მატჩები, რომლებიც შაბათ-კვირას არ უნდა გამოგვრჩეს

AutoSharing Option
საფეხბურთო დღეები გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო, ინგლისში არცერთი სპორტული ღონისძიება გაიმართება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ლეგიონერებს კვლავ დატვირთული უქმეები ელით, ტრადიციულად, გთავაზობთ მატჩებს, რომლებიც შაბათ-კვირას არ უნდა გამოტოვოთ.

10 სექტემბერი - შაბათი

"რაიო ვალეკანო" - "ვალენსია" (16:00)

ლა ლიგის მე-5 ტური "რაიო ვალეკანოსა" და "ვალენსიას" შეხვედრით გაიხსნება. გუნდებმა სეზონი არადამაჯერებლად დაიწყეს, "ღამურები" 6 ქულით მე-11 ადგილს იკავებენ, ხოლო მასპინძლები მე-14 პოზიციაზე იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ გატუზოს გუნდს დაცვაში პრობლემები აქვს, მათ მხოლოდ
3 ბურთი აქვთ გაშვებული, რაც დიდწილად გიორგი მამარდაშვილის კარგი თამაშის შედეგია, ქართველი მეკარე ბრწყინვალე ფორმაშია და ესპანურ პრესაში "მამარდაზე" ხშირად საუბრობენ. დღეს, დიდი ალბათობით ახალ გუნდში ედინსონ კავანის დებიუტი შედგება, ურუგვაელი ესპანურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, სტუმართაგან შეხვედრას გამოტოვებენ ხაუმე დომენიკი და ილაიშ მორიბა. რაც შეეხება "რაიო ვალეკანოს", მათ შედარებით დიდი დანაკლისი აქვთ: სალვი სანჩესი, დიეგო ლოპესი და ანდრეს მარტინი დღეს მატჩში მონაწილეობას არ მიიღებენ. "ვალენსიამ" "რაიო" ბოლოს 2018 წელს დაამარცხა, ვნახოთ დაასრულებენ თუ არა "ღამურები" არასასიამოვნო სერიას ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით.

"ნაპოლი" - "სპეცია" (17:00)

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" შაბათს "სპეციას" უმასპინძლებს, ლუჩანო სპალეტის გუნდი საოცარ ფორმაშია და მორიგი 3 ქულის მოპოვებას შეეცდება. ტრავმის გამო "პარტენოპეის" ვიქტორ ოსიმენი დააკლდება, მოგეხსენებათ, ნიგერიელი "ლივერპულთან" მატჩში შეცვალეს, აფრიკელ ფორვარდს 1 თვე გაუცდება. "კვარა" ამ სეზონში ისეთი შედეგიანია, როგორც არასდროს - 6 შეხვედრა, 4 გოლი, 2 საგოლე პასი, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მონაგარი დღეს კიდევ უფრო გაიზრდება. გასულ სეზონში, "სპეციამ" "ნაპოლის" სტუმრად დამარცხება (1:0) შეძლო, თუმცა დღეს ბართლომეი დრაგოვსკისთვის კარის მშრალად შენახვა რთული იქნება, ნეაპოლელთა შემტევი ხაზი მრისხანედ გამოიყურება და მათ ანგარიშზე 6 შეხვედრაში 12 გატანილი გოლი ფიქსრიდება. "დიეგო მარადონას" სტადიონზე ხვიჩას მორიგ გაბრწყინებასა და გამორჩეულ შეხვედრას ველოდებით.

მიუნხენის "ბაიერნი" - "შტუტგარტი" (17:30)

იულიან ნაგელსმანის "ბაიერნი" ბუნდესლიგის მე-6 ტურში "შტუტგარტს" უმასპინძლებს. მიუხედავად კარგი დასაწყისისა, "რეკორდმაისტერი" მძიმედ გამოიყურება და ბოლო 2 შეხვედრა ფრედ დაასრულეს, თუმცა ხასიათი ჩემპიონთა ლიგაში გამოისწორეს და "ინტერი" სტუმრად 2:0 დაამარცხეს. მასპინძელთა რიგებიდან მინდორზე გასვლას კინგსლი კომანი ვერ შეძლებს, "წითლების" დანაკლისი ბევრად მასტაბურია: ტანგი კულიბალი, ლაურინ ულრაიხი, ნიკოლას ნარტეი და ლუკა პფაიფერი "ალიანც არენაზე" ტრავმების გამო, თამაშს ვერ მოახერხებენ. პელეგრინო მატარაცოს გუნდს ამ სეზონში გამარჯვება არ მოუპოვებია, 4 ფრე და 1 მარცხით მე-13 პოზიციაზე იმყოფებიან. "შტუტგარტმა" ბოლოს "ბაიერნი" 2018 წელს (4:1) დაამარცხა, გუნდების სათამაშო ფორმებისა და მოთამაშეების გათვალისწინებით, ამის გაკეთება დღესაც წარმოუდგენლად მოსჩანს...

"კადისი" - "ბარსელონა" (20:30)

ლა ლიგის მე-6 ტურში კატალონიის "ბარსელონა" "კადისს" ესტუმრება, ხავის გუნდი კარგ ფორმაშია და სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს, ჩემპიონთა ლიგაში "პლზენის" (5:1) განადგურების შემდეგ, "ბლაუგრანა" ჩემპიონატის აუტსაიდერის დამარცხებას შეეცდება. "კადისი" 4 დან 4 მარცხით ბოლო, მე-20 ადგილზე იმყოფება და როგორც ჩანს, მათი მთავარი საზრუნავი წელს ელიტაში ადგილის შენარჩუნება იქნება. "ბარსელონამ" ამ სეზონში დაცვაშიც და შეტევაშიც თამაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა - 11 გატანილი გოლი და მხოლოდ 1 გაშვებული. კლუბმა ზაფხულში სასურველი ფეხბურთელების გადმოსაბირებლად ენერგიულად იმუშავა და შედეგიც სახეზეა. შეხვედრის უპირობო ფავორიტად კატალონიური გუნდი ითვლება, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" დანაკლისი არ აქვთ და სათამაშოდ ყველა ფეხბურთელი მზადაა, აღსანიშნავია, რომ "ბარსა" მეტოქის დამარცხებას ზედიზედ 4 მატჩია ვერ ახერხებს, საინტერესოა შეძლებს თუ არა ხავის გუნდი განახლებული შემადგენლობით მოუგებელი სერიის შეწყვეტას.

"სამპდორია" - "მილანი" (22:45)

"როსონერი" "ლუიჯი ფერარის" სტადიონზე "სამპდორიას" ესტუმრება და მორიგი 3 ქულის მოპოვებას შეეცდება, სტეფანო პიოლის გუნდი სერია A-ში 11 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება, "შავ-წითლებმა" ჩემპიონთა ლიგური საღამო "ზალცბურგთან" დაპირისპირებით გახსნეს და ავსტრიაში ფრეს (1:1) დასჯერდნენ, რაც შეეხება მასპინძლებს, "სამპდორიამ" სეზონი ცუდად დაიწყო, "ლურჯებს" ჯერჯერობით გამარჯვება არ მოუპოვებიათ და გასავარდნ ზონაში - მე-18 პოზიციაზე იმყოფებიან, შეხვედრას დამატებით ინტრიგას სძენს მარკო ჯამპაოლოს ფაქტორიც, იტალიელი დამრიგებელი "მილანს" 2019 წელს წვრთნიდა, სწორედ მისი გათავისუფლების შემდეგ გახდა სტეფანო პიოლი "როსონერის" თავკაცი. თუ დღეს "სამპდორია" დამარცხდა, დიდი ალბათობით ჯამპაოლოს აღარ აპატიებენ და მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვენ. "მილანს" დღევანდელ შეხვედრაში ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ანტე რებიჩი, რადე კრუნიჩი და ალესანდრო ფლორენცი ვერ დაეხმარებიან. მასპინძელთაგან საეჭვოა "ტოტენჰემიდან" დამატებული ინგლისელი ნახევარმცველის ჰარი უინკსის თამაში. გუნდებს შორის გამართული ბოლო 2 შეხვედრა "შავ-წითლების" გამარჯვებით დასრულდა, "მილანი" დღესაც შეხვედრის ფავორიტად ითვლება.

11 სექტემბერი - კვირა

"ატალანტა" - "კრემონეზე" (14:30)

ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე" სერია A-ს ლიდერს "ატალანტას" დაუპირისპირდება, ჯან პიერო გასპერინის გუნდი 13 ქულით ცხრილის სათავეშია და მორიგი 3 ქულის მოპოვებას ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდთან შეეცდება. ლომბარდიელებმა ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ, პირველი ქულები გასულ კვირას, "სასუოლოს" წინააღმდეგ მოიპოვეს, დიდი ალბათობით, ლუკა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს. მასპინძლებს ბერატ ჯიმშიტი, სიმონე მურატორე და ხოსე ლუის პალომინო დააკლდებათ, საეჭვოა გუნდის ლიდერის დუვან ზაპატას თამაში. სტუმართაგან კი ყველა ფეხბურთელი მზადყოფნაშია. გუნდები ერთმანეთს ბოლოს 2016 წელს დაუპირისპირდნენ და "ლურჯებმა" იმ შეხვედრაში 3:0 იმარჯვეს, 6 წლის შემდეგ, შეხვედრის ფავორიტად კვლავ "ატალანტა" მოსჩანს, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი კვლავ დამაჯერებელ თამაშს ჩაატარებს.

მადრიდის "რეალი" - "მალიორკა" (16:00)

სამეფო გუნდი მორიგ ლა ლიგის მორიგ შეხვედრას "მალიორკას" წინააღდეგ გამართავს, კარლო ანჩელოტის გუნდი ამ სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება და 4 დან 4 გამარჯვებით ჩემპიონატს ლიდერობს. კიდევ ერთ გამორჩეულ სეზონს ატარებს კარიმ ბენზემა, ფრანგის ანგარიშზე 4 ჩატარებულ შეხვედრაში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა, "ბლანკოსი" მატჩს კარგი განწყობით ხვდება, რადგან ჩემპიონთა ლიგა "სელტიკთან" (3:0) გამარჯვებით დაიწყეს. რაც შეეხება "მალიორკას", ხავიერ აგირეს გუნდი 5 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება, გასულ ტურში კი "ოსასუნასთან" დამარცხდნენ, ორივე გუნდი შეხვედრას დანაკლისით ხვდება, "თეთრებს" კარიმ ბენზემა და ედერსონ მილიტაო დააკლდებათ, საეჭვოა ალვარო ოდრიოსოლასა და ხესუს ვალეხოს თამაშიც, სტუმრებს კი იდრისა ბაბა, დომინიკ გრიფი, ამატ ნდიაიე და ანხელ როდრიგესი გამოაკლდებათ. ბოლოს 2 შეხვედრაში "რეალმა" დღევანდელ მეტოქეს 9 გოლი გაუტანა და მხოლოდ 1 გაუშვა, დიდი ალბათობით, კვირას, "ბერნაბეუზე" ეს რიცხვი კვლავ გაიზრდება.






მკითხველის კომენტარები / 3 /
სად ვუყურო ნაპოლის თამაშს? ლინკი ჩააგდეთ
1
თუ ლუკა არ გაატანინებს ატალანტას, ამით ნაპოლისაც დაეხმარება...
ლაშა
12:36 10-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული