ხვიჩა კვარაცხელიამ ახალ კლუბში მშვენივრად დაიწყო, ყველას დაანახა, რომ დიდი რესურსი აქვს და საქმესაც თამამად შეუდგა. საწყისი ორი მატჩი კარგი იყო, თუმცა მეტოქეები უმაღლესი დონის მაინც არ იყვნენ, ახლა კი მცირე პაუზა იქნება და შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყება. სერია "ა"-ს სტარტამდე ლუჩანო სპალეტის გუნდი 4 შეხვედრას ჩაატარებს.
ბალოტელი და ესპანელები
მოახლოებულ ამხანაგურ მატჩებს ნეაპოლური კლუბი უკვე მესამე არენაზე გააგრძელებს - "ტეოფილო ფატინი". 27 ივლისს ქართველი გარემარბის გუნდის მეტოქე თურქული "ადანა დემირსპორი" იქნება. მას შემდეგ, რაც სუპერლიგის უკანასკნელ ტურში "გიოზთეფეს"
5 გოლი გაუტანა, მათ ლიდერ მარიო ბალოტელის დასვენების საშუალება მიეცა, თუმცა "ნაპოლისთან" მისი სასტარტოში თამაში მოსალოდნელია. ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 31 წლის იტალიელი, რომელსაც "ინტერის", "სიტის", "მილანის" და სხვა გუნდების მაისურით უთამაშია, შვეიცარიულ "სიონში" გადაბარგდება...
ამ შეხვედრის შემდეგ ნეაპოლურ კლუბს 3 ესპანური მეტოქე ეყოლება - "მალიორკა", "ჟირონა" და "ესპანიოლი". მატჩები, შესაბამისად, 31 ივლისს, 3 და 6 აგვისტოს შედგება.
"ჟირონა" პრიმერა დივიზიონში აღზევდა და სერიოზული გეგმები აქვთ. მათი ლიდერი ისევ 35 წლის ურუგვაელი კრისტიან სტუანია. სხვათა შორის, უკვე მესამედ მოხდება, როცა "ნაპოლი" "ესპანიოლს" ზაფხულის მოსამზადებელი შეკრების დროს დაუპირისპირდება. 2017 წელს იტალიელებმა (2:0) გაიმარჯვეს, 2009-ში კი ფრე (0:0) დაფიქსირდა.
ტრანსფერები
ხვიჩას ახალ კლუბს გაძლიერება ჯერ არ დაუსრულებია. ყველაზე აქტიურად ისევ "ბარსელონას" ექსშემტევის, 28 წლის ჟერარ დეულოფეუს ტრანსფერზე იწერება, რომელიც ახალი სეზონისთვის იტალიურ "უდინეზესთან" ერთად ემზადება და გოლიც გაიტანა.
ფაქტობრივად, გადაწყვეტილია "ფენერბაჰჩეს" 23 წლის სამხრეთკორეელ ცენტრალურ მცველ მინ-ჯი კიმის შეძენა. "ფეისბუქგვერდი" napoli24-ი მომავალი სეზონის სავარაუდო თერთმეტეულს აქვეყნებს, სადაც კვარაცხელია შემტევ ოთხეულში თავის ადგილს (მარცხნივ) იკავებს. ამ ვერსიაში 4 ახალწვეული (ფოტოზე ყვითლად აღნიშნული) მოიაზრება.
ხვიჩას მნიშვნელობა
"პერუჯასთან" ჩატარებული ამხანაგური მატჩი იმითაც იყო საინტერესო, მომავალ სეზონში ნეაპოლელთა შეტევების წარმართვის სავარაუდო გზები უკეთ გვენახა. შეიმჩნევა, რომ გუნდი უფრო მარჯვენა ფლანგიდან უტევს, სადაც კაპიტანი დი ლორენცო (ევროპის წინა ჩემპიონატიდან კარგად უნდა გვახსოვდეს) და მექსიკელი ირვინგ ლოსანოა. კვარაცხელიას ფლანგზე ბურთი ხშირად არ იყო და ხვიჩა მას მუდმივად "ეძებდა", სულ მოძრაობდა და ცენტრისკენ იწევდა. თუკი გუნდს შეტევის შუა ნაწილში დეულოფეუც დაემატება, "ნაპოლის" იერიშების მიმართულებები კიდევ უფრო გადანაწილდება. იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ ინსინიეს წასვლის შემდეგ ფორვარდ ოსიმენისთვის სივრცეების გახსნა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება. გამოიკვეთა, რომ "კვარა" და 23 წლის ნიგერიელი ერთმანეთს კარგად უგებენ, წინ კი საკმაოდ ბევრი შესათამაშებელი მატჩია.
15 აგვისტომდე, როცა სერია "ა"-ს ახალ სეზონს "ნაპოლი" "ვერონასთან" სტუმრობით გახსნის, სპალეტის გუნდს ეს გეგმები და სათანადო დრო აქვს, როგორც ტრანსფერების განხორციელების, ასევე გუნდისთვის საბოლოო სახის მიცემის კუთხით. ამასობაში კი, კვარაცხელიას შესაძლებლობებს ყველა კიდევ უფრო კარგად გაიცნობს.
"თავს კვარაცხელიას ჩამოსვლით იმშვიდებენ - ნეაპოლიდან თვით მარადონა გააქციეს" - იტალიური მედიის პესიმისტური პროგნოზი