უმადურობა, სპალეტის პიოლისთან წაგებული დუელი და შემოქმედი კვარაცხელია

AutoSharing Option
რატომაა ხვიჩა საუკეთესო და რატომ არ აღიარებს ამას იტალიური მედია?

მიუხედავად იმისა, რომ "მილანთან" "ნაპოლის" მატჩის წინ ოპტიმისტურად არ ვიყავი განწყობილი, მაინც რაღაც იმედგაცრუებული, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად დათრგუნულიც კი დავრჩი. ნეაპოლური გუნდი "როსონერისთან" ბოლო მატჩებში უკეთ გამოიყურებოდა, ინიციატივას ფლობდა, განუწყვეტლივ უტევდა და სწორედ ეს ქმნიდა ცრუ ილუზიას. მთავარი კი ტაბლოა და არა ბურთის ფლობა და კარისაკენ ან კარში დარტყმები. უდავოა, სტეფანო პიოლიმ ლუჩანო სპალეტის სამივე დუელი მოუგო - 4:0, 1:0 და გამარჯვების ტოლფასი 1:1.

თუ ბოლო მატჩის სტატისტიკას გადავხედავთ, ვიღაც
იფიქრებს, რომ "ნაპოლის" არ გაუმართლა. ეს ნაწილობრივ ასეა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. ბურთის ფლობა 73.5%-26.5%-თან, კარისკენ დარტყმები 23-6, მათ შორის საჯარიმოს გარედან 21-6, გადაცემები 601-223, ოღონდ ეს ყველაფერი წარმატების ფაქტორში მაცდურია.

პიოლი მიხვდა, რომ "ნაპოლისთან" ღია თამაში დამღუპველი იქნებოდა. ამიტომ ღრმად უკან ჩააყენა გუნდი და მეტოქეს სივრცეები მაქსიმალურად შეუზღუდა, ტრავმამორჩენილი ვიქტორ ოსიმენი თითქმის გაანეიტრალა და მოწინააღმდეგეს კარში დარტყმისას ცაიტნოტში ამყოფებდა. ამიტომ მათ მიერ მხოლოდ 4-ჯერ დარტყმული ბურთი წავიდა კარის ჩარჩოში - 9 დაუბლოკეს. ვერაფერს იტყვი, მილანელებმა ზედმიწევნით ზუსტად იმოქმედეს და დამრიგებლის დავალებები უზადოდ შეასრულეს. ისიც სათქმელია, რომ პიოლის განკარგულებაში ამ სტრატეგიული ამოცანის რეალიზაციისათვის საჭირო და უნარიანი ფეხბურთელები ჰყავს.

რას წარმოადგენს "ნაპოლი"? ახლა რასაც ვიტყვი, მავანი სუბიექტურობაში ჩამითვლის, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ეს სერია A-ს საშუალო დონის გუნდია. სპალეტის ჰყავს კარგი კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, კიმ მინ ჯე, ჯგუფი მუშა ფეხბურთელებისა და ბომბარდირი ვიქტორ ოსიმენი, რომელიც გუნდში მესამე სეზონს ატარებს და აქამდე ასეთი შედეგიანი არ ყოფილა, რაც, ალბათ, დამეთანხმებით, დიდწილად გუნდში კვარაცხელიას მისვლითაა განპირობებული.

Opta-ს მონაცემებით, "მილანთან" დაპირისპირებაში ხვიჩამ 18-დან 10 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, ვიზავის საჯარიმოში 19-ჯერ შეეხო ბურთს, რაც ამ სეზონში ვინისიუსის რეკორდის გამეორებაა და 5-ჯერ მისცა პარტნიორებს კარში დასარტყმელად პასი. "ნაპოლი" ძალიანაა დამოკიდებული ქართველზე, რამეთუ სხვა შემოქმედი არ ჰყავს. თავად განსაჯეთ, მას ბურთზე 98 შეხება ჰქონდა (ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი) და ამ დროს ყველა მხოლოდ გამოუყენებელ პენალტს გაიხსენებს, რომლის სათანადოდ შესასრულებლად, ელემენტარულად, ძალა აღარ ეყო.

ერთმა იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ სამი მცველით თვით დიეგო მარადონას არ მეურვეობდნენ და "კვარა" მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. სპალეტი კი ჯიუტად დაცვაში დაბრუნებასაც სთხოვს. ადამიანს გააჩნია შესაძლებლობების ზღვარი და არ შეიძლება ასე გათანგო, მით უმეტეს, როცა მასზე ხარ დამოკიდებული. გაცუდებული თერთმეტმეტრიანის გარდა, მეორე ტაიმში იყო ეპიზოდი, როდესაც კვარაცხელიას ზუსტი გადაცემის გასაკეთებლად ენერგია დააკლდა. მას უკანასკნელ 6 დაპირისპირებაში (ნაკრების ჩათვლით) თავი საგოლე მოქმედებით არ გამოუჩენია, რადგან ამხელა ტვირთის ზიდვით უბრალოდ გადაიღალა. გაიხარეს ჩასაფრებულებმა, რაც ყველაზე სამწუხაროა, მათ შორის, ჩვენმა თანამემამულეებმაც, რომლებიც რატომღაც ქართველის მეტოქეს გულშემატკივრობდნენ. აგრეთვე გასაკვირია იტალიური მედიის დამოკიდებულებაც, მაშინ, როდესაც უცხოურმა გამოცემებმა კვარაცხელიას საუკეთესო შეფასებები დაუწერეს, ადგილობრივებმა, ფაქტობრივად, გარჯა დაუწუნეს:

Whoscored 8.2, Flashscore 8.2, Sofascore 7.6. -  Areanapoli 6, Corriere dello Sport 5, Calciomercato 5, Calcionapoli 5, Goal Italia 4.5, Sportmediaset 4.5.

ამას გარდა, როგორც ჩანს, ადგილობრივებისგან სოციალურ ქსელებში იმდენად დიდი იყო უარყოფითი გამოხმაურება, რომ ჩვენებურს Il Mattino-ს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა ტრიესტე გამოექომაგა: 
"ხელები შორს კვარაცხელიასგან. კარგი, პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ამ საღამომდე რომ მოვედით და რამდენიმე საათი ვიოცნებეთ, ეს, პირველ რიგში, მისი დამსახურებაა".

აშკარაა, ხვიჩა დაიქანცა ფიზიკურად და ემოციურად. ხუმრობა საქმე ხომ არაა, ისეთ რთულ ლიგაში, როგორიც სერია A-ა, პირველივე სეზონში სამჯერ გახდე თვის საუკეთესო ფეხბურთელი. თანაც, დღევანდელ ფეხბურთში, სადაც ვარსკვლავების მწვავე დეფიციტია, ის ალამაზებს სპორტის ნომერ პირველ სახეობას, განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და ამიტომ მოველით მის ყოველ თამაშს მოუთმენლად. ეს მხოლოდ კვარაცხელიას დიადი კარიერის დასაწყისია და ჩვენ კიდევ უამრავ სიხარულს მოგვანიჭებს - ეს უეჭველია!

მიმომხილველი

alt"ხვიჩას პენალტი სწორედ ამიტომ არ უნდა დაერტყა" - სიომინი კვარაცხელიას გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანზე

altხვიჩა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

altხვიჩამ ბაზაზე გაფუჭებული პენალტის გამო თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა - რა უპასუხა კვარაცხელიას "ნაპოლის" კაპიტანმა

altროგორი იქნება კვარაცხელია ამ მატჩის შემდეგ? - ხვიჩას ახალი სიტყვა და დიდება ამპარტავნების გარეშე!..

მკითხველის კომენტარები / 80 /
ქართველების ის მცირე ნაწილი, ვინც მილანს ქომაგობდა კვარას წინააღმდეგ, არიან ფსიქიკურად დეგრადირებულნი, რომლებიც საკუთარ ოჯახის წევრსაც კი დაწყევლიან, თუ მილანის წინააღმდეგ ითამაშებს!
Რაგბის ფანი
04:13 21-04-2023
13
რასაც ხვიჩა აკეთებს პირველივე სეზონში ეს ფანტასტიკაა. მე იმ ''ქართველებზე'' მინდა ორი სიტყვა დავწერო ვინც მილანს გულშემატკივრობენ. ყველას ჩვენი გემოვნება გვაქვს ფეხბურში ეს გასაგებია. მე იმ დინამოს შემდეგ ვერასოდეს ვერ გავხდი ვერცერთი გუნდის ისეთი გულშემატკივარი რომ ისე გავიხარო და მეწყინოს როგორც დინამოს დროს. ჩემთვის ის დინამო დარჩება სამუდამოდ. მაგრამ მქონია სიმპატია და ინტერესი მეყურებინა სხვა და სხვა დროს სხვა და სხვა გუნდებისათვის. ასეთები იყვნენ მანიუ ფერგიუსონის დროს, ბარსაც ადრეულ დროს და მესისი დროს, რეალიც, მილანიც კახას გამო, ლივერიც, ბავარიაც მოკლედ ვიტყვი ფეხბურთის გურმანი ვარ და არა რომელიმე გუნდის გულშემატკივარი. ახლა კი ხვიჩას გამო ძალიან ვქომაგუბ ნაპოლის. მეამაყება ხვიჩა რომ ნაპოლის ლიდერია და მე ვერასოდეს ვერ გავიგებ ''ქართველი'' როგორ უნდა ქომაგობდეს ხვიჩას მოწინააღმდეგე გუნდს. ჩვენ ხომ არ გვყავს ისეთი გუნდი ქართული რომ ევროპაზე მისი მიღწევებით გავიხაროთ და ვიამაყოთ? იმ ქართველებს რანაირად ეამაყებათ სხვა ქვეყნის გუნდი ვერ ვხვდები და მომკალით. ალბათ იმიტომ რომ ბევრს არ გამოგიცდიათ რას ნიშნავს შენი ქვეყნის გუნდი რომ დიდ სიხარულს, ბედიერებას და სიამაყეს განიჭებს. თუმცა მთლად ესეც არ მგონია იყოს, რადგან ერთხელ შოტლადიის თამაშის წინ მათ გულშემატკივრებს გამოველაპარაკე და მოზერვილის გულშემატკივარი აღმოჩდა. ვკითხე ევროპაზე რეინჯერს გულშემატკივრობ თუ სელტიკს მეთქი და მითხრა მე მოზერვილი ფანი ვარ ბავშვობიდანო. იმ დროს პრემიერ ლიგადან გავარდნილი იყო. მაშინ მივხვდი რატომ დარჩა ჩემი გული იმ დინამოსთან სამუდამოთ.
G.LA
10:55 21-04-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული