ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო 13 იანვრის დაპირისპირებას განსაკუთრებით ველით. ქართველი გარემარბი ოპტიმალურ ფორმას იბრუნებს და ტურინულ გრანდს მისგან ბევრი ხიფათი ემუქრება. ლუჩანო სპალეტისა და მასიმილიანო ალეგრის დუელი ცალკე საუბრის ღირსია.
"იუვენტუსს" "სტადიო მარადონაზე" (მანამდე ამ არენას 4 სახელი ერქვა, ბოლოს კი "სან პაოლო") თამაში ძალიან უჭირს. Sportall.ge გთავაზობთ 5 საუკეთესო შეხვედრას,
26.10.2007 წელი
"ნაპოლი" - "იუვენტუსი" 3:1
გოლები: 0:1 დელ პიერო (46), 1:1 გარგანო (48), 2:1 დომიზი (62,პენ), 3:1 დომიზი (69, პენ)
ტურინელებმა ამ სეზონში მე-3 ადგილი დაიკავეს და "ინტერსა" და "რომას" საკმაოდ ჩამორჩნენ, "ნაპოლიმ" კი 2006-07 წლების გათამაშება ცხრილის შუაში დაასრულა. 2007 წლის 27 ოქტომბერს ჩატარებული შეხვედრის მეორე ნახევარი ძალიან საინტერესო გამოდგა. სტუმრები ლეგენდარულმა ალესანდრო დელ პიერომ დააწინაურა, თუმცა ნეაპოლელებმა თამაშის გარდატეხა მოახერხეს. მატჩში მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი გააფრთხილეს და მან საკუთარ კარში ორი თერთმეტმეტრიანიდან ამდენივე გოლი მიიღო.
25.03.2010
"ნაპოლი" - "იუვენტუსი" 3:1
გოლები: 0:1 კიელინი (7), 1:1 ჰამშიკი (51), 2:1 კვალიარელა (72), 3:1 ლავეცი (88)
ეს სეზონი ორივე გუნდმა ცხრილის შუა ნაწილში დაასრულა, 25 მარტს ჩატარებულ მატჩში კი ასევე ტურინელები დაწინაურდნენ. ორივე გუნდში არაერთი საინტერესო ფეხბურთელი გამოდიოდა - ტრეზეგე, გროსო, დიეგო; ნეაპოლელთა შეტევის სამეულში კი ჯერ ედინსონ კავანი არ შედიოდა და გოლი ფაბიო კვალიარელამ გაიტანა. ვალტერ მაცარიმ ალბერტო ძაკერონს სამწვრთველო დუელში აჯობა.
09.01. 2011
"ნაპოლი" - "იუვენტუსი" 3:0
გოლები: კავანი (20,27,54)
2011 წლის დასაწყისში გამართული დაპირისპირება ედინსონ კავანის ნამდვილ ბენეფისად იქცა. ესაა საუკეთესო სცენარი, რაც კი ახლა ქართველმა გულშემატკივრებმა შეიძლება წარმოიდგინონ. ურუგვაელი ფორვარდის გზა, რომელიც ამჟამად გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელია, მართლაც ბრწყინვალე იყო. ხსენებული მატჩი ის სეზონია, როცა ნეაპოლელებმა სკუდეტოსთვის მაქსიმალურად დიდხანს იბრძოლეს, თუმცა სანუკვარი მესამე ჯილდო მაინც ვერ მოიპოვეს და 2010-11 წლების გათამაშება მე-3 ადგილზე დაასრულეს. ამ დროის "იუვენტუსში" გამორჩეული მოთამაშეები ნაკლებად იყვნენ.
05.04. 2017
"ნაპოლი" - "იუვენტუსი" 3:2
გოლები: 0:1 იგუაინი (33), 1:1 ჰამშიკი (52), 1:2 იგუაინი (59), 2:2 მერტენსი (61), 3:2 ინსინიე (67)
იტალიის თასის ნახევარფინალური მატჩი გონსალო იგუაინის ბენეფისად იქცა, არგენტინელმა ყოფილ კლუბს საშინაო არენაზე დუბლი შეუსრულა, რითაც ადგილობრივი ტიფოზები ძალიან გააბრაზა. "ბებერმა ქალბატონმა" ორი მატჩის ჯამში 5:4 გაიმარჯვა და თასის ფინალში გავიდა.
03.03.2019
"ნაპოლი" - "იუვენტუსი" 1:2
გოლები: 0:1 პიანიჩი (28), 0:2 ჩანი (39), 1:2 კალეხონი (61)
ამ გუნდების მიერ ნეაპოლში ჩატარებულ მატჩებში "იუვენტუსმა" ბოლოს 2019 წელს გაიმარჯვა. შეხვედრა მასპინძლებისთვის ძალიან ცუდად დაიწყო - მეკარე ალექს მერეტი, რომელიც ახლაც მთავარი კიპერია, პირველივე ტაიმში გააძევეს. მეორე ნახევარში ვადაზე ადრე მინდორი გოლის ავტორმა მირალენ პიანიჩმაც დატოვა. მატჩის მიწურულს ლორენცო ინსინიემ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და შეხვედრა ვერ გადაარჩინა. ამ წელს "ნაპოლიმ" მეორე ადგილი დაიკავა და "იუვეს" მთელი 11 ქულით ჩამორჩა.
შეგახსენებთ, იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში "ნაპოლი" და "იუვენტუსი" 13 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაუპირისპირდებიან.
როცა ოსიმენი შეუჩერებელია - "იუვენტუსთან" "ნამდვილი" კვარაცხელია უნდა ვნახოთ!..