირითადი ნაწილის მფლობელი ბრიტანული პასპორტის მქონე ირანელი ფარჰად მოშირია, რომელიც უზბეკეთში დაბადებული რუსი მილიარდერის, ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანის, ალიშერ უსმანოვის პარტნიორია. მათ 1990 წელს ერთად შეიძინეს ლონდონის „არსენალის“ აქციები. 2016 წელს უსმანოვმა მოშირისგან ამ აქციების ნაწილი გამოისყიდა და ირანელმა „ევერტონი“ იყიდა. 2018 წელს უსმანოვმა „მეთოფეებში“ თავისი წილი გაყიდა და თქვა, რომ ამ თანხებით ინვესტიციებს სიამოვნებით განახორციელებდა „ევერტონში“.

უსმანოვის კომპანია USM Holdings-მა კლუბის ახალი სტადიონის დასახელება 30 მილიონ ფუნტად შეიძინა, რომელსაც ქალაქის ხელისუფლების ნებართვით ააშენებენ. 2021 წელს გუნდის მწვრთნელად რაფაელ ბენიტესის დანიშვნა უსმანოვმა „ჩელსის“ მფლობელის, რომან აბრამოვიჩის რჩევით გადაწყვიტა და მოშირი ამის წინააღმდეგი არ წავიდა. წელსვე „ევერტონის“ დირექტორთა საბჭოს წევრად ალიშერის 27 წლის დისშვილი, სარვარ ისმაილოვი აირჩიეს, რომელიც ქალთა გუნდის კომერციული დირექტორიცაა.

„ევერტონი“ ამჟამად პრემიერლიგაში მე-14 ადგილზეა და უკვე გადაწყვეტილია კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ნაკრების 22 წლის მცველის, ვიტალი მიკოლენკოს 20 მილიონ ფუნტად შეძენა. ახლა საკითხავია, გაიჩარხება თუ არა ხვიჩას ტრანსფერი და თუ გაიჩარხება - როდის?

მკითხველის კომენტარები / 11 /
როცა გაიჩარხება, მერე ვილაპარაკოთ. ვინ დაწყევლა ეს ფეხბურთელი?! წინასწარ აგორებული ეს ქარიშხალი ჭიქაში, ძალიან ნეგატიურად მოქმედებს მის სპორტულ ფორმაზე და შედეგებზე.
კირკიტა
10:47 20-12-2021
2
ერთი რამ ვერ გამიგია, შესაძლებელია ჟურმალისტებმა ათასი სისულელე წერონ და სულაც არარეალურ ფანტაზიებში გადაეშვან, მაგრამ შენ თუ პროფესიონალი ხარ და შენს საქმეს აკეთებ სიყვარულით და გულით, როგორ უნდა იმოქმედოს ვიღაცის ნაბჟუტურებმა შენი თამაშის ხარისხზე? პირს ვერავის ამოუკერავ და კალამსაც ვერ გამოგლეჯ ხელიდან, ფეხბურთელი ხარ და მიხედე შენს საქმეს, არაა საჭირო ინსტაგრამებზე და სხვა სოციალურ ქსელებში ძრომიალი. ჩავარდნა ყველა სპორტსმენს ჰქონია და არამგონია ხვიჩას დღევანდელი ფორმა მისი ტოპ ლიგაში დაგვიანებული ტრანსფერის ბრალი იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გულდასაწყვეტი იქნება ეს რეალობა.
ირაკლი
14:36 20-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული