აქტიური კვარაცხელია - "ნაპოლიმ" "ოლიმპიკოზე" გაიმარჯვა და ლიდერობა განიმტკიცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-11 ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „რომა“ მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

ნეაპოლელთა ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია აქტიური იყო. მართალია, საგოლე მოქმედებით ვერ გამოირჩა, თუმცა ძალიან სასარგებლო გახლდათ.

პირველ ტაიმში ბევრი იყო ბრძოლა, გუნდები პრესინგს მიმართავდნენ, ერთმანეთს თავისუფალ ზონებს არ უტოვებდნენ და კვარაცხელიამდე ბურთი იშვიათად მიდიოდა. მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარისკენ, როდესაც ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და სმოლინგმა დაუბლოკა. 38-ე წუთზე ნდომბელე მეკარე პატრისიოსთან პირისპირ გავიდა, გაზონზე აღმოჩნდა, მსაჯმა ჯერ პენალტი დანიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გააუქმა.

შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ. ლოსანოს გატანა გოლკიპერმა
არ დაანება. ცოტა ხანში ხვიჩა ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა. მის დარტყმულ ბურთს ისევ სმოლინგი გადაეღობა და ვარდნაში გადაარჩინა თავისი გუნდი. 58-ე წუთზე „კვარაზე“ მოედნის ცენტრში თამაშის წესები დაარღვიეს, რაც რომაელთა მწვრთნელმა მოურინიომ გააპროტესტა და ყვითელი ბარათი მიიღო. მერე სწრაფი კონტრიერიშისას ოსიმენი პატრისიოსთან ერთი-ერთზე გავიდა და მიზანს ვერ უწია. სამაგიეროდ, უწია მე-80 წუთზე - მახვილი კუთხიდან გაიტანა და ნეაპოლელები დააწინაურა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშიდან გამომდინარე დედაქალაქელებს უნდა შეეტიათ, უპირატესობას "ნაპოლი" ფლობდა, უკეთესი გუნდი იყო და გაიმარჯვა კიდეც.

"ნაპოლიმ" ზედიზედ მეთერთმეტე შეხვედრაში იმარჯვა და 1986 წელს დამყარებული თავისი რეკორდი გაიმეორა - მაშინ ნეაპოლელთა რიგებში მარადონა თამაშობდა.

„ნაპოლი“ 29 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "მილანს" 3 ქულით უსწრებს და 29 ოქტომბერს ჩემპიონატზე „სასუოლოს“ უმასპინძლებს.

რომი. „ოლიმპიკო“

რომა - ნაპოლი 0:1
გოლი: ოსიმენი (80)

მკითხველის კომენტარები / 48 /
ჩეხვა უფრო იყო, ხვიჩას 2 კაცი ლანდივით დასდევდა ამიტომ ლოსანოს ფლანგს უფრო ტვირთავდნენ, ნაპოლის ეკუთვნოდა დ ამოიგო ოსიმენმა უმაგრესი გოლი შეაგდო, ხვიჩა ბოლომდე დატოვეს მოედანზე რადგან "კვარაცხელიას ეფექტი" გადასარევად მუშაობდა რომაზე...
საბა
00:56 24-10-2022
0
ვულოცავ ხვიჩას და ნაპოლს გამარჯვებას!!! მადლობა ღმერთს გადაურჩა ტრამვას!!! წარმატებები და წინსვლა ჩვენს ვარსკვლავს!!!
გულშემატკივარი
00:49 24-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული