ტალანტების კალენდარი - Transfermakt-ის რუბრიკაში პარკაძე ბელინგემის გვერდით მოხვდა

AutoSharing Option
როგორც გაცნობეთ, თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილი ლუკა პარკაძე 2023 წლის 1-ელ ივლისს მიუნხენის "ბაიერნს" შეუერთდება, 17 წლის ნახევარმცველმა გასულ ზაფხულს "რეკორდმაისტერთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ცნობილმა გამოცემა Transfermarkt-მა პარკაძეს ვრცელი სტატია მიუძღვნა და საახალწლო რუბრიკა "ტალანტების კალენდარში" ჯუდ ბელინგემის გვერდით მოხვდა.

"2000-იანი წლების დასაწყისში ქართველმა ფეხბურთელებმა ბუნდესლიგა მოაჯადოვეს, ამ პერიოდში "ფრაიბურგის" შემადგენლობაში 4 ქართველი ფეხბურთელი: ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი და გიორგი კიკნაძე ირიცხებოდნენ. 2014 წლის შემდეგ, რაც კობიაშვილმა "ჰერტა" დატოვა, ბუნდესლიგაში ქართველს აღარ უთამაშია. "ბაიერნმა" არც ისე დიდი ხნის
წინ ამ ქვეყნის უდიდესი ტალანტი გაიფორმა.

ლუკა პარკაძე 17 წლისაა და საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, თბილისის "დინამოს" აღზრდილია. აგვისტოს ბოლოს ეროვნულ ლიგაში ლუკას დებიუტი შედგა. 2016 წლიდან "დინამოს" რიგებში შვიდმა ისეთმა ფეხბურთელმა ითამაშა, რომლებიც ლუკაზე მცირე ასაკის იყვნენ.

ახალგაზრდა ნახევარმცველი განსაკუთრებულ თვისებებს ბურთით მოძრაობისას ავლენს. პარკაძეს მდიდარი ტექნიკური არსენალი და კარგი პასის კულტურაც გააჩნია, მაგრამ მისი მთავარი პლუსი სიჩქარეა. 3 შეხვედრაში, რომელიც მან ეროვნულ ლიგაში ჩაატარა, სწორედ ფლანგზე ასპარეზობდა, რათა გუნდის შეტევების ტემპი უფრო მაღალი ყოფილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ გოლის გატანა ვერ შეძლო, მცველებს მის წინააღმდეგ თამაში ძალიან უჭირდათ. ერთ-ერთი კომპონენტი, რაშიც ლუკას აუცილებლად მოსამატებელი აქვს, ეს დაცვაში თამაში და ტაქტიკური განსწავლულობაა. ნახევარმცველის თამაში დღეს ყველაზე ცნობილ და იმედისმომცემ ქართველს, ხვიჩა კვარაცხელიას მოგვაგონებს. 21 წლის ფეხბურთელი ასევე თბილისის "დინამოს" აღზრდილია და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება.

მიუნხენელ გულშემატკივრებს უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ პარკაძეც "კვარას" მსგავსად განვითარდება".

"ლუკას დიდი ხანია ვიცნობთ, მან "ბაიერნის" კამპუსში საცდელ ვარჯიშებზე ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. ამიტომ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ასეთი ფეხბურთელის გაფორმება შევძელით" - განაცხადა "რეკორდმაისტერის" ახალგაზრდული აკადემიის ხელმძღვანელმა იოხენ ზაუერმა.

ყოველი წლის დეკემბერში Transfermarkt-ი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელების სიას აქვეყნებს და მათ შესახებ წერს. პარკაძე კი სწორედ ამ რუბრიკის "ტალანტების კალენდრის" 14 დეკემბრის ნომერში მოხვდა, აღსანიშნავია, რომ ამავე სიაში ადგილი "დორტმუნდისა" და ინგლისის ნაკრების ვარსკვლავმა ჯუდ ბელინგემმაც დაიმსახურა.

alt"გარდიანმა" ლუკა პარკაძე 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ ბიჭის. მიუნხენის "ბაიერნი" ტყუილად არავის გაიფორმებს. თან ამ სუპერკლუბის საფეხბურთო სკოლა ხომ საერთოდ უდიდესი პერსპექტივაა ფეხბურთელისთვის.
ირაკლი
14:11 15-12-2022
0

სიახლეები პოპულარული