"ჩემი შვილი ნახევრად ქართველი, ნახევრად უკრაინელია. ჩემი კარიერის საკმაოდ დიდი პერიოდი უკრაინაში მაქვს გატარებული. მთელი ჩემი ცხოვრება რუსეთი არის აგრესორი. მრცხვენია ჩემი მთავრობის...
ჩემი სიმამრი იყო ომის ვეტერანი, 25 წელი ჯარში მსახურობდა. ორი წლის წინ გავიდა პენსიაზე, თუმცა დღევანდელი მდგომარეობის გამო გაიწვიეს.
სამწუხაროდ, მთლიანად სამხედრო ბაზა რაც ჰქონდათ, მიწასთან გაასწორეს. ჰაერიდან, არ ვიცი, რითი, მაგრამ მთელი შენობა განადგურდა. ბევრი მსხვერპლი იყო... როგორც ვიცი, დღესაც ბევრი ადამიანია
როგორც ყოფილი სამხედრო, თავს ვალდებულად თვლიდა, რომ დაეცვა თავისი ქალაქი და ყველა გაგებით მოეკიდა იმას, რომ წავიდა, გადაწყვიტა იარაღი აეღო ხელში, რათა დაეცვა თავისი თავი და ჩვენი ოჯახი. გარდაცვალების საღამოს ველაპარაკე, მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო და რუსების ჯარი გარბის, ეშინიათო.
ისიც მითხრა, რომ ერთადერთი პრობლემა ის გვაქვს, რომ ჰაერიდან ვერაფერს ვშვრებითო. სამწუხაროდ, იმ ღამეს, 4-ზე თუ 5-ზე მოხდა დაბომბვა... დილის 8-ზე გავიგეთ, იმიტომ, რომ ჩემი მეუღლის დედას დაურეკა ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელიც ასევე დაბომბვაში მოყვა. ძალიან მძიმე ტრავმები ჰქონდა, მაგრამ რაღაცნაირად შეძლო, რომ დაერეკა და ეთქვა, რომ ჩემი სიმამრი აღარ იყო ჩვენთან ერთად...
ჩემი მეუღლის მთელი ოჯახი - ორი პატარა და-ძმა, უფროსი ძმა და დედა მანქანით წამოვიდნენ სლოვაკეთის საზღვართან.
6 დღე, მინდორ-ველით იმიტომ, რომ ქალაქში შესვლა შეუძლებელია... 1000 კილომეტრი გაიარეს 6 დღეში. ხან ტყეში ეძინათ, ხან მანქანაში, ხან დარბაზში, სადაც დაუღამდებოდათ... ამ 6-დღიანი წვალების შემდეგ დავხვდი უკრაინა-სლოვაკეთის საზღვარზე... და იქიდან ორი მანქანით ჩამოვედით დანიაში. დღეს ჩვენთან ერთად არიან და ჩემი მეუღლის ოჯახი აქ არის.
მამაჩემი 15 წელია ცხოვრობს უკრაინაში, ჩემი და უკრაინის მოქალაქეა... ჩემი დისა და ჩემი მეუღლეები უკრაინის მოქალაქეები არიან... ჩემი შვილი ნახევრად ქართველი, ნახევრად უკრაინელია. ბევრი წელი ვიცხოვრე იქ, ცოტა ხნის წინ ბინა ვიყიდეთ კიევში და გვინდოდა, რომ ვყოფილიყავით ხან კიევში და ხან თბილისში. ჩემთვის განსაკუთებულად მძიმეა ეს სიტუაცია.
მხოლოდ ჩემს ოჯახზე რომ ვილაპარაკოთ, 6 ადამიანი ერთი ჩანთით ჩამოვიდა უკრაინიდან იმიტომ, რომ ისეთი სიტუაციაა, ვერაფრის წამოღება ვერ მოასწრეს. ამიტომ, მინიმუმ სამი მილიონი ადამიანი დევნილოა და პლუს, არის ხალხი უკრაინაში, რომელიც საჭმლის, წყლის, თანხის, მედიკამენტების გარეშე დარჩა...
ამიტომ, ჩემი ეს პლატფორმა, ალბათ, იმისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული, რომ დავეხმაროთ რაც შეიძლება მეტ უკრაინელს. დღესაც, რომ გავდივარ გარეთ, თითქმის ყველა აივანზე უკრაინის დროშა კიდია... ყველგან არის წერტილები, სადაც ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ... ასევე, კლუბი ძალიან მეხმარება, ოჯახისთვის ცდილობენ, რომ ბინა გამოუყონ.
ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი მთლიანად, რაც ევროპაში ხდება. მრცხვენია ჩემი მთავრობის, რადგან სანქციებს არ შეუერთდა და უკრაინას რომ თავი დავანებოთ, ჩემთვის პირადად, მთელი ცხოვრება, რუსეთი არის აგრესორი და პუტინი არის ადამიანი, რომელიც მთელმა მსოფლიომ რამენაირად უნდა მოვიშოროთ. ამიტომ საქართველოს მთავრობის არშეერთება სანქციებთან, პირადად ჩემთვის მიუღებელია.
უკრაინიდან ვინც მირეკავს, ყველა ამაყობს იმით, რომ ქართველები ბევრნი გამოვიდნენ მოედანზე, ყველა პატივს გვცემს, ვუყვარვართ...
ძალიან ბევრ ადამიანს ველაპარაკე უკრაინაში და ძალიან მადლობლები არიან... რამდენიმე ჯგუფი ვნახე, სადაც ცდილობენ, რომ რუსებს შეუქმნან დისკომფორტი და სიმართლე რომ ვთქვა, მე ვეთანხმები...
იმიტომ, რომ ვერ ვიტყვი, ჩვენს ქალაქში ცხოვრობდეს ამდენი რუსი, რომელთაც ტვინი ისე აქვთ გამორეცხილი, რომ მაგალითად, ერთ-ერთი შეტყობინება წავიკითხე, 2008-ში არ უნდა გავჩერებულიყავით 40 კმ-ში და უნდა შევსულიყავით თბილისშიო, წერს ვიღაც, თბილისში ჩამოსული რუსი, რომელსაც ბინა არ მიაქირავა ქართველმა. ჩემთვის ეგეთი ხალხის ცხოვრება თბილისში არ არის სასიამოვნო.
ჩემთვის ერთი რამეა ცხადი, რომ რუსეთმა ომი წააგო, ამ სანქციებით დიდი ხანი ვერ შეძლებს რუსეთი ცხოვრებას და ომის გაგრძელებას, იმიტომ, რომ ყველამ იცის - ომს დიდი ფული სჭირდება. ერთადერთი კითხვა, რაც დღევანდელ დღეს არის, რამდენი მსხვერპლი მოჰყვება ერთი გიჟის სულელურ გადაწყვეტილებას", - ამბობს ხოჭოლავა.
ეს რა დღეშია საწყალი საქართველო.