"ეს არის ზუსტად ხვიჩას მთავარი ნიშა" - საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი "კვარაზე" საუბრობს

AutoSharing Option
90-ანი წლების საქართველოში ფეხბურთის თამაში სულაც არ იყო სიამოვნების მომგვრელი - განადგურებული ინფრასტრუქტურა, ჩამოშლილი ქვეყანა, გაყინული და მოუწესრიგებელი გასახდელები, ყანადქცეული მინდვრის საფარი...

თუმცა ფეხბურთისადმი სიყვარული ამ ყველაფერზე მაღლა იდგა. "ერთი ჩვეულებრივი სავარჯიშო დღე იწყებოდა დილის ვარჯიშით, შემდეგ პურის ან ნავთის რიგში უნდა ჩამდგარიყავი", - იხსენებს ლევან სილაგაძე, საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი...

ლევან სილაგაძის საფეხბურთო ისტორია მეტალურგთა ქალაქ რუსთავსა და ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს უკავშირდება. 1993-დან 1996 წლამდე რუსთავის "აზოტის" აკადემიაში ირიცხებოდა, შემდეგ იყო რუსთავის "მეტალურგი" და იმხანად პოპულარული ლატვიური კლუბი "სკონტო".

იქ მისი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი გახლდათ. "ის განათლებული და საქმის მოყვარული ადამიანია, - დასძენს ლევანი, - ბატონი რეზოსგან ვისწავლე საქმისადმი პროფესიული მიდგომა".

შემდეგ იყო ვლადიკავკაზის "ალანია", საიდანაც ისევ საქართველოში დაბრუნდა და თბილისის "ლოკომოტივსა" და ქუთაისის "ტორპედოში" ითამაშა, შემდეგ ისევ რუსეთი (ყაზანის "რუბინი"), მერე ისევ საქართველო და თბილისის "დინამო"...

ლევან სილაგაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 1998 წლიდან 2001 წლამდე იცავდა. ამ ხნის განმავლობაში მან 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ბოლნისის "სიონში" მხოლოდ ერთი წელი დაჰყო, როგორც ფეხბურთელმა, ამჟამად კი ამ კლუბის დირექტორის თანამდებობაზეა. ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებულმა "სიონმა" სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოახერხა უმაღლეს ლიგაში დაბრუნება...

...რომის ისტორიულ უბანში დავთქვით შეხვედრა. ლევანი იტალიას და "მარადიულ ქალაქს" რამდენიმე დღით, "ნაპოლი"-"რეინჯერსის" მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას საქომაგოდ ესტუმრა. მანამდე კი, რომის ქუჩებში ქართული ფეხბურთის ავ-კარგზე საუბარი განსაკუთრებით სასიამოვნოა იმის ფონზე, როცა გააზრებული გაქვს ფაქტი - ამ სეზონში სერია A-ში ორი ქართველი ფეხბურთელის თამაშით ვხარობთ...

"ფეხბურთის საბჭოურ სკოლაში ფიზიკური მომზადება მაღალ დონეზე იყო, - ამბობს ლევანი და თან ვცდილობთ, ტურისტული უბნის ხმაურიან ქუჩაზე ერთმანეთს სიტყვები უკეთ გავაგებინოთ, - ვინც ეს სკოლა გამოვიარეთ, სხვებისგან მოედანზე გამძლეობა გამოგვარჩევდა, ტექნიკის ხარისხზე რომ აღარაფერი ვთქვა.

ეს ჩვენ, ქართველებს, ბუნებრივად გვაქვს. ბურთის ფლობა, ბურთთან მისვლა, მისი მიღება და დამუშავება - ეს ის კომპონენტებია, რაც ჩვენ დიდი შრომის გარეშე გამოგვდის. საკმარისია თუნდაც გიორგი ქინქლაძე ვახსენო, რომლის ტალანტი და რომლის მიერ ნათამაშები ფეხბურთი დღესაც ბევრს აღაფრთოვანებს.

ხშირად თავს ვიწონებთ იმის თქმით, რომ ვართ ნიჭიერი ერი. შემდეგ ეს ნიჭი ფართო მასებამდე ვერ მიგვაქვს. ჩვენი ქვეყნის შიდა მდგომარეობაც, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს. მუდმივად არასტაბილური გარემო, ცვლილებები... ლოგიკურია რომ ისეთ სპორტის სახეობაზე, როგორიც ფეხბურთია, ეს უარყოფითად აისახება. ფეხბურთი არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც მუდმივად კვება, მუდმივად განვითარება და სწორი მიდგომა ესაჭიროება".

ტალანტების სამჭედლო

"გარდა იმისა რომ ქართველებს ტალანტი არ აკლიათ, მათ აქვთ დიდი პიროვნული, შინაგანი კულტურა, რასაც ხშირად ვავლენთ კიდეც, - ამბობს ჩემი რესპონდენტი, - 21 წლის ხვიჩას მაგალითიც საკმარისია ამის დასანახად. მისი განვითარება ეტაპობრივად მოხდა. ჩვენი ფეხბურთის პლუსი და დიდი სკოლა არის ქუჩის ფეხბურთი. ქუჩაში მოთამაშე ბავშვი არის ლაღი, თავისუფალი, აკეთებს იმას, რაც სურს.

ეს არის ზუსტად ხვიჩას მთავარი ნიშა. ის ლაღია, თავისუფალი და მოედანზე თავს კომფორტულად გრძნობს. ზურიკო დავითაშვილი ფრანგულ ფეხბურთში ცდილობს, ქართული ნიშა დატოვოს. ლუკა ლოჩოშვილის შემთხვევაც საინტერესოა იმ მხრივ, რომ მან თავის კლუბში გასულ წელს შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. ამან კი მისით იტალიელების დაინტერესება გამოიწვია.

მან პირველივე მატჩებიდან დაგვანახა, რომ დაცვის ხაზში ანგარიშგასაწევი ძალაა. თბილისის "დინამოს" აკადემიის აღსაზრდელებიდან ლუკა პარკაძის "ბაიერნში" მოხვედრა ის ნათელი წერტილია, რომელიც ქართული ფეხბურთის ბნელი გვირაბის ბოლოს ჩანს.

ჩვენთან უწყვეტად მოდიან თაობები, რომელთაც ტალანტი აქვთ. ამისათვის საჭიროა ამ ცოცხალი და მუდმივად ცვალებადი ორგანიზმის სწორად განვითარება, ფინანსური რესურსის შექმნა... ეს კი, თავის მხრივ, მოგვცემს შედეგს, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უახლოეს პრესტიჟულ ტურნირზე თამაშის უფლება შესარჩევი ეტაპის დაძლევით მოიპოვოს.

დღეს სასიამოვნოა ისიც, რომ ეროვნულ ნაკრებში ახალი თაობა გამოცდილი ფეხბურთელების გვერდით თამაშობს და ვითარდება. საბედნიეროდ, ნაკრებს ჰყავს ღირსეული მწვრთნელი, პერსპექტიული თაობა და ჩვენ აუცილებლად გვაქვს წარმატების პერსპექტივა"


მკითხველის კომენტარები / 1 /
იდეა: ლუჩანო სპალეტის ხობი ყოფილა ხელით ნაკეთი ჩაქუჩების შეგროვება.
ვისაც შეგიძლიათ დაამზად(ებინ)ეთ ჩაქუჩი ჩურჩხელის მასალებისგან (ჩაქუჩის ფორმის ჩურჩხელა) და გაუგზავნეთ სპალეტის "სპორტალ.გე"-ს გამომწერთა სახელით.
ვაჟა მასწავლებელი
17:00 25-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული