ქართული ზეიმის დროა - მარადონასთან გადაჯაჭვული ხვიჩა და დუეტი განსხვავებული დიზაინით...

AutoSharing Option
რამდენჯერ გაგვიმართლებია თავი იმით, რომ ესა თუ ის საქმე ჩვენ ძალებს აღემატებოდა; რომ ვცადეთ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. ისიც გვითქვამს, ამ დონისთვის შესაფერისი გამოცდილება დაგვაკლდა, თორემ უნარები საკმარისად გაგვაჩნდა. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამ ყველაფერზე მაღლა დადგა და უმოკლეს დროში საწადელს მიაღწია -  შესაძლებლობების სრულად გამოვლენა, ამის შედეგებში ასახვა და ადამიანური ფასეულობების წარმოუდგენლად დიდი აუდიტორიისთვის ჩვენება!..

Sportall.Ge

ფეხბურთს რამდენიმე აღიარებული პერსონა ჰყავს. ერთ-ერთი მთავარი დიეგო მარადონაა. "კვარამ" მოახერხა, მისი წარმატების გზა ლეგენდარულ არგენტინელთან გადაჯაჭვულიყო - სკუდეტო ემოციებით გაჯერებულ
ქალაქ ნეაპოლში დაბრუნდა. ხალხის 33-წლიანმა მოლოდინმა ვულკანის სახით ამოხეთქა. ათწლეულები გავა და ეს გამარჯვება ადგილობრივებისთვის ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს, დიდხნიანი პაუზის შემდეგ კვარაცხელიამ და ოსიმენმა რომ აჩუქეს.

შესაძლოა, ზოგჯერ ფეხბურთი ბოლომდე სამართლიანი არაა, შეტევა და გოლი ყველაფერზე მაღლა დგება და ვინმეს გარჯა ცოტათი იკარგება, კიდეც, თუმცა "ნაპოლის" ეს ტრიუმფი დიდი დოზით ქართველსა და ნიგერიელზე მოდის. სეზონის საუკეთესო ვინ უნდა გახდეს? საჩემპიონო ქულის მომტანი გოლის შემდეგ, ვიქტორის შანსები იქნებ გაიზარდა, მაგრამ როგორ მოხდა ეს? ხვიჩამ კუთხურის დროს, მისთვის უკვე ჩვეულ ე.წ გადმოვარდნილ ბურთზე თამაშისას ისევ მახვილგონიერად იმოქმედა და მორიგი საგოლე ეპიზოდი შექმნა. "კვარადონამ" მშვენივრად დაარტყა, რასაც ოსიმენის ასევე სწრაფი რეაგირება და გოლი მოჰყვა. მსგავსი ეპიზოდი "იუვენტუსთანაც" გვახსოვს, როცა ჩვენებურმა "მაკრატელა" შემოგვთავაზა, შემდეგ კი "ცხრიანმა" მეტოქის კარის ბადე შეარხია. ამ წყვილის შეთამაშება მართლაც სხვა მასშტაბებზეა. როცა ოსიმენმა "რომასთან" შედევრი შექმნა, მოხდენილი და ზომიერი პასი ხომ ქართველი გარემარბისა იყო. ვნახეთ "ასისტი" ცარიელი კარის წინ. ყველაფერ ამის შემოქმედებასთან ერთად, კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონი გაალამაზა - ბევრი ფინტით, არაორდინალური მოქმედებით და მთელი ამ მოულოდნელი შემოჭრით, დამატებითი ინგრედიენტით, რომელმაც კერძი უბრალოდ უფრო მადისაღმძრველი კი არ გახადა, საბოლოო და წარმატებული სახე მისცა.

Sportall.Ge

ოსიმენიც მრავალმხრივ დაჯილდოვებულია - განსხვავებული ტექნიკა, რომელიც ზედმეტად ნატიფი და "ხელოვნურად გამოყვანილი" სულაც არაა,
გოლის ალღო, შეუპოვრობა და განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე მოპოვებული ბურთების გოლად ქცევა. ნიგერიელს 22 შედეგიანი დარტყმა აქვს.

ხვიჩასა და ვიქტორის ურთიერთობა უფრო მეტი უნდა გახდეს, ვიდრე დროებით ერთ გუნდში თამაშია. შესაძლოა, ის რაულისა და მორიენტესის გზით წავიდეს და საბოლოო სახე მიეცეს. სეზონის წინ იტალიელები აქტიურად წერდნენ, რომ შესაბამისის მეწყვილის პირობებში, ოსიმენი უკეთ ათამაშდებოდა და ორჯერ მეტს გაიტანდა. ასეც მოხდა. "ლივერპულის" მრისხანება ხომ მაშინ ჩამოყალიბდა, როცა იან რაში კენი დალგლიშის მეწყვილე გახდა. ასე იწერება დიდი ისტორიები!.. ეს დუეტი ცბიერიცაა, მხიარულიც, მახვილგონიერი და მეტოქეებისთვის საზიზღარიც კი. მათ განსხვავებული დიზაინი შექმნეს, როგორც ერთმანეთის, ასევე ადგილობრივების მიმართ კი დიდ პატივისცემას ამჟღავნებენ. ისინი ერთმანეთს ხშირად ამხნევებენ...

Sportall.Ge

ზეიმის დროა და ეს ეს მათ შორის საქართველოს ეხება. სულ სხვა მასშტაბებზე ვართ, რისიც ცოტა ხნის წინ ბევრს არ სწამდა. მთავარი მაინც ისაა, რომ "კვარადონასთვის" ყველაფერი ეს მხოლოდ დასაწყისია. მას ძალიან დიდი მიზნები აქვს და მის განსახორციელებლად არაფერს დაიშურებს. ხვიჩა ყოველთვის ყურს უგდებს მწვრთნელებს, რომელთაც მის სრულყოფაში დახმარება შეუძლიათ. ჩვენებური ყოველდღიურად სწავლობს, ახალს იმეცნებს, მიღწეულით არ კმაყოფილდება!..

altდიდებულია - კვარაცხელია სადებიუტო სეზონში "ნაპოლისთან" ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

altჩემპიონის პირველი ფოტო - "უფლის იწამე მარად"

მკითხველის კომენტარები / 12 /
ამ სტატიას 3 დისლაიქი რომ აქვს ეს ალბათ ჩრიდილომაკედონიელები წერენ, ელმასის გამოგზავნილი ხალხი ალბათ
კაპიტან გარდენბურგი
12:22 07-05-2023
2
ნუთუ როდესმე ფარსადანოვიჩის დინამოს შემდეგ სიხარულით ვიტირებდი? დღეს ვზივარ და ცრემლები სიხარულისა მახრჩობს. მადლობა შვილო, იხაროს შენმა გამზრდელმა. მეგონა დინამოს შემდეგ ვეღარ ვუყურებდი ფეხბურთს და არც მიყურებია, რა ვქნა ვერ გავხდი იმათი ფანი ვისაც დინამო ისე გადაუვლიდა, რომ არც შეიმჩნევდა. ახლა ხვიჩას და ნაპოლის ისე ვუცდი, როგორც დინამოს, დათოს ვოვას, საშას. რამაზს, ვიტალის, მანუჩარს, ტუხას(ჩემს საყვარელ ფეხბურთელს). აღსდგა ის ემოციები, ისევ ხარობს ქართული ჯიში და ჯილაგი. აღარ მინდა სიკვდილი, მე ნაპოლის და ხვიჩას ველოდები.
თემო
20:04 06-05-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული