ჩვენი მხარდაჭერა ხვიჩას! - ემოციური კავშირი მესისთან, სპალეტის ნეგატიური როლი "კვარასთან" და სხვა ამბები...

AutoSharing Option
"ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას გამო ქართველი გულშემატკივრებისთვის  განსაკუთრებული სეზონის მიწურულს, ტკივილი მაინც ვიგრძენით. ყველაფერი ეს გაზრდილი ამბიციების გამოძახილიცაა, რომელიც თავისთავად ჩამოყალიბდა. აბა, ნეაპოლური კლუბისთვის ეს სეზონი მაინც შემდგარია და ამას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოვარდნა ვერ გადაფარავს - ეს მათთვის ამ ტურნირზე ისედაც საუკეთესო შედეგია, მონატრებული სკუდეტო კი ახლოსაა...

მწვრთნელის ამბავი

ყველაფრის მიუხედავად, ნებისმიერ მარცხს თავისი მიზეზები აქვს და მას ახსნა სჭირდება, საპატიო არის თუ არა ეს წაგება.

პირველ რიგში, ფეხბურთის მოყვარულებმა კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ამ დონესა და ეტაპზე არ
არსებობს ისეთი მიდგომა, რაც ბევრს "ნაპოლისა" და "მილანის" აპრილის პირველი დაპირისპირების შემდეგ ჩამოუყალიბდა. შეუძლებელია, ძირითადი შემადგენლობით თამაში "დამალო" და მხოლოდ მომავალ დაპირისპირებაზე იფიქრო. ლუჩანო სპალეტის შეცდომები სწორედ აქედან იწყება (თავის დამსახურებას არც გამოცდილ სპეციალისტს ვუკარგავთ). ვიღაც იფიქრებს, მსჯელობა ახლა მარტივიაო, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ აქამდეც ვწერდით. მთავარმა მწვრთნელმა მიმდინარე თვე ძალიან ცუდად დაგეგმა და ამის დამტკიცება საკმაოდ იოლია.

ლუჩანო თავისივე მწარე გამოცდილების ტყვეობის მსხვერპლი გახდა, რაც მისი გუნდების მიერ სეზონის მეორე ნაწილის ცუდად ჩატარებას გულისხმობს. ეს ფსიქოლოგიაში ახსნადი მოვლენაა. ამ სპეციალისტს იმის შიში სულ თან ჰქონდა, მიღებული უპირატესობა არ გაენიავებინა, რამაც შეცდომები გამოიწვია. ძალიან ცოტა გუნდი არსებობს, ვისაც მთელი სეზონის ერთი ამოსუნთქვით ჩატარება შეუძლია. სადღაც "ნაპოლის" კრიზისი, ფეხბურთელების გამოფიტვა და საკადრო პრობლემები უნდა დამდგარიყო. ასეთ დროს სწორ როტაციას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გასაგებია, ნეაპოლელთა შემადგენლობაში კონკურენცია ნაკლებია. ამის მიუხედავად, თუნდაც მხოლოდ მილანელებთან დუელში რესურსების ისე გადანაწილება შეიძლებოდა, გადამწყვეტ ეტაპზე ასე ძალაგამოცლილი ჯოვანი დი ლორენცო თუ ფანტაზიის გარეშე დარჩენილი პიოტრ ზელინსკი არ გვენახა.

Sportall.Ge

როცა ჩემპიონატში ამხელა უპირატესობა გაქვს, "მილანთან" ლიგის მატჩის წინ იმის ფუფუნებაც არსებობს, მთლიანად სათადარიგო შემადგენლობას დაეყრდნო, რომელიც იმაზე უარესი შედეგს ვერაფრით დადებდა, რაც მივიღეთ (0:4). ისიც იცი, სანაკრებო პაუზის შემდეგ შენს გუნდს რომ უჭირს. თუკი ამას ვერ აკეთებ, ყოველი მატჩის შემდეგ გარკვეული დასკვნები ხომ უნდა გამოიტანო? სხვადასხვა ანგარიშის და შედეგის მიუხედავად, ლეაოსა და მისი თანაგუნდელების თითქმის ყველა გოლი და განსაკუთრებულად ბოლო ორი მატჩში, ერთმანეთს ძალიან ჰგავდა. დარჩა განცდა, რომ სტეფანო პიოლიმ ზუსტად იცოდა, საქმე რასთან ჰქონდა და ისიც, სპალეტის სიტუაციის შეცვლის მცირე რესურსი რომ ჰქონდა. განმეორებითი მატჩის წინ დავწერეთ, რომ უკვე გვიანიც კი იყო, რადგან "ნაპოლის" გატანა აუცილებლად უნდა ეცადა და ეს საპასუხო იერიშების შანსს, რაც მის მოწინააღმდეგეს ასე სწრაფად და კარგად გამოსდის, ზრდიდა. მილანური დაპირისპირებისას სპალეტიმ თავად გამოსაყენებელი კონტრშეტევების რესურსი გაანიავა.

ერთი ფაქტორი არ უნდა გამოგვრჩეს - თუკი ბურთი თავად არ აქვს, ნეაპოლელთა შუა ხაზს მისი მოპოვება და შეტევაში წაღება უჭირს, რის გამოც ლუჩანო იძულებულიც კია, ნაცადი ტაქტიკური სქემა არ შეცვალოს, მაგრამ როცა ნახევარფინალთან ასე ახლოს ხარ, საგანგებო სტრატეგიის შემუშავება უნდა შეძლო.

Sportall.Ge

ხვიჩა

ქართველი გარემარბის თამაში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ემოციები გასაგებია, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ფეხბურთს დრამა უხდება კიდეც და ახლა მის ეპიცენტრში ჩვენებური მოხვდა. აღსანიშნავი ისაა, რომ "ნაპოლიმ" ლიდერების ძალების გადანაწილება ვერაფრით შეძლო. ხვიჩა კვარაცხელია, მის მიმართ აგებული ზღუდეების მიუხედავად, სახიფათო პოზიციაზე გასვლას მუდმივად და ძალიან ოსტატურად ახერხებდა (დარტყმაზე კი მუშაობა კიდევ მოუწევს), მაგრამ ფიზიკურად მას ძალიან დამღლელი სეზონი აქვს, რაც გარკვეულ ასპექტებში შესამჩნევი გახდა. "კვარამ" ობიექტურად, ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა და მიიღო კიდეც, მისი (და ჩვენი) სურვილი კი სხვა შედეგის მიღწევა იყო.

ხვიჩასთვის ჯანსაღი კრიტიკა არასოდეს დაგვიკლია, ამის მნიშვნელობა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც აღნიშნა, მაგრამ ახლა ის შემთხვევაა, როცა "კვარადონას" გამხნევება სჭირდება. ეპიზოდი, როცა ჩვენებურს ტრავმირებული ჟირუს მოედნიდან სწრაფად გაყვანა სურდა, რადგან თამაში გადასარჩენი ჰქონდა; მომენტი, როცა 77-ე ნომერი გულშემატკივრებს აქტიურობისკენ მოუწოდებდა, ქართველის ხასიათს კარგად ავლენს. ის ბოლომდე შემართულია. აქედან გამომდინარე, მისთვის რთული იქნებოდა, ასეთ დროს პენალტის შესრულებაზე უარი ეთქვა. აქაც სპალეტიმდე მივალთ. "აინტახტთან" კარგად გამოჩნდა, ვერგატანილმა თერთმეტმეტრიანმა ხვიჩა როგორ დათრგუნა. ის ემოციურია. შეხვედრაში, სადაც ჩვენებურს ცოტათი არ უმართლებდა, ამ გადაწყვეტილებით სასწორზე ბევრი რამ დადგა. კვარაცხელიას მეკარემ აჯობა და მის თვალებს ცეცხლის დასანთებად ცოტა დრო დარჩა. შეუძლებელია, ამას ადამიანზე არ ემოქმედა. ასეთ დროს მეტი კონსულტაცია უნდა ყოფილიყო იმაზე, რამდენად მზად იყო მოთამაშე, რომელიც ამ დონეზე პირველ სეზონს ატარებს, ეს ტვირთი ეკისრა. კაპიტანი დი ლორენცო გაცილებით ცივსისხლიანი იქნებოდა, ანაც გოლმოწყურებულ ჯაკომო რასპადორისთვის იდეალური მომენტიც კი იყო...

Sportall.Ge

ერთი ამბავიც, კვარაცხელია კუთხურებს გუნდში ყველაზე სახიფათოდ ასრულებს. ნეაპოლელებმა ახლა ძალიან ბევრი, 16 კუთხური ჩააწოდეს და ხვიჩას მონაწილეობით ხიფათი ყველაზე მეტად შეიქმნა. ამხელა უპირატესობის სათანადოდ ვერგამოყენება არაფრით შეიძლება და სპალეტის სტანდარტულებზე უფრო მეტი მუშაობა რომ სჭირდება, აქამდეც გვითქვამს. მწვრთნელმა რესურსები სწორად უნდა გამოიყენოს, მარიო რუის მონაწილეობით რაღაც აბსურდულის მსგავსს, ორი მოთამაშის ჩართულობით ჩაწოდებას, ალტერნატივა უნდა გამოუჩნდეს!.. ქართველ გარემარბს აქ მეტი ნდობა უნდა ჰქონდეს, ამას მუდამ ვიმეორებთ.

"კვარა" ძალიან მზარდი ფეხბურთელია, სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული, ბევრი რამ დახვეწა და უკეთესი გახდა. მისთვის პენალტის ეპიზოდი დამატებითი მოტივაციაა, თუმცა ადრეც დავწერეთ, რომ ვიღაცისთვის გატანის დამატებითი შანსი პასუხისმგებლობა და სტრესია, სადაც კარის აღება ჩვეულებრივ ამბად აღიქმება, ვერგატანა კი... დიდი სპორტსმენობა რთულია, ერთი შეცდომა გულშემატკივრებმა იქნებ ძალიან ძვირად დაგიფასონ, დღეს მათი სათაყვანებელი გმირი იყო, ხვალ კი მხოლოდ იმის გამო აგითვალწუნონ, მათთვის მიუღებელი კლუბის წევრი გახდე. ხვიჩა ამ ყველაფრისთვის მზადაა. ლიონელ მესისთან საინტერესო პარალელის გავლება აქ შეიძლება - ლეგენდარულმა "ათიანმა" მნიშვნელოვანი პენალტებიც გააფუჭა, მორიგი ფინალის წაგების შემდეგ ნაკრებიდან წასვლაც გადაწყვიტა, საბოლოოდ კი ეს ისტორია არგენტინელთა ტრიუმფით დაასრულა - დიდებს სირთულეები არ აშინებთ და არასოდეს ნებდებიან!..

Sportall.Ge

ხვიჩა "მილანის" წინააღმდეგ

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სოციალურ ქსელებში გამაღიზიანებელი იყო ყველა ის გამოხმაურება, რომლებიც ხვიჩას უიღბლო დღეს მის მოედნის გარეთ ცხოვრებას აკავშირებდა, თუნდაც, ხუმრობის დონეზე. არიან ადამიანები, რომელთაც საკუთარი თავის დამკვიდრება მხოლოდ სხვაზე ნეგატიურად საუბრით წარმოუდგენიათ. ხვიჩა გულწრფელი ბიჭია, რომელიც საკუთარი რწმენისადმი დამოკიდებულებას სულ ავლენს, მათ შორის, მატჩის დაწყებამდე და ამ თემის განხილვისგან თავი ყველამ უნდა შეიკავოს. ჩასაფრებული ადამიანები არსად გამქრალან, ეს გამოჩნდა!..

სხვა ამბები

სათქმელი ბევრია, ყველაფრის ერთ წერილში თქმა შეუძლებელია. თუნდაც იმის, "ნაპოლის" ფეხბურთელები რომ შეეჩვივნენ, ვიქტორ ოსიმენს ნებისმიერი ბურთის დამორჩილება და დამუშავება შეუძლიაო. "მილანის" ტანმაღალ და ძლიერ ცენტრალურ მცველებთან ეს მატჩის ბოლომდე არ გამოვიდა. თავად ნიგერიელსაც ჩვეული შემართება და დამაჯერებლობა აკლდა, ტრავმა ახლახან მოიშუშა. შეტევაში მრავალფეროვნება იყო საჭირო.

ფლანგებიდან აქტიურობას შედეგი ვერ მოჰქონდა, რადგან პიოლის გუნდის ცენტრალური დაცვის ხაზი ორთაბრძოლებს არ აგებდა. ხვიჩა-ვიქტორის საფირმო კომბინაცია არაფრით გამოვიდა. ერთხელაც გამოჩნდა, ჩვენებურის ფლანგზე ფეხბურთელებს მეტი რომ მოეთხოვებათ. მატიას ოლივერას თამაშმა უფრო იმაში დაგვარწმუნა, მარიო რუი სასტარტოში ასე ხშირად რატომაცაა. ნეაპოლელებს შუა ხაზში უფრო შემოქმედებითი მოთამაშეები სჭირდებათ, ვიდრე ჰყავს, ესეც ფაქტია.

იმით უნდა დავასრულოთ, რითაც დავიწყეთ - ამ გუნდს 33 წლის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონობა, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს და ეს ძალიან დიდი ზეიმის საფუძველია, რომლის ერთ-ერთი შემოქმედი ქართველია!..

altჟირუსა და კვარაცხელიას გამოუყენებელი პენალტები - "ნაპოლიმ" "მილანს" ვერ სძლია და ნახევარფინალში ვერ გავიდა [VIDEO]

altკვარაცხელია: რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს

მკითხველის კომენტარები / 61 /
ხვიჩა დღეს 2-3-ჯერ ჯობია იმ ხვიჩას, რაც სპალეტიმდე იყო, ამიტომ იმაზე დავა, რომ სპალეტი მას არ სწყალობს და რაღაცებს მამაძაღლობს, სისულელეა. ხვიჩა დღეს ზრდის მომენტშია და ეს ზრდა სახეზეა, მეტი რა გინდათ? დღეს პენალტი აღარავისთვის აღარაა ას პროცენტიანი გოლი, ასეთად რომ იქცეს კვარამ და ყველამ პენალტის ცხრიანში დარტყმა უნდა ისწავლონ.
ჟორა გაბრიჭიძე
18:11 20-04-2023
1
ხვიჩაზე არ გავიგო არაფერი ცუდი. ამ ბიჭმა ქვეყნისთვის იმდენი გააკეთა, რის მეასედსაც ვერავინ გააკეთებთ. მან ბოლომდე იბრძოლა და ესაა ყველაზე მთავარი, გამარჯვება მეორე ხარისხოვანია. ხვიჩა გააჩუმებს ყველას და ამას ჩვენ დავინახავთ.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული