როცა ოსიმენი შეუჩერებელია - "იუვენტუსთან" "ნამდვილი" კვარაცხელია უნდა ვნახოთ!..

AutoSharing Option
"ნაპოლიმ", მართალია, არცთუ ისე ძლიერ მეტოქესთან, თუმცა თამაშის ის ელემენტები გვაჩვენა, რითაც მიმდინარე სეზონის პირველ ნაწილში თავი დაგვამახსოვრა. ჩანს, რომ ლუჩანო სპალეტი თითოეული ფეხბურთელის ფსიქოლოგიურ განწყობაზე ბევრს მუშაობს. "სამპდორიასთან" გამარჯვებამ (2:0) საინტერესო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა მოგვცა.

უმთავრესი მაინც ისაა, რომ ნეაპოლელთა კრიზისის შესახებ საუბარი არ გვიწევს. გენუაში ქულების დაკარგვის შემთხვევაში, წინა სეზონის დეჟა ვუს განცდა გვექნებოდა, როცა რაღაც მომენტში სპალეტის გუნდმა ლიდერობა, თავდაჯერება და საკუთარი თამაში დაკარგა. უახლეს მდევრებთან სხვაობა 7 ქულაა და წინა ტურში მარცხის მიუხედავად, ყველაფერს ჯერ კიდევ
"ნაპოლი" აკონტროლებს.

შემადგენლობის შერჩევისას სპალეტიმ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. პირველ რიგში, ელიფ ელმასი პირველივე წუთებიდან ათამაშა და მანაც დაამტკიცა, რომ მინდვრის შუაში უფრო პროდუქტიულია. რაც შეეხება მარცხენა მცველს, მარიო რუიმ სეზონში უკვე მე-6 საგოლე პასი ჩაიწერა. შესაძლოა, მატიას ოლივერა მთელ ფლანგს მეტად ითვისებს და შეტევის გაგრძელებას კვარაცხელიას მეშვეობით უფრო წარმოუდგენია, თუმცა რუი გაცილებით პროდუქტიულია და სავარაუდოდ, მომავალში აქ როტაცია ნაკლებად იქნება. ამიტომაც გვიკვირდა, "ინტერთან" პორტუგალიელი მცველი მინდორზე საერთოდ რომ ვერ ვიხილეთ.

ადრეც დავწერეთ, რომ კონკურენცია კარგი და აუცილებელია, თუმცა ზედმეტი როტაცია ზოგჯერ უარყოფით ეფექტს იძლევა. კაცნაკლულად მოთამაშე "სამპდორია" იდეალურ ბარომეტრად მაინც ვერ გამოდგება და მუნდიალის პაუზამდე გამორჩეული ნეაპოლელები ჯერ ფორმაში არ არიან. მაგალითად, დაცვის ცენტრში კიმი-რაჰმანის დუეტი გაუვალი და უალტერნატივო იყო. გენუური მატჩის პირველ ნახევარში სამხრეთკორეელმა მეორე სართულზე რამდენიმე ორთაბრძოლა წააგო და შესვენების შემდეგ რაჰმანი ვიხილეთ, რომელიც თავის მხრივ, წინა შეხვედრაში ვერ ბრწყინავდა. ამას პოლონელი ბერეზინსკის ტრანსფერი დავამატოთ და გამოვა, რომ ნეაპოლელთა დამრიგებელი ამ მნიშვნელოვან დროს მაინც იდეალური წყვილის ძიებაშია, რომელსაც უახლოეს და მნიშვნელოვან მატჩში "იუვენტუსის" წინააღმდეგ დაეყრდნობა.

რაც შეეხება ნახევარდაცვას, პიოტრ ზელინსკის სათადარიგოთა შორის გადასმა და ცოტა ხნის წინ შეუცვლელად რომ ჩანდა, სპალეტიმ იმ სამეულის "დაშლა" გაბედა, თუმცა იდეალურ ფორმაში არც ზამბო ანგისაა (იმის მიუხედავად, რომ "სამპდორიასთან" პენალტი მოიპოვა). წინ სეზონის ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩია და საინტერესოა, "იუვენტუსის" წინააღმდეგ რა შემადგენლობას ვიხლავთ. ელმასს პენალტის დარტყმის შესაძლებლობა მიეცა და აშკარაა, მისი განწყობა გაუმჯობესდება.

ამ ეტაპზე ცოტა დრო ჯაკომო რასპადორს ეძლევა. ეს იმ ფონზე, როცა მოსამზადებელ ეტაპზე შედეგიანი იყო. მარჯვენა ფლანგზე ვერც მატეო პოლიტანო ბრწყინავს და ვერც ირვინ ლოსანო და საინტერესოა, ჯაკომოს ამ პოზიციაზე გამოცდა მთავარ მწვრთნელს რამდენად წარმოუდგენია. თუმცა, ისევ იმას დავუბრუნდებით, რომ ტურინელებთან დაპირისპირებისთვის ამხელა სიახლე და ერთგვარი ექსპერიმენტი მაინც არასწორი იქნება.

"სამპდორიასთან" მატჩი ვიქტორ ოსიმენისთვის ძალიან კარგი იყო. მას ყველაფერი გამოუვიდა. ნიგერიელი "ინტერთან" მართლაც ვერ ვიცანით, ახლა კი, ტრადიციულად, მონდომებული იყო, ბევრს მოძრაობდა, სივრცეებს ქმნიდა და დრიბლინგები შემოგვთავაზა. ის ბომბარდირობისკენ მიიწევს, თუმცა მას შემდეგ, რაც თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, მთავარი მწვრთნელი საჭიროდ აღარ მიიჩნევს, პენალტები მან შეასრულოს, მიუხედავად იმისა, რომ ამით ოსიმენს ჩემპიონატის საუკეთესო გამტანის შანსები მკვეთრად გაეზრდება. თავად ფორვარდმაც მაქსიმალურად მოთოკა ის ეგოისტური ქმედებები და თამაში, რომელიც სეზონის დასაწყისში უფრო საგრძნობი იყო.

Sportall.Ge

ჩვენი "ტკბილი ლუკმა" ბოლოსთვის შემოვინახოთ. ვისთვისაც ფეხბურთი მხოლოდ გოლია ან კვარაცხელიას ახლა იდეალურ ფორმაში არყოფნა განგაშის საფუძველს აძლევს, მათთვის რაიმის ახსნა რთული იქნება. ხვიჩას მონდომება არ დაუკლია, რამდენჯერმე ართმევაზე კარგად გაისარჯა. მასთან ახლოს თამაშს, კაცნაკლულად დარჩენის მიუხედავად, ორი მეტოქე ცდილობდა, რაც თანაგუნდელებს მეტ თავისუფლებას აძლევდა; ჩვენებური კვლავ შეტევაზე დაგეშილი იყო. შესაძლოა, დრიბლინგი ყოველთვის არ გამოგივიდეს, გარკვეულ ეპიზოდებში უკეთ დარტყმა შეეძლო და მისგან მეტი სიზუსტე გვინახავს კიდეც.

მიუხედავად იმისა, რომ "კვარას" მტკიცე ხასიათის შესახებ ვიცით, ის ალბათ მაინც როგორ განიცდის ამ პერიოდს და ლუჩანო სპალეტიც მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს. როგორც გავიგეთ, ჩვენებურს შეეძლო, პირველი პენალტის შესრულება საკუთარ თავზე აეღო, თუმცა ის არაა ის ტიპაჟი, თანაგუნდელებთან კომუნიკაციის შემდეგ მათ არაფერი დაუთმოს. შეუძლებელია, ეს მშრალი სერია დაუსრულებლად გაგრძელდეს, ხვიჩა ჩვეულ ფორმას აშკარად იბრუნებს და იქნებ "იუვენტუსთან" მატჩი იყოს ის, სადაც "კვარადონა" ყველას დაადუმებს, მისი გუნდი კი ჩემპიონობისთვის დიდ ნაბიჯს გადადგამს!..

Sportall.Ge

ჩვენ თავიდანვე ვწერდით, რომ კვარაცხელიამ თამასა სტარტიდანვე ძალიან მაღლა ასწია, მასზე მთელი საფეხბურთო ევროპა საუბრობს და მის მიმართ მოთხოვნები სულ უმაღლესი იქნება. გასულ ზაფხულს "მილანმა" "ბრიუგედან" 21 წლის შარლ დე კეტელაარი გაცილებით ძვირად და დიდი იმედებით იყიდა, ვიდრე "ნაპოლიმ" ხვიჩა. მისი შედეგი 15 მატჩში მხოლოდ ერთი "ასისტია" და მის ირგვლივ ყველანი ჯერ კიდევ დარწმუნებული არიან, რომ ბელგიელი აკლიმატიზაციას გაივლის და მოლოდინისამებრ ათამაშდება. წარმოიდგინეთ, რომ ქართველ გარემარბს ეს ე.წ. გამოსაცდელი დრო არც კი დასჭირვებია და ახლა მხოლოდ იმაზე "ვწუწუნებთ", ორი მატჩია გოლი რომ ვერ გაუტანია.

13 იანვრის (23:45 სთ) დაპირისპირებას ყველა მართლაც მოუთმენლად ველით, სკუდეტოსთვის "ნაპოლის" ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი სწორედ "იუვენტუსია".

altხვიჩამ უკეთ ითამაშა, "ნაპოლიმ" გაიმარჯვა და "იუვენტუსთან" სუპერმატჩი ელის [VIDEO]

altსპალეტი: პენალტი კვარაცხელიას უნდა დაერტყა - დღეს შესანიშნავად ითამაშა

მკითხველის კომენტარები / 16 /
პირველ რიგში მინდა რომ წარმატება ვუსურვო კვარას.მეორეს რაც შეეხება ვინ ფეხბურთი იცის 'დამეთანხმება რომ წარმოუდგენელია ფეხბურთელმა 2 თვე არ ითამაშოს და მან ფორმა შეინარჩუნოს.მჯერა რომ თანდათან შევა ფორმაში და ისევ გაახარებს არა მარტო ქართველ გულშემატკივრებს.
ლევანი
23:01 10-01-2023
0
ვფიქრობ, ძირითადიდან დაიწყებს ხვიჩა იუვენტუსთან. სპალეტი კარგი ფსიქოლოგია და იცის, რომ უნდა გაამხნევოს ახალგაზრდა და ემოციური ფეხბურთელი (აბა უემოციო ჰოლანდს რა გამხნევება დასჭირდება, რობოტივითაა :)).
როცა ხვიჩა ბრწყინავდა, მაშინ სპალეტი აკრიტიკებდა - თავში არ აუვარდესო. ეხლა კი, აქებს, რომ გვერდში დგომა დაანახოს.
ბოლო-ბოლო, სპალეტიმ იცის თავისი საქმე და ამიტომაა ნაპოლის მწვრთნელი . . . და არა მე, ან ვინმე სხვა, ვინც აქ ვაკომენტარებთ. :)
მიშა
10:50 10-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული