როგორი იქნება კვარაცხელია ამ მატჩის შემდეგ? - ხვიჩას ახალი სიტყვა და დიდება ამპარტავნების გარეშე!..

AutoSharing Option
მატჩის შემდეგი ემოციები ჯერ კიდევ დუღდა და შესაძლოა, სათანადოდ ვერ აღვიქვით ის ამბავი, რომ საფინალო სასტვენიდან მალევე ხვიჩა კვარაცხელიამ საკმაოდ ვრცელი, გულიდან წამოსული და გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი მიმართვა გაავრცელა. ეს ჩვენთვის ახალი სიტყვაა და არც ხშირად გვახსენდება, ასეთი ოპერატიულობით და მთელი განცდით მოთამაშეს თავისი სათქმელი ეთქვას. ყველაფერი ბრჭყვიალა ფრაზებით გაჯერებული არ ყოფილა და გარკვეულწილად, ტკივილის გაყუჩების ფუნქციაც ჰქონდა.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რაზეც მუდმივად ვწერდით - "კვარას" მთავარი მიზანი ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭებაა, ის ამისთვის იღვწის, მხოლოდ
ეს აბედნიერებს და მეორე -
"ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელი თვითკმაყოფილებას არასოდეს ეძლევა და მისი თითოეული დღის მიზანია, ის წინაზე უკეთესი იყოს, რაღაც ახალი შეისწავლოს. ჩვენებური ოცნებებში ისე არ გადაეშვება, ამან მოადუნოს, პირიქით, ის ეხმარება, უკეთესი გახდეს.

Sportall.Ge

ახლა ვთქვათ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო და გვინახავს გავრცელებული ტექსტი სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში. აქ აქცენტი იქნებოდა იმაზე, რომ გუნდი ბოლომდე დაიხარჯა, იყო უიღბლობა, მსაჯის შეცდომები და ა.შ. და ბოლოს - მალე მონატრებულ სკუდეტოს ვიზეიმებთ და "ამით დავკმაყოფილდეთო". ამიტომაცაა, კვარაცხელიას სიტყვების დრო, კონტექსტი და შინაარსი აღმაფრთოვანებელი. თანაც, ხვიჩას ამ ყველაფრისთვის ხომ კონსილიუმი არ გაუმართავს, პიარ-ჯგუფები არ ჩაურთავს და ტექსტის კორექტურა ორი დღის განმავლობაში არ უკეთებია; მანამდე ხომ მუხლებზე დაემხო, დათრგუნული ჩანდა, თუმცა დროებით...

77-ე ნომრის სიტყვები თავის გამართლება არაა. მას საამისო არაფერი აქვს, თუმცა პენალტის გამოუყენებლობის გამო საჭიროდ მიიჩნია, უფრო მეტი ეთქვა, თითოეული ნეაპოლელის თვალებში ჩაეხედა და გულისცემა ეგრძნო...

Sportall.Ge

ის კადრებიც ძალიან ამაღელვებელი იყო, როცა ქართველ ფეხბურთელთან როგორც თანაგუნდელები, ასევე, მწვრთნელის ჩათვლით, მთელი "მილანი" მიდის და ცდილობენ, ფეხზე წამოაყენონ, აგრძნობინონ, რომ დიდია, ვარსკვლავური გზის მხოლოდ დასაწყისშია და ეს ტკივილი ძალიან მცირეა იმასთან, რაც შეიძლება ამ ლაბირინთებში შეგხვდეს. ყველას ნამდვილად არ ეცოდინება, რომ "კვარადონამ" უკვე ბევრი ნახა, არაერთი განსაცდელი გაიარა და მალე სკუდეტოს მოიპოვებს, იქნებ ჩემპიონატის საუკეთესოც კი გახდეს და ეს წოდება იმ ლეაოსგან გადაიბაროს, ახლა მის გუნდს რომ აჯობა.

ჩვენთვის ბედნიერებაა ის, როგორც ხვიჩას ვარსკვლავი იბადება და მას როგორც იცნობენ. წმინდა საფეხბურთო ნიუანსებში ჩვენებურისგან არასდროს იქნება მეტოქის უპატივცემულობა, სიმულაცია, აგრესია, ბოლომდე დახარჯვის პრობლემა. კვარაცხელია მოედნის გარეთაც სამაგალითოა სკანდალების, პაპარაცების ობიექტივში მოხვედრისა და ამპარტავნებაში გადასული დიდების გარეშე.

Sportall.Ge

როგორი იქნება "კვარას" ამბები "მილანთან" მატჩის შემდეგ? პირველ რიგში, ის იმ სირთულეებს ჩაუღრმავდება, რაც ჯერ კიდევ აქვს და რისი გამოსწორებაც სჭირდება. სერია "ა"-ში 8 მატჩი დარჩა ჩასატარებელი. 14- ქულიანი უპირატესობა კომფორტულია, თუმცა სეზონი ღირსეულად უნდა დასრულდეს. თავისი ანგარიშები "ინტერთანაცაა" გასასწორებელი, მილანურ დაპირისპირებებში არბიტრის შეცდომების ნაკლებობაც არ იყო.

წლის დასაწყისში, 13 იანვარს, "იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი კვარაცხელიამ ტუჩებთან თითის მიტანით აღნიშნა. მანამდე ხომ გუნდსა და მას კარგი პერიოდი არ ედგათ. კრიტიკოსების გაჩუმება ახლაც საჭიროა, თუმცა ლუჩანო სპალეტის გუნდმა მიმდინარე სეზონში ეს ისედაც შეძლო.

ყველაფერ ამას სეზონის ბოლოს სატრანსფერო აქტიურობაც დაერთვება და ხვიჩა მზად ამისთვისაც უნდა იყოს. ვიქტორ ოსიმენის წასვლაზე ძალიან აქტიურად იწერება. ორივე ლიდერის გასხვისებას დე ლაურენტისი იოლად ვერ დათანხმდება, საქმე რაც უნდა დიდ თანხებთან გვქონდეს. ნიგერიელის შემცვლელს იპოვიან, თუმცა ამ დუეტის დაშლა, რომელსაც ერთად ბევრი შეუძლია, სამწუხარო იქნება. ამ ამბებზე ბევრი ნერვიულობა არ გვჭირდება, დარწმუნებული ვართ, როგორც თავად ხვიჩა, ასევე მის გვერდით მყოფი ადამიანები საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ქართველი ფეხბურთელი დიდი სატრანსფერო ინტერესით - ეს ჩვენთვის რაღაც ახალი და სასიამოვნოა, თორემ ამ პროცესში კარგი ბევრი არაფერია.

altჩვენი მხარდაჭერა ხვიჩას! - ემოციური კავშირი მესისთან, სპალეტის ნეგატიური როლი "კვარასთან" და სხვა ამბები...

alt"გადამწყვეტ მომენტში ბევრჯერ ავაცილე, ამიტომ მოვიგე ყველაფერი" - "ჯორდანის" სიტყვები, რომლებიც ხვიჩას დაეხმარება

მკითხველის კომენტარები / 40 /
ხვიჩას ჯანსაღი კრიტიკა სჭირდება და ეს სტატია სწორედ ამ ოპერიდანაა. ხვიჩას ზედმეტი ქება მისთვის ცუდია, თუმცა მოზომილი ქება აუცილებელია. დაუჯერებელი წარმატებაა რასაც ამ ფეხბურთელმა ერთ სეზონში მიაღწია! გაიხარე ხვიხჩა!
გიორგი
11:29 20-04-2023
3
მთლიანად გუნდმა ჩააგდო თამაში.
ერთადერთი ხვიჩა იყო ის მოთამაშე ვინც ლიგის 1/4 -ში თამაშს იმსახურებდა. დანარჩენი ყველა იყო უკლასო არაფრის მაქნისი.
ამიტომ ყველა ჯოხი ხვიჩაზე გადატყდა. და მას წაეყენა ის მოთხოვნები რაც შეუსაბამო იყო.
მოთხოვნა იყო გააკეთე ის რასაც მესი აკეთებს და გაიტანე 3 გოლი.
მაგრამ 22 წლის ასაკში ამას მესიც ვერ აკეთებდა.
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული