კვარაცხელიას დიდოსტატობა შედეგიანად არ დასრულდა - ხვიჩა ზუსტად 1 წლის წინ და ახლა...

AutoSharing Option
13 იანვარს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" "სალერნიტანას" მძიმე ბრძოლაში (2:1) აჯობა. ქართველ გარემარბს გატანა ორჯერ შეეძლო - ერთხელ საგოლე შანსი დიდოსტატური თამაშის შემდეგ შეექმნა, პაუზაც დროული იყო, თუმცა... ნეაპოლელები ახლა ქვეყნის სუპერთასისთვის იბრძოლებენ, სადაც ერთ შეხვედრას ჩაატარებენ თუ ორს, მალე გაირკვევა. ამის შემდეგ "ლაციოსთან" დაპირისპირებაა, რომელსაც "კვარა" დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს...

ზუსტად ერთი წლის წინ, 2023 წლის 13 იანვრის საღამოს, ხვიჩა კვარაცხელიამ "იუვენტუსთან" გაიბრწყინა. მომავალმა ჩემპიონებმა დიდი ანგარიშით (5:1) გაიმარჯვეს. 77-ე ნომერმა გაიტანა, ორი "ასისტიც" შეასრულა და მონაწილეობა, ფაქტობრივად, ყველა გოლში მიიღო.
ჩვენ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ შემოგთავაზოთ ერთი წლის წინ გამოქვეყნებული სტატია, გავიხსენოთ ის პერიოდი და დღევანდელთან შედარებას თავადაც მოახდენთ...

"ნაპოლი"-"იუვენტუსის" (5:1) შეხვედრა და ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალება თავიდან არ ამოგვდის. ჩვენი მატჩისწინა მიმოხილვებიდან აშკარად იგრძნობოდა, რომ "იუვენტუსთან" ქართველი გარემარბის დასამახსოვრებელ მატჩს ველოდით. მოლოდინები სრულად გამართლდა. "კვარადონა" ყველაფერს აკეთებდა, რათა ტრავმამდე არსებულ სათამაშო ფორმას დაბრუნებოდა და მიზანსაც მიაღწია.

მატჩი

მასიმილიანო ალეგრის გუნდს ამ შეხვედრამდე კარგი სერია კი ჰქონდა, თუმცა "იუვენტუსს", გარკვეულწილად, მაინც უმართლებდა, რითაც ქულების დაკარგვას თავიდან იცილებდა. "ბებერი ქალბატონი" ეცადა, ნეაპოლელების წინააღმდეგ "ინტერის" სტილში ეთამაშა, მეტოქისთვის სივრცეები მაქსიმალურად შეეზღუდა და შემდეგ, როცა საკუთარი შანსები ექნებოდა, მის გამოყენებაზე ეფიქრა. ისინი ხომ "ნაპოლიზე" პრაგმატულები არიან და შედეგის მიღწევაც იციან. ამის მიუხედავად, ლუჩანო სპალეტის ფეხბურთელებმა თავისუფალი ზონების მოძებნა მაინც მოახერხეს და მოწინააღმდეგეს საწყის 45 წუთში ორი გოლი გაუტანეს.

Sportall.Ge

შესვენების შემდეგ ტურინელებმა ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად გაიწიეს, თითქოს თამაში იგრძნეს და ყველაფერი ეს საბედისწერო გამოდგა - "ნაპოლის" სწრაფი შეტევების შეჩერება შეუძლებელი ხდებოდა, რაც ანგარიშშიც აისახა.

სპალეტის გამოცდილება

"ნაპოლის" დამრიგებელმა აქცენტი ნდობაზე გააკეთა და პრინციპულ მატჩში იმ შემადგენლობას დაეყრდნო, რომელიც ოპტიმალურად მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ შესვენების შემდეგ რამდენიმე მათგანი ჩვეულ ფორმაში არ იმყოფებოდა. ამ ფაქტორმა შედეგი მოიტანა. მრავალნაცად სპეციალისტს გუნდში სიტუაცია იდეალურად აქვს დალაგებული. ეს კარგად იგრძნობა და იქნებ წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღებიც სწორედ ესაა. ლუჩანოს საკუთარი გამოცდილებაც უმაგრებს ზურგს, გასულ სეზონში ჩემპიონობის ფავორიტობის გზაზე ხელი მოეცარა და ზოგადად, "ნაპოლისთვის" მწარე წარსული უცხო არაა - ორი სკუდეტო მოიპოვეს, თუმცა მასთან ახლოს რამდენჯერმე იყვნენ. ახლა სიტუაცია უნდა შეიცვალოს!..

Sportall.Ge

კვარაცხელიას სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელიას ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ ვიცით, მასზე კრიტიკა ნეგატიურად არა და არ მოქმედებს, უფრო პირიქით. თუმცა ისიც ადამიანია, რაღაც უხარია და რაღაც არ სიამოვნებს. რა ვნახეთ წინა მატჩების შემდეგ? - გუნდში ყველაზე დაბალი შეფასება საერთაშორისო მედიაში და მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად გასაგებად ვცდილობდით სიტუაციის ახსნას, ქართველი გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი მაინც დაზაფრული ჩანდა. ზოგიერთმა "კვარას" "ტრავმის შემდეგ დაძაბული" უწოდა, ერთმა - "სხვა ქართველი მოთამაშეებიც ასე იწყებდნენო". საბედნიეროდ, ისინი ბევრნი არ არიან. ხვიჩას ჯერ თამაშით, გოლითა და საგოლე პასებით, ამავდროულად კი, ჟესტით პასუხი ყველას გაეცა. კვარაცხელია ტოპმოთამაშეა, რომლისგანაც ყველა შეხვედრის ერთნაირად მაღალ დონეზე ჩატარებას ითხოვენ. ის ფეხბურთისთვის ყველაფერს აკეთებს, ამავდროულად კი, მისით სიამოვნებას იღებს, მოწოდებაა და არა ხელობა.

რაც შეეხება წმინდა სათამაშო ასპექტებს, არაერთხელ დაგვიწერია, რომ სტანდარტული მდგომარეობის დროს ჩვენებურის მეტად ჩართულობას ვისურვებდით და კუთხურებისას ასეც ვნახეთ. კვარაცხელიამ ეს საქმეც მშვენივრად შეასრულა და მაინც გაუგებარი რჩება, მანამდე ყველაზე ხშირად მას ე.წ. გადმოვარდნილ ბურთებზე რატომ ვხედავდით?! "იუვენტუსის" წინააღმდეგ ძალიან თამამი და თავდაჯერებული ხვიჩა ვიხილეთ, რომელმაც ქუსლით პასი რამდენჯერმე შემოგვთავაზა და არცერთი ეს პუბლიკაზე მიმართული არ ყოფილა - ჩვენებურს ასე თამაში შეუძლია და პროდუქტიულიცაა. ხვიჩა ძალიან კარგად მოძრაობდა, რაც მეტოქეებს აბნევდა და სივრცეებიც მეტად ჩნდებოდა.

რა იქნება ზაფხულში?

ქართულ-ნიგერიული დუეტი უკვე ძალიან მძლავრი, შეთამაშებული და შედეგიანია. ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ცქერა ერთი სიამოვნებაა. ჩვენ ახლა მხოლოდ "ნაპოლიზე" ვფიქრობთ და ვიცით, ხვიჩაც ასეა - ჩვენებური იდეალურ დროს იდეალურ გუნდში გადავიდა და კლუბისთვის ასე მონატრებული სკუდეტოც ახლოსაა.

Sportall.Ge

ამავდროულად, თანამედროვე ფეხბურთი ისეთია, ყოველი ფანჯრის დროს მიდის ტრანსფერებზე მსჯელობა, ჭორ-მართალი. შესაბამისად, იოლი წარმოსადგენია, მომავალ ზაფხულს ნეაპოლელებს რა შეთავაზებების განხილვა მოუწევთ, განსაკუთრებით, ამ ორი შემტევის მიმართ. ედინსონ კავანისა თუ კალიდუ კულიბალის ისტორია იმაზე მიგვანიშნებს, რომ აურელიო დე ლაურენტისმა იცის, როგორ "მოარტყას ათიანში" ტრანსფერები, ჯერ გუნდისთვის ფასეული ფეხბურთელი საკმაოდ იაფად შეიძინოს და შემდეგ მასში დიდი სატრანსფერო ფასი იდეალურ დროს გადაუხადონ. პრეზიდენტს ახლაც დიდი ცდუნება ექნება, ისევე, როგორც მოთამაშეებს. ამაში ისევე ვართ დარწმუნებული, როგორც იმაში ვიყავით, რომ "კვარა" "იუვეს" გაუტანდა. შეუძლებელია, ამ ფორმაციის "ნაპოლი" იოლად გაქრეს რადარებიდან, ამას არავინ დაუშვებს, თუმცა სატრანსფერო თემაზე ბევრ მსჯელობას ვნახავთ.

Sportall.Ge

და ზაფხულამდე...

ძალიან სასიამოვნოა ის გარემო, რაც ნეაპოლში როგორც სტადიონზე, ისე მის გარეთ იგრძნობა, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ პროლოგია. თითოეული გამარჯვება "ნაპოლის" ნანატრ სკუდეტოსთან აახლოებს და მისი ფასი კიდევ უფრო დიდია. ხოლო რა იქნება მაშინ, თუკი 4 ივნისს, იტალიის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ოცნება რეალობად იქცევა? ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი მთავარი კაცი იქნება, რომელიც ნეაპოლელებს არასოდეს დაავიწყდებათ და გააკერპებენ კიდეც. ეს ფეხბურთს ცოტათი უხდება. ამ ქალაქში დიეგო მარადონა ყველაზე დიდი იმიტომ არაა, რომ ის "ფეხბურთის ღმერთად" წოდებულია. უპირველესად, აქაურები იმას არ ივიწყებენ, რომ დიადი არგენტინელის დროს დიდი და მძლავრი გუნდი ჰყავდათ და იტალიურ ელიტაში მყარად დამკვიდრებას სწორედ მას მიაწერენ. თუკი სპალეტის გუნდი ოქროს მედალს მოიპოვებს, "ნაპოლის" "ახალი მარადონა" ხვიჩა კვარაცხელია თუ ვიქტორ ოსიმენი იქნებიან. ის კარგად მოგეხსენებათ, რომ ასეთ დროს შესაძლოა, სათანადოდ მაინც არ ფასდება ისეთი ფეხბურთელების გარჯა, როგორიც თუნდაც სტანისლავ ლობოტკაა, გუნდის ღერძი. 

წინ დიდი ამბები გველის, ნეაპოლიდან თბილისამდე!..

altფანტასტიკური ხვიჩას გოლი და ორი საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]

altროგორ ქმნის ხვიჩას "ნაპოლი" ვარსკვლავებს? - სატრანსფერო პარალელი

altკვარაცხელიასა და მამარდაშვილზე ბევრ ჭორ-მართალს წავიკითხავთ - სატრანსფერო ფანჯრის ამბები

მკითხველის კომენტარები / 31 /
Re: "მუდრიკი ჩელსიში. გარიგება ეღირება 100 მილიონი ევრო"
ეს არის იმის კარგი მაგალითი, რომ EPL კლუბებზე პასუხისმგებელი პირები სრულიად უგუნურები არიან. იციან მაისურების გაყიდვით ფულის შოვნა, მაგრამ ფეხბურთი არ ესმით.
მიხვდნენ, შეცდომა დაუშვეს, როცა კვარაში 20 მილიონის გადახდაზე უარი თქვეს.
ამიტომ ახლა "მსგავსი" ნიჭის პოვნა "მსოფლიოს იმავე კუთხეში" უნდათ და იმდენს იხდიან, რამდენსაც "შახტარი" ითხოვს მუდრიკში.
მუდრიკი არ არის და არც არასდროს იქნება იმავე დონის ფეხბურთელი, როგორც ხვიჩა.
ქ. გ.
15 იანვარი 2023 15:03
6
რას ვიზავთ, როცა ნაკრები ვერ ქაჩავდა მუდამ მხოლოდ ბრიტანეთსა და მასზე დაბალი დონის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებო გვყავდა?! მხოლოდ ესპანეთი, გერმანია, იტალია ან საფრანგეთი. მეორე პრობლემაა ნაკრები! სანამ ნაკრები მინიმუმ ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავა მანამდე იქნებიან ასე იაფფასიანი ჩვენი ფეხბურთელები! რაბიოს კი ჯობია კვარაცხელია, მაგრამ ორივე ერთი ფასი ღირს... მესამეა ჩემპიონატის დონე. სამივე პრობლემა გადაჭრადია და საბედნიეროდ იქითკენ მიდის საქმე.
ლაშა
15 იანვარი 2023 15:49
3
აურელიო დე ლაურენტისმა ოსიმენის ფასი უკვე დაასახელა - 140 მილიონი. ოსიმენსაც ეტყობა, რომ უფრო "დიდ" გუნდში სურს გადასვლა. ამიტომ მალე წავა.
ხვიჩას არ გაუშვებს აურელიო. ხვიჩაც არ ეძებს ახალ გუნდს. ოსიმენის წასვლის შემდეგ უფრო გამოიკვეთება ხვიჩას ლიდერობა და უფრო კარგად ითამაშებს. ნაპოლი იდეალური გუნდია ჩვენთვის. ნაპოლისთან ერტად ყველაფერს მოიგებს ხვიჩა იტალიაში და ევროპაში. ამის შემდეგ ნაკრებსაც მაგრად გაუძღვება წინ.
ქ. გ.
16 იანვარი 2023 12:34
5
ეჰჰ, ოცნება კარგია, მაგრამ -ფუჭიი! არაფერი გამოვა, ხვიჩას გაღვიძების გარეშე!
Ზაზა
15 იანვარი 2024 17:39
0
ხვიჩას უკვე აღარ შეფერის ნიშნის მოგების ჟესტი, ჯობია დაივიწყოს.
წასვლას რაც შეეხება, ჯერ ჩემპიონობა, აუცილებლად, მერე რა თქმა უნდა ზემოთ და ზემოთ
თენგო
16 იანვარი 2023 10:28
6
100% გეთანხმები.პრესის გადაკიდება ეხლა ნამდვილად არაა საჭირო. მითუმეტეს ხვიჩას მიმართ თავიდანვე კეთილგანწყობა იგრძნობა. მათ შეუძლიათ კრიჭაში ჩადგომა, რომლის გამოსწორება გართულდება. ეს ჟესტი ნამდვილად არ მოეწონათ. Gazzeta-მ უკვე უკბინა: ამოიღო ბატინკიდან კენჭებიო. რას იზამ, პრესას ანგარიში უნდა გაუწიოს. იუვეს 8 მშრალი თამაში ჰქონდა, ერთი ჩააგდო და საწყალი ბრემერი გააშარჟეს: ალეგრი მიმართავს ნაპოლის- აბა ბიჭებო დღეს ვის სძინავს ბრემერთან?
ამატაკი
16 იანვარი 2023 14:19
1
Გაუმარჯოს ყველას! Რათქმაუნდა, სიმიონეც და რასპადორიც კარგად თამაშობენ თავით, არაერთხელ დაუმტკიცებია!თუმცა ოსიმენს კიდევ უფრო მეტი აქვს, ვიდრე დანარჩენ ორს: უფრო ატლეტურია, უფრო მაღალი, ჩქარი და გამძლეა..! Ისიც მართალია, რომ ფაქტიურად ხვიჩაზე იდგა იუვენტუსთან ნაპოლი..! Მოდრიკი ნამდვილად კარგი ფეხბურთელია, მთავარია უმაღლესი კლასის ფეხბურთელად თუ გადაიქცევა,როგორც ხვიჩა..!ანგუისა,ლობოტკა,ზელინსკი და მცველები დაიბრუნებენ ძველ ფორმას, სკუდეტო ხომ ჯიბეში ექნებათ და პლიუს ჩემპიონთა ლიგაზეც უნდა გაისროლონ წესით..! P.S. Პლიუს ულამაზესს ფეხბურთს უბერავენ..!
Შოთა გიგინეიშვილი
15 იანვარი 2023 18:28
4
ყველაფერი კარგად იქნება
გიორგი
15 იანვარი 2023 19:51
1
სპალეტიმ კარგად იცის, რომ თამაში ხვიჩამ მოიგო. ოსიმენის გოლები ხვიჩამ შექმნა. ოსიმენის მაგივრად იქ რასპადორი ან სიმეონე რომ ყოფილიყო, 7 გოლს გაიტანდა ნაპოლი.
სპალეტი ეშმაკობს. ამის ბევრი მიზეზი არსებობს. მაგალითად:
1. ოსიმენის გაყიდვას აპირებენ და რეკლამას უკეთებენ;
2. სხვა გუნდებმა მომდევნო თამაშებში რომ ხვიჩას ნაკლები მცველები დაუყენონ, ყურადღება ოსიმენზე გადააქვს.
ქ. გ.
15 იანვარი 2023 14:55
13
1. ოსიმენს არაფერი სჭირს, რომ ხელოვნური რეკლამა გაუკეთოს ვინმემ. ოსიმენის რეკლამა მისივე თამაშია საფეხბურთო მოედანზე.
2. თქვენ ფიქრობთ, მეტოქეები სპალეტის ნალაპარაკებზე აგებენ თავიანთ ტაქტიკას ნაპოლის წინააღმდეგ? :)
გოგია
15 იანვარი 2023 17:47
1
ხვიჩას და ვიქტიას ზაფხულში რომ მაცდუნებელი წინადადებები ექნებათ ფაქტია .უკვე ჟონავს იფორმაციები რომ რეალი ორივეში 250 მილონს ჩამოდის .
ენცო
15 იანვარი 2023 18:09
3
ყველა გამოხმაურება
ავტორს მადლობა!დიდებული სტატიაა ღვთისავარ!
წელს ნაპოლი ჩემპიონი გახდება და ამაში ხელის შეშლა,მხოლოდ თვითონ ნაპოლის თუ შეუძლია.არა მგონია ასეთი რამე მოუვიდეთ.რამდენად ეცდებიან თასის აღებას,ეგ სპალეტიზეა დამოკიდებული.თუ ნახა,რომ გუნდს საამისო ფიზიკური და მორალური რესურსი ჰკმარა,ალბათ ბოლომდე ეცდებიან,თუ არადა როგორც გამოუვათ.ჩემპიონთა ლიგაზე ალბათ ყველაფერს დადებენ,მაგრამ გუნდს საამისო გამოცდილება არა აქვს და შესაძლოა ამან შეუშალოს ხელი,ლიგას ხომ განსხვავებული სპეციფიკა და მორალური დატვირთვა აქვს,რომლის გამოცდილება,დიდ გუნდებს ძალიან ეხმარება, ახლად აღზევებულებთან წარმატების მოპოვებაში.ამის უგულებელყოფა არ შეიძლება,თორემ ამჟამად,ნაპოლის დონეზე ვერავინ თამაშობს.წელს ასე,აი მომავალ სეზონში კი,თუ ნაპოლიმ შემადგენლობა შეინარჩუნა,უკვე ეს გამოცდილებაც მიღებული ექნებათ და ლიგის ფავორიტებიც იქნებიან.ამას კი ვამბობ და სწორიცაა,მაგრამ ნაპოლი ამ სეზონში ყოველგვარ კანონზომიერებას არღვევს და იქნებ ეგ ბოლოც დაარღვიოს.კაცი ხომ იმედით ცოცხლობს და ჩვენც ვიქონიოთ!
სოსო
15 იანვარი 2023 15:47
3
ჩემი აზრით ნაპოლის ძალიან გაუჭირდება ოსიმენ ხვიჩას დუეტის შენარჩუნება. აქედან გამომდინარე ისე როგორც მარადონა შეიძლება ვერც გახდეს ნაპოლისთვის მაგრამ დიდ სახელს დატოვებს. მარადონა ნაპოლიში ბარსადან მივიდა უკვე ნათამაშები ქონდა უფრო მაღალ დონეზე ვიდრე ნაპოლი იყო მაშინ. თან მას უკვე სახელიც გაუტყდა ნარკოტიკებით და იმ ცნობილი ჩხუბით რის გამოც ფაქტიურად წამოვიდა ბარსადა.ამიტომაც დარჩა ნაპოლიში. ხვიჩას ვარსკვლავი ახლა აღმავალია და ამიტომ მას ნაპოლში კიდევ ერთ სეზონს არამგონია გააჩერონ. ასევე ოსიმენიც, ისიც ახლაგაზდა მხოლოდ 24 წლის. ნაპოლის ბრწყინვალე თამაში მარტო ჩვენ ხომ არ მოგვწონს მთელი ევროპის თვალია ამ ეტაპზე. ხოდა ვინც განაპირობებენ ამ ბრწყინვალე თამაშს ყველაზე იქნება დიდი მოთხოვნა სეზონის ბოლოს. სეზონს კი დიდი ალბათობით სკუდეტოთი დაგვირგვინდება და ესეც უფრო მეტად გაზრდის მოთხოვნას. სამწუხაროდ არ მგონია ეს შემადგენლობა შეინარჩუნოს ნაპოლიმ. რაც არ იყიდება ის დიდ ფულზე იყიდება.
G.LA
16 იანვარი 2023 09:23
4
ცხადია ადრე თუ გვიან მასეც მოხდება... უბრალოდ კარგი, ძალიან კარგი იქნება კარიერისთვისაც და ხოგადად, თუ 2 ან 3 წელი შეინარჩუნებენ ამ შემადგებლობის ბირთვს, ამ შემთხვევაში შეუმდგარი გრანდობიდან გრანდი შეიძლება გახდეს ნაპოლი და ლიგაზეც გაიწიოს, მე მართლა მჯერა ამის... ლიგის მოგება კიდე ძალიან ბევრ ფულთან არის დაკავშირებული
რა მაფიაა?
16 იანვარი 2023 09:55
1

რა მაფიაა?-ს

ლიგაზე ნაპოლი წელსვე გაიწევს საკმაოდ ძლიერი სკამი აქვს. გრანდი რომ გახდეს 2-3 სეზონი საკმარისი არაა. მგონი ეს ქონდა მხედველობაში დელ პიეროს რომ თქვა რაღაც აკლია ნაპოლისო (გრანდი) იგივე სიტი აქამდე არასოდეს გრანდათ არ მოიაზრებოდა მარა შეიხებმა აქციეს. ნაპოლის შეიხები არ ყავს. ამიტომ მგონია ვერ შეძლებენ შემადგენლობის შენარცუნებას და ეს ზოგი უკვე განხორციელებული ტრანსფერებიდანაც ჩანს, რომ ემზადებიან ახლავე დანაკარგებისთვის. რა თქმა უნდა სჯობია ასეთ ნაპოლის შენარჩუნება და ჩვენი ბიჭის იქ თამაში, რადგან მშვენივრად მოერგო გუნდსაც და ზოგადად იტალიასაც მაგრამ ძალიან რთული იქნება ამ გუნდის შენარჩუნება. მე პირადად წელს მინიმუმ 1/2 ფინალში ველი ნაპოლის, რადგან ისევ კრეფენ ფორმას და ვინ იცის უკეთაც აკრიფონ.
G.LA
16 იანვარი 2023 11:52
1
ნაპოლის რღვევას ლავრენტას უაზრო ქმედებების გამო ხვიჩა ვერ შეაჩერებს და თუ დროულად არ წამოვა ჯოხს ბოლოს მასზე გადატეხენ! ნახევარდაცვა გამოშიგნულია, დაცვა ვერ თამაშობს აწყობილად და თავდამსხმელებად სპალეტის დროს სკამს, რომ ხეხავდნენ ის მოთამაშეები არიან ძირითადში! უმეტესობას თვალი გაქცევაზე უჭირავს და ხვიჩა მარტო კიდევ ვერ ითამაშებს!
მწვრთნელი
15 იანვარი 2024 10:42
1
ხვიჩამდელი ნაპოლი ბოლო წლებში ძალიან კარგი გუნდი იყო, მაგრამ ტიტულების მოგებას ვერ ახერხებდა. რეცეპტი შედარებით პატარა გუნდებისათვის: შექმენით ორგანიზებული გუნდი მოქნილი სკამით, ჩამოუყალიბეთ თამაშში ბალანსი, ბოლოს დაუმატეთ კვარა და მიიღებთ საჩემპიონო გუნდს. საქმე იმაშია, რომ ხვიჩას ძალა არაა ინდივიდუალიზმში, იმ გაგებით რასაც მარადონა აკეთებდა. მას არ შეუძლია თამაშების მარტო მოგება. მის უნიკალურობას განაპირობებს უიშვიათესი თვისება: ის აკეთილშობილებს მთლიანად გუნდის თამაშს, აძლევს ხარისხს, ბრწყინვალებას თუ გნებავთ. ქმნის ცვალებად რიტმს, რომელიც მთელი თამაშის სურათს ქმნის. მოწინააღმდეგე გუნდმა მარჯვენა ფლანგიდან შეტევა უნდა დაივიწყოს. ლივერპულის შემდეგ ამაში ვისაც დარწმუნება სჭირდებოდა აიაქსთან დარწმუნდნენ. პირველად ჯოზემ გათხარა ფლანგზე სანგრები, მაგრამ ნაპოლი კარგ ფორმაში იყო და ოსიმ ივარგა. ინტერს ფლანგზე დარმიანი და ბარელა ყავდა, თავისი შკრინიარით. აქ ხვიჩა უფრო გუნდის ინტერესებით მოქმედებდა, მკაცრად სპალეტის მითითებებით. ალეგრი ამ მხრივ დასაკლავი დედალივით განწირული იყო. კი დააყენა ინტერის სქემა, მაგრამ ფლანგზე კიეზა-მაკინით. შედეგად მოხდა ის, რაც უკვე ვნახეთ: აფეთქებული ფლაგი და სრული დომინანტობა. ამას აუცილებლად დაინახავდა სხვები და შეეცდებიან ფლანგი ჩაკეტონ თუ ამის რესური ექნებათ. ნაპოლიში სხვებმაც მალე უნდა აკრიფონ ფორმა(ზელინსკი, ანგისა, ლოზანო), რადგანაც ხვიჩას კიდევ მოუწევს ტაქტიკური ბრძოლები და ამ დროს მათ უნდა ივარგონ.
ამატაკი
15 იანვარი 2023 18:01
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული