გიორგი გოჩოლეიშვილი: ევროტურნირის განაცხადში ლიმიტის გამო ვერ მოვხვდი

AutoSharing Option
“საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი უკვე რამდენიმე თვეა დონეცკის “შახტარში” ჩაირიცხა და უკრაინული გუნდის მაისურით ეცდება წარმატებების მიღწევას. გიორგის დებიუტი უკრაინულ გრანდში რამდენიმე დღის წინ შედგა. ჩვენ მას დავუკავშირდით და ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ.

- გიორგი, იანვრიდან “შახტარის” ღირსებას იცავთ. როგორ შეეწყვეთ ახალ კლუბსა და გარემოს?
- ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მარტივად შევეწყე “შახტარს”, ამაში ფეხბურთელები და მწვრთნელები დამეხმარნენ, რისთვისაც მათ მადლობა მინდა ვუთხრა. კარგი გარემო დამხვდა, მეგობრული, რამაც კიდევ უფრო გამიადვილა გუნდთან შეგუება. ყველასთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს.

- ამჟამად გუნდი
სად იმყოფება და როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე “შახტარში”?

- ახლა ლვოვში, სასტუმროში ვცხოვრობთ. საწვრთნელ პროცესამდე, აუცილებლად შევდივართ სატრენაჟორო დარბაზში, ცოტას იქ ვვარჯიშობთ და შემდეგ გავდივართ ხოლმე მინდორზე. ძირითადად სასტუმროში ვარ.

- უკრაინელები აქცენტს ფიზიკურ დატვირთვებზე აკეთებენ. მათ ვარჯიშებთან შეგუება გაგიჭირდათ?
- თავდაპირველად გამიჭირდა კი, განსხვავებული ტემპია, სხვა მომზადება, ძალაზე ვარჯიშს დიდი ყურადღება ექცევა, მაგრამ ნელ-ნელა შევეგუე ამ ყველაფერს. ახლა ყველაფერი ნორმალურადაა.

- “შახტარში” დებიუტზე რომ გვითხრათ – წინასწარ იცოდით, რომ ითამაშებდით?
- მთავარი მწვრთნელი ხშირად მელაპარაკება, მაგრამ “მინაისთან” თუ ვითამაშებდი, არ უთქვამს. როდესაც გუნდის განაცხადში ხარ, ყოველთვის არის შანსი შეხვიდე მინდორზე. აქედან გამომდინარე, ველოდი, რომ მომიწევდა თამაში.

სადებიუტო შეხვედრაში მარჯვენა შემტევად ვითამაშე, თუმცა ვარჯიშებზე დაცვის მარჯვენა ფლანგზე მიწევს ხოლმე გარჯა.

- გქონდათ მოლოდინი, რომ 2022 წლის მიწურულს დატოვებდით “საბურთალოს”?
- ყველა ფეხბურთელს სურს უფრო ძლიერ ჩემპიონატში თამაში, არც მე ვარ გამონაკლისი. გასულ წელს “საბურთალოში” არ მქონდა ცუდი სეზონი, გოლებიც გავიტანე და ევროტურნირებზეც ვითამაშე. გარდა ამისა, სისტემატურად მიწვევდნენ ახალგაზრდულ ნაკრებში. დიდი როლი ითამაშა ინგლისის ნაკრებში გატანილმა ბურთმა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება. წლის მიწურულს კი ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს, რითაც ძალიან ბედნიერი ვიყავი. ხშირად იწერებოდა სხვადასხვა გუნდების შესახებ. კარგია, რომ ყველაფერი კარგად გადაწყდა და კარიერა უცხოთში გავაგრძელე.

- მართალია, უკრაინის ჩემპიონატში ითამაშეთ, თუმცა ამას ვერ ვიტყვით ევროტურნირებზე. რატომ ვერ მოხვდით საევროპო განაცხადში?
- ამის მიზეზი არსებული ლიმიტია. მწვრთელი მოვიდა ჩემთან და ამიხსნა, რომ ამ ეტაპზე საევროპო განაცხადში ვერ მოვხვდებოდი.

- თუმცა, გუნდთან ერთად საფრანგეთში იყავით და გაიზიარეთ დიდი სიხარული. გაიხსენეთ ის შეხვედრა და მატჩის შემდგომი ემოციები?
- დაძაბული თამაში იყო. მატჩს ტრიბუნიდან ვადევნებდი თვალს და ძალიან ვნერვიულობდი. პირველ მატჩში მინიმალური უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ამას შენარჩუნება უნდოდა. საბოლოოდ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა და შემდეგ ეტაპზე გავედით.

- 21 წლამდელების ევროპის ჩემპიონატი, რომელიც საქართველოში გაიმართება, კარსაა მომდგარი. როგორ ელოდებით აღნიშნულ მატჩებს?
- მოლოდინი, რა თქმა უნდა, დიდია. საქართველოში იმართება ევროპის ჩემპიონატი და ეს კიდევ ორმაგი მოტივაციაა. ძალიან მაღალი დონის ნაკრებები ითამაშებენ, მაქსიმალური მობილიზება გვმართებს. კარგი და პერსპექტიული გუნდი გვყავს. გულშემატკივრებიც გვერდში დაგვიდგებიან და მჯერა სანახაობრივ, საინტერესო ფეხბურთს ვითამაშებთ.

- “საბურთალოს” ფეხბურთელებთან ხშირად გაქვთ კომუნიკაცია?
- როცა დრო მაქვს, ხშირად ვკითხულობთ ხოლმე ერთმანეთს, ვუზიარებთ აზრებს. “საბურთალოში” მთელი ბავშვობა გავატარე, მუდამ ამ კლუბის გულშემატკივარი ვიქნები. მინდა წარმატებები და წინსვლა ვუსურვო.
ვუყურე ბათუმში გამართულ შეხვედრას. მართალია, გუნდი დამარცხდა, მაგრამ არა უშავს. ჩემპიონატი ახალი დაწყებულია, წინ კიდევ ბევრი მატჩია ჩასატარებელი, გუნდს შეუძლია ევროტურნირებზე მოხვედრა.

- რას ეტყვით თქვენს გულშემატკივრებს?
– პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო “საბურთალოს” მთლიან კლუბს. სწორედ, ამ გუნდიდან გამიცნო ქომაგმა, “საბურთალომ” მომიპოვა სახელი. მადლობა ჩემს ოჯახს, მეუღლეს, ვინც გვერდში მიდგას და მამხნევებს. მათი მხარდაჭერა ჩემთვის მნიშვნელოვანია. იმედების გამართლებას ვეცდები.

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული