Geo Team-ის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და "ჰათაისპორის" ერთ-ერთი ლიდერი საბა ლობჟანიძე საქართველოში დაბრუნდა, გიორგი ბერიძე კი ანკარაში რჩება.
"მე მშვიდობით ვარ, მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი. დანგრეულ შენობებში ბავშვებსა და ოჯახის წევრებს ეძებენ. რა ტრაგედიაც მოხდა, არავის გამოგაცდევინოთ ღმერთმა" - განაცხადა საბამ.
ოფიციალური პირების ცნობით, თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 7800-ს გადააჭარბა (თურქეთში მიწისძვრას 5 894 ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი - 1 932).
საბედნიეროდ, მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში მოყოლილი "ჰათაისპორის" ნახევარმცველი კრისტიან ატსუ მაშველებმა ცოცხალი იპოვეს. კლუბის
მენეჯერმა მუსტაფა ოზატმა ახლახან ეს ამბავი დაადასტურა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს, ის მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ უპოვიათ "ჰათაისპორის" სპორტული დირექტორი ტანერ სავუტი, რომელიც კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება.
სამწუხაროდ, თურქეთის ძიუდოს ფედერაციის განცხადებით, ქაჰრამანმარაშში ნანგრევებში 7 ძიუდოისტი გარდაცვლილი იპოვეს, 8 მოჭიდავე გადარჩა და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, დანარჩენი 32-ის ძებნა კი გრძელდება. Fotomac-ის ცნობით, ამ რეგიონში უქმეებზე ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი ტარდებოდა, სადაც მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ.
საფეხბურთო კლუბ "მალათიასპორის" განცხადებით, 28 წლის მეკარე ეიუპ თურქასლანი საშინელი მიწისძვრის შედეგად გარდაიცვალა, თურქასლანი შენობის ნანგრევებში გუშინ მოყვა. მაშველებმა მეუღლის ამოყვანა შეძლეს, ფეხბურთელის გადარჩენა კი ვერ მოახერხეს. თურქასლანი "მალათიასპორში" გასულ სეზონში გადავიდა, იქამდე კი "ოსმანილისპორსა" და "უმრანიესპორში" თამაშობდა.