არაერთი პრობლემის ფონზე, ხვიჩა კვარაცხელია ახერხებს და მთელი ქვეყნისთვის დიდი, გამაერთიანებელი სიხარული მოაქვს. პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ჩვენებური ჩემპიონთა ლიგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ, როცა ლევან კობიაშვილმა "შალკეს" რიგებში ჰეთ-თრიკი შეასრულა, მსგავსი ჯილდო არ არსებობდა...
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ, როგორც ჩანს, იმას მიაღწია, რისკენაც აქამდე სულ მიილტვოდა და გუნდში ჰარმონიული ურთიერთობები ჩამოაყალიბა.
სპალეტის გუნდურობის ელემენტები კარგია, თუმცა მისი შენარჩუნება კიდევ უფრო რთული იქნება. მაგალითისთვის, ცენტრფორვარდის პოზიცია რომ განვიხილოთ. ჯაკომო რასპადორი კარგ ფორმაშია, როცა თავის შანსს იღებს; ჯოვანი სიმეონესაც გააქვს, თუმცა ვნახეთ ოსიმენის შემართება და შეუძლებელია, მან სასტარტოში მოსახვედრად ყველაფერი არ გაიღოს, თუკი ასე არ მოხდა კი, უკმაყოფილო არ დარჩეს. სპალეტის სწორი ბალანსის დაცვა და როტაცია დასჭირდება.
სეზონის წინ ამას რთულად თუ წარმოიდგენდნენ, თუმცა "ნაპოლიში" ძალიან დიდი კონკურენციაა, ფაქტობრივად, ყველგან არსებობს სათანადო შემცვლელი. სუბიექტურობას ნამდვილად არ დაგვწამებთ, თუკი იმას ვიტყვით, რომ შეტევის ხაზში უალტერნატივო კვარაცხელიაა. ჩრდილომაკედონიელი ელიფ ელმასი მას ცვლის, თუმცა იმ უნარებს ნამდვილად ვერ ამჟღავნებს (ნაკრებში გაცილებით პროდუქტიულია), ქართველ გარემარბთან სერიოზულ კონკურენციაზე იფიქროს. ცენტრფორვარდი განვიხილეთ, მარჯვენა ფლანგზე კი ირვინგ ლოსანომ ჩვეული ფორმა დაიბრუნა, რაც მატეო პოლიტანოს ძირითად თერთმეტეულში მოხვედრის შანსებს ამცირებს.
ნეაპოლური კლუბის მთავარი პრობლემა ახლა კოსოვოელი მცველის, ამირ რაჰმანის ტრავმაა. "აიაქსთან" ვნახეთ, რომ ბრაზილიელი ჟუან ჟესუსი მას სათანადოდ ვერ ცვლის და სავარაუდოდ, სპალეტი ისევ ახალგაზრდა ნორვეგიელს, ლეო ოსტიგარდს დაეყრდნობა.
ხვიჩა კვარაცხელია კი ყოველ მატჩში ისე ვითარდება, მთავარ მწვრთნელს მისი მოტივაციის ასამაღლებელი კრიტიკის პოვნა უჭირს, უკანასკნელი ორი შეხვედრის შემდეგ ხვიჩას ძალიან აქებს და მასთან მიმართებით "ვარსკვლავის" გამოყენებასაც აღარ ერიდება. ალბათ, ბოლომდე გააზრება ჯერ მაინც გვიჭირს, მაგრამ რასაც ახლა ვხედავთ, ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩემპიონთა ლიგაზე 17 წელი უგოლობაზე თუ ვწუწუნებდით, ახლა კვარაცხელია 17 გოლს არცთუ ისე შორეულ მომავალში გაიტანს. რა თქმა უნდა, ხვიჩასთვის მსგავსი რჩევის მიცემას არ ვაპირებთ, "ნაპოლის" მიმართ პატივისცემასაც გამოვხატავთ, თუმცა ის ნამდვილად ვიცით, მომავალში "კვარადონას" უფრო დიდ, სახელოვან და ისეთ კლუბში ვიხილავთ, სეზონის წინ ჩემპიონთა ლიგის მოგებას თამამად რომ ისახავს.