"თავს კვარაცხელიას ჩამოსვლით იმშვიდებენ - ნეაპოლიდან თვით მარადონა გააქციეს" - იტალიური მედიის პესიმისტური პროგნოზი

AutoSharing Option
მართალი გითხრათ, "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლას ერთგვარი შიშით ველოდი, თუ როგორ შეძლებდა უფრო მაღალ დონეზე თავის წარმოჩენას. "ანანუიასთან" ხვიჩას ჩინებულად თამაშის შემდეგ ბევრმა თქვა, რომ მეტოქე სამოყვარულო გუნდი იყო და ძნელი გახლდათ ამის მიხედვით დასკვნების გამოტანა, გუშინ კი სერია B-ს "პერუჯას" სახით უფრო სერიოზული გამომცდელი ჰყავდა და კვლავ გამოიჩინა თავი. ყოველგვარი ზედმეტი პატრიოტიზმისა და მიკერძოების გარეშე - "ნაპოლის" ჩვენებურის კლასის ფეხბურთელი არ ჰყავს და არც მთლად ისეთი გუნდია, ციდან ვარსკვლავებს რომ წყვეტს. ხვიჩამ ყოველგვარი კომპლექსის გარეშე დასძლია ადაპტაციის პერიოდი და ყველას აჩვენა,
რისი შნო და მარიფათი გააჩნია.

ტრიბუნები ქართველის გვარს უკვე შეცდომის გარეშე სკანდირებდნენ და საქმეს ისეთი პირი უჩანს, უთუოდ გახდება ნეაპოლელი ტიფოზების კერპი. არადა, რუსული მედია ისეთ შემაშფოთებელ პროგნოზებს აკეთებდა, თითქოს იქ დაიჩაგრებოდა და ჯოჯოხეთი ელოდა. გაიხსენეთ "სპორტ-ექსპრესში" გეორგი კუდინოვის სტატია: "ხვიჩა კვარაცხელია ჯერ არ ჩასულა "ნაპოლიში", მაგრამ უკვე მისი ვარსკვლავი გახდა".

alt"ნეაპოლი დუღს: ჩვენთან მოდის ფენომენი" - ხვიჩას ტრანსფერზე რუსული მედიის შურიანი და ირონიული წერილი

თავის მარცხენა ფლანგზე კვარა ჩინებულად მოქმედებდა, მაგრამ პასს ხშირად არ აძლევდნენ. ამიტომ იძულებული ხდებოდა, ხან ცენტრში შეწეულიყო და ხან მარჯვენა ფრთაზე გადასულიყო. ერთხელ მარჯვენა ფლანგიდან აუტიც კი მოაწოდა. "ნაპოლის" გულშემატკივრები სამართლიანად არიან შეშფოთებული გუნდის დაკომპლექტებით, რამეთუ შეტევების განვითარების ძალიან მწირი შესაძლებლობებია და ამ მხრივ რაღაცნაირად თვით "რუბინსაც" მოგვაგონებს. გასულ სეზონში რამდენიმე წარუმატებელი მატჩის მერე კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის სამუშაოდან დათხოვნას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ დატოვა და ახლა ლუჩანო სატრანსფერო პოლიტიკის გამო იძულებულია თავი იმართლოს. არადა, როგორც ჩანს, ეს საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის.

 

Tuttomercatoweb-ი წერს, რომ ხვიჩამ ყველა მოხიბლა და ახლა სპალეტი გაძლიერების მოლოდინშია: "ლორენცო ინსინიესთან დამშვიდობება უკვე ნაკლებად მძიმეა, ვიდრე ეს რამდენიმე თვის წინ გვეგონა. "პერუჯასთან" სცენაზე ისევ ხვიჩა კვარაცხელია გამოვიდა და თავისი ნიჭი კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. გვაჩვენა ფართო რეპერტუარი: აჩქარებები, სწრაფი მოძრაობები და დიადი ფეხბურთელის გადაცემები. მას აქვს შესანიშნავი უნარები და გამოჩენილი ჩემპიონის ღირსეული მემკვიდრეა".

 

"ნაპოლის" პრობლემებზე Vivoperlei Calciomercato-ში გამოქვეყნებულ ბლოგში ანტონიო გაიტომ ისაუბრა: "არა, ვულკანის ამოფრქვევას ამასთან არაფერი საერთო არ აქვს. ნეაპოლი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს. როგორც ბევრი, მითიური "ღმერთი" მარადონაც ყოველგვარი სიყვარულისა და აკვიატების გარეშე აიძულა დაეტოვებინა ქალაქი, რომლისაც ბოლოს და ბოლოს ყველაფრით ვალდებული იყო.

"ნაპოლი" სკუდეტოს მარადიულ რბოლაში იმყოფება, მაგრამ ყოველთვის ყველაზე ლამაზ მომენტში იკარგება და წელს თავის პიკს აღწევს. რა თქმა უნდა, დახურა ციკლი იმ მოთამაშეებისა, რომლებმაც ბოლო პერიოდში თავი გამოიჩინეს და ამავე დროს, უნდა დაფიქრდნენ, როგორი იქნება ამჟამინდელი პროექტი. ოსპინა, გულიამი, კულიბალი, მერტენსი, ინსინიე, მილიკი - ეს დიადი გაქცევაა ნეაპოლიდან. მათ გუნდის აღორძინებაში გადამწყვეტი როლი ენიჭებოდათ და ყველა მთელ მსოფლიოში მიმოიფანტა - ლონდონიდან ტორონტომდე და ნეაპოლი თავს ძნელად წარმოსათქმელი გვარის მქონე ხვიჩა კვარაცხელიას ჩამოსვლით იმშვიდებს. ქართველი მაღალი კლასისაა, თუმცა სერია A ქართული ფეხბურთი არაა. ყოველ შემთხვევაში, ასე მოჩანს, თუმცა, რა თქმა უნდა - არასოდეს თქვა "არასოდეს". საჭიროა ჩაფიქრდნენ, მართებული გახლდათ თუ არა სპალეტის არჩევანი.

Sportall.Ge

ჩვენ კარგად ვიცით, როგორ დასრულდა მოვლენები "ინტერსა" და "რომაში", განსაკუთრებით, სიმბოლური და მნიშვნელოვანი მოთამაშეების მენეჯმენტში გახმაურებული კონფლიქტებით - როგორც ტოტისთან. ბევრი მიიჩნევს, რომ ამ სეზონში "ნაპოლის" ადგილი ჩემპიონთა ლიგაზე არაა, მისი რეალური შესაძლებლობა უკეთეს შემთხვევაში ევროპა ლიგაზე ასპარეზობაა და არსებობს ჰიპოთეზა, რომ ისიც დიდი მიღწევა იქნება, რაც გასულ სეზონში "მილანმა" შეძლო. ამის რისკი არსებობს.

არასოდეს არის კარგი ფეხბურთისთვის, როცა ისეთი ისტორიის მქონე გუნდი, როგორიც "ნაპოლია", ესოდენ მნიშვნელოვან ფიგურებს კარგავს, რაც დიდ გაქცევას ემსგავსება. ეს პაოლო სორენტინოს ახალ ფილმს ჰგავს. ქომაგები აღშფოთებული არიან, ვინაიდან "სათამაშოს" ნგრევის მომსწრენი გახდნენ, რომელმაც "ნაპოლი" მაღალ პოზიციაზე დააბრუნა, თუმცა ვერაფერი ვერ მოიგო. დე ლაურენტისს სპალეტისთან ერთად დაუპირისპირდნენ, მაგრამ საკითხი უფრო ღრმა და რთულია. საქმე ის არაა, რომ დე ლაურენტისი მითად იქცევა, თუ ის მოიყვანს მნიშვნელოვან მოთამაშეებს და შემდეგ უნდა იფიქროს მხოლოდ უარესზე, თუ ვერ შეძლებს გარკვეული დონის შენარჩუნებას. ნუ დაგვავიწყდება, რომ როგორც "გაზეტა დელო სპორტი" იტყობინება, კლუბს 135 მილიონი ევრო ვალი და აქტივში 140 მილიონი ჰქონდა. 2020-21 წლებში მოგებამ 179.4 მილიონი შეადგინა, ხოლო გასავალმა - 305.5 მილიონი. "ნაპოლის", "ინტერისა" და "იუვენტუსის" მსგავსად, დიდი სესხების აღება არ შეუძლია.

ეს რეალობაა (ნეაპოლის მფარველ სან ჯენაროს სასწაულის გამოკლებით). უკანასკნელ მომენტში მათ, სავარაუდოდ, მოუწევთ პროექტის შემცირება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში გუნდის საჩემპიონო ოთხეულის მიღმა ხილვა. "ნაპოლის" ადგილი, ალბათ, მომავალ სეზონში "რომასა" და "ლაციოს" შორის იქნება. თანაც, მოცემულ მომენტში "რომა" ფავორიტია. ვნახოთ, რა მოხდება უხილავი ლიგის მოედნებზე. და მაინც, არის განსაკუთრებული შემთხვევები და როდესაც საქმე ნეაპოლთან გვაქვს, რაიმეს მტკიცება ან უარყოფა უსარგებლო საქმეა".

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 39 /
თქვე იდიოტებო, ბრილიანტი გყავთ გუნდში და რა პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებთ, ხვიჩაა ზუსტად ის, ვინც ნაპოლის მოუტანს ნანატრ სკუდეტოს. ჯერ სადა ხართ.... ამას ქართველი რომ ვარ იმიტომ არ ვამბობ, ეს ბიჭი მოვლენაა ფეხბურთში თავისი ტალანტით, ნიჭით, შრომისმოყვარეობით, ადამიანობით, კაცობით, საქმისადმი მიდგომით, ხვიჩა აწი სულ მოუმატებს, მაგისი გამჩერებელი არავინ არაა. როგორც ნინიაშვილის მოსვლით რაგბიში იტალია დავამარცხეთ, ისე აიყვანს კვარა ნაკრებს იმ სიმაღლეებზე, რასაც ვინ იცის, რამდენი ხანია ველოდებით.
კაი რა
17:04 19-07-2022
4
კარგ ადგილას მოხვდა კვარა და კარგ დროს. თავის გამოჩენის იდეალური შანსი ექნება და გამოიჩენს კიდეც !!!
Joko
12:07 19-07-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული