მწვრთნელმა სპალეტიმ ქართველის პოზიციაზე ელმასი დააყენა და როგორც მოსალოდნელი იყო ნეაპოლელები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, თუმცა უხიფათოდ, ყოველგვარი ფანტაზიის გარეშე უტევდნენ. 35-ე წუთზე ოსიმენმა მახვილი კუთხიდან გაუტანა ოჩოას, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა. მასპინძლები იშვიათი კონტრიერიშებით პასუხობდნენ, რომელთაგან ყველაზე მეტად პოლონელი პენტეკი აქტიურობდა. თითქოს პირველი ტაიმი ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ზედ შესვენებაზე გასვლის წინ დი ლორენცომ „ნაპოლი“ დააწინაურა.
მეორე ტაიმის დასაწყისში წვიმა გაძლიერდა, ელმასის შორიდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ოსიმენმა ყველას დაასწრო და გაიტანა (მიმდინარე ტურნირზე მე-13 გოლი), ამჯერად თამაშგარეს გარეშე და მატჩის ბედიც გადაწყდა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და "ნაპოლიმ" 2:0 მოიგო.
ერთი სიტყვით, „აძურის“ საუკეთესო თამაში არ უჩვენებია, მაგრამ კლასის ხარჯზე გაიმარჯვა და სკუდეტოსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
„ნაპოლი“ 50 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „მილანს“ 12 ქულით უსწრებს და 29 იანვარს „რომას“ უმასპინძლებს. „როსონერი“ 24 იანვარს რომში „ლაციოს“ დაუპირისპირდება და ჩამორჩენის შემცირებას შეეცდება.
„ნაპოლიმ“ პირველი წრე 50 ქულით დაასრულა და თავისი საკლუბო რეკორდი დაამყარა.
სალერნო. „არეკი“
სალერნიტანა - ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 დი ლორენცო (45+3), 0:2 ოსიმენი (48)