დებიუტი თანაბარი იყო. კვარაცხელიას მიერ შორიდან თავით დარტყმული ბურთი მეკარე შესნიმ მოიგერია, თუმცა მსაჯმა ჯარიმა დააფიქსირა. ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები არ იქმნებოდა, ხვიჩა დაცვასაც აქტიურად ეხმარებოდა, რამდენჯერმე მეტოქეს აართვა ბურთი. სახიფათო იყო მასპინძელთა კონტრიერიში, როდესაც რაბიოს გარღვევას შედეგი არ მოჰყვა. „კვარას“ ყურადღებით მეურვეობდა გატი, სახეში შეგნებულად უკნიდან ხელი ჩაარტყა, თუმცა, საბედნიეროდ, თამაშის გაგრძელება შეძლო. 39-ე წუთზე ხვიჩამ მახვილი კუთხიდან საჯარიმოდან კარში დაარტყა და ბურთი შესნიმ მოიგერია.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. კვარაცხელიას გატანა მეკარემ არ დაანება, მერე საჯარიმოს გარედან არაზუსტად დაარტყა. ნეაპოლელები თანდათან უპირატესობას დაეუფლნენ, მაგრამ უხიფათოდ უტევდნენ და მწვრთნელმა სპალეტიმ ლოსანოსა და ნდომბელეს ნაცვლად მოედანზე ზელინსკი და ელმასი შეუშვა, თამაში გაამწვავა. ოსიმენმა ორჯერ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. სწრაფი კონტრშეტევისას დი მარიამ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ იქამდე წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა. სპალეტიმ ხვიჩა 86-ე წუთზე რასპადორით შეცვალა. ტურინელები უკვე უფრო აქტიურები იყვნენ, კიდევ ერთი გოლი არ ჩაუთვალეს, რადგან ჩაწოდების მომენტში ბურთი პირით ხაზს იქით გავიდა, ხოლო კომპენსირებულ დროში რასპადორიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.
„ნაპოლი“ 78 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს და 29 აპრილს „სალერნიტანას“ უმასპინძლებს.
ტურინი. „ალიანც სტადიუმი“
იუვენტუსი - ნაპოლი 0:1
გოლი: რასპადორი (90+3)