ხვიჩას შეჩერება მხოლოდ ხვიჩას შეუძლია - კვარაცხელიას განეიტრალება ალეგრის მთავარი ამოცანაა

AutoSharing Option
13 იანვარს, სერია A-ს მე-18 ტურში, „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ უმასპინძლებს და ცხადია, მასპინძლებს სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და შესაძლოა, ყველაზე რთული მატჩი ელით. ტურინელებმა იტალიის პირველობაზე ზედიზედ რვა გამარჯვება გოლგაუშვებლად იზეიმეს. მართალია, გაჭირვებითა და წვალებით იგებენ და არა ლაღად და თავისუფლად, მაგრამ მათთან თამაში ძნელია და ბევრი რამ ხვიჩა კვარაცხელიაზე იქნება დამოკიდებული. ხვიჩას განეიტრალება „იუვეს“ მთავარი ამოცანაა, რომელიც წაგების შემთხვევაში ლიდერს უკვე ათი ქულით ჩამორჩება და საჩემპიონო რბოლას, ფაქტობრივად, გამოეთიშება. თუმცა „კვარას“ შეჩერება მხოლოდ „კვარას“ შეუძლია. რატომ? შევეცდები, ჩემი სუბიექტური მოსაზრება განგიმარტოთ.

ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, ვთვლი, რომ კვარაცხელიას მსგავსი შემტევი თანამედროვე ფეხბურთში ბევრი არ არის, თანაც ისეთი, რომელიც თავისი ლამაზი თამაშით ასეთ სიამოვნებას ანიჭებს გულშემატკივარს. იდეალური გარემარბი იდეაში რომ შექმნა, სწორედ ასეთი მონაცემებისა უნდა იყოს, პრაქტიკულად უნაკლო: აქვს მოედნის შესანიშნავი ხედვა, პასი, დრიბლინგი, შეუძლია მეურვის მოტყუება, კარში დარტყმა, გოლების გატანა და ფიზიკურადაც ძლიერია. ერთადერთი, რაც ჯერჯერობით არ გამოსდის, ეს საჯარიმოების უზადოდ შესრულებაა და ღმერთმა ისეთი ნიჭით დააჯილდოვა, დროთა განმავლობაში ამასაც მოახერხებს. ეს არაა პრობლემა, პრობლემა მოცემულ მომენტში მისი სათანადო ფორმაში არყოფნაა. ტრავმის შემდეგ თითქოს მოახერხა აღდგენა, მაგრამ ბოლომდე ვერ ჩადგა მწყობრში, ჯერ კიდევ რაღაც აკლია და მახსენდება, „რუბინში“ ჩავარდნის პერიოდი როდესაც ჰქონდა. მაშინ ბათუმის „დინამოში“ დაბრუნებულმა გადალახა ფსიქოლოგიური ბარიერი. ახლაც გარკვეულწილად იგივე სიტუაციაშია და საინტერესოა, როგორ წარმოაჩენს თავს ხვალინდელ დაპირისპირებაში.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე „ბიანკონერის“ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის კითხვა დაუსვეს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ქართველს, რაზეც მიუგო, რომ ჯერ არ იცის და, ფაქტობრივად, პასუხის გაცემას თავი აარიდა. ამ დროს, რა თქმა უნდა, გეგმა აქვს: ხვიჩას პერსონალური მეურვე დანილო იქნება, მას უესტონ მაკენი და ადრიენ რაბიო დააზღვევენ, თუ საჭირო გახდა - დანიელე რუგანიც (სიტუაციის მიხედვით მონაცვლეობით).

ზოგიერთის აზრით, ხვიჩამ სეზონის პირველ ნახევარში მოულოდნელობის ეფექტით ისარგებლა, ახლა კი მის სტილს ალღო აუღეს, უფრო ახლოს ეთამაშებიან, გასაქანს არ აძლევენ და ძველებურად ეფექტური ვერ იქნება. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, როცა სამი-ოთხი მოწინააღმდეგე მის განეიტრალებაზეა კონცენტრირებული, სხვებს ეძლევათ უფრო თავისუფლად მოქმედების საშუალება და სიტყვაზე, სულ რომ არაფერი გააკეთოს, მისი მოედანზე ყოფნაც კი სასარგებლოა. და კიდევ ერთი - ეს მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის საქმეა, მაგრამ არ არის კვარაცხელიას ბოლომდე დაცვითი ფუნქციებით დატვირთვა აუცილებელი, ვინაიდან მეტოქის კარზე იერიშების მისატანად ენერგიის დაზოგვა სჭირდება და თანაც, როდესაც ვიზავი შეტევაზეა, ქართველს უმეთვალყურეოდ ვერ დატოვებენ და სრული ძალებით ვერ წავლენ წინ.

მოკლედ, დიდი მატჩი გველის და იმის გათვალისწინებით, რომ „ნაპოლი“ მასპინძელია, ხვიჩას მეურვეებს მსაჯი ვერ მისცემს უხეშობის უფლებას. თუ ის ჩვეულად გაირჯება, მისი შემჩერებელი არავინაა, მან შეიძლება საკუთარი თავი მხოლოდ თვითონ შეაჩეროს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ახალი რეალობა შეგვიქმნა ხვიჩამ, აღტკინებით, გულისფანცქალით ველოდებით ნაპოლის თამაშებს. ხვიჩას საჯარიმოებამდე კიდევ ბევრზე აქვს სამუშაო- იმ მწვერვალზე რომ ავიდეს ჩვენ რომ გვინდა... პირველი ფიზიკა-გამძლეობაა, ევროპაში თავგამოჩენილ თავის ასაკის ბიჭებს ჯერჯერობით ჩამორჩება ფიზიკაში, სხვა უნარებში კი აღემატება, ფიზიკურ ორთაბრძოლებში უჭირს თავისი უნარების დემონსტრირება, რუბინიდან ვადევნებ თვალს და სლუცკიც ურჩევდა დარბაზში მეტი ევარჯიშა, მესი პატარაა მაგრამ უჭირთ წაქცევა, მარადონა ხომ ფენომენი იყო, კოჭები ძლიერი ქონდა და მყარად იდგა- სულაქველიძემაც აღიარა რამდენჯერმე წასაქცევად დავეჯახე და ძვრა ვერ ვუყავიო... წუთებს ვითვლი თამაშამდე, პოზიტივს ველოდები , იფრინე ხვიჩა...
გუსანი
22:19 12-01-2023
1
ნიკალა მართალი ხართ, მაგრამ ეს თქვენი ძალიან კარგი ანალიზური სტატია როგორმე უნდა ითარგმნოს იტალიურად და იტალიაში გავრცელდეს - ეფექტი მეტი ექნება!!!
ხვიჩას კი ვთხოვ გაითველისწინოს, რომ ხვალ ღამით "ჩვენი ახალი წელი" დგება!
ვაჟა მასწავლებელი
17:53 12-01-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული