ნოე სულაბერიძეს გადაცემაში "ნოესთან" სტუმრად საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ჰყავდა. წამყვანმა და სტუმარმა სხვადასხვა აქტუალურ თემებზე ისაუბრეს.
კარიერა
"თავიდანვე კარში ვიდექი, მამაჩემი "გაგრას" მეკარეების მწვრთნელი იყო, მეკარეობა მათ ბავშვებში დავიწყე, 12 წლის ასაკში წავედი "დინამოს" აკადემიაში და იქიდან დავიწყე გაზრდა. ზოგადად რთული ხასიათი მაქვს, მიყვარს შრომა და ჩემს თავზე მუშაობა, არ ვეგუები წარუმატებლობებს. ბავშვობაში ხერხემლის პრობლემა მქონდა, ამის გამო ვფიქრობდი გამეგრძელებინა თუ არა ფეხბურთის თამაში,
არავინ არ ფიქრობდა, რომ მე ვითამაშებდი.
13-14 წლის ასაკში "დინამოს" აკადემიაში თამაში არ მიწევდა, რის გამოც მამაჩემმა მარტვილის "მერანში" წამიყვანა, იქ იყო მეკარეების მწვრთნელი, 6 თვე იქ გავატარე, შემდეგ კი უკან "დინამოში" უფრო ძლიერი დავბრუნდი, სადაც 17 და 19 წლამდელები გავიარე, პირველ გუნდში ამწიეს, სადაც თამაში არ მიწევდა, გამანათხოვრეს "რუსთავში", სადაც 1 წელი დავყავი, შემდეგ წავედი "ლოკომოტივში", 1.5 წელი ვითამაშე იქ და მაგარი წელიწადნახევარი იყო... შემდეგ კი უკვე "ვალენსია".
ქართველები და ქართული დროშა "მესტალიაზე"
ზოგადად მიხარია ქართული დროშის სტადიონზე დანახვა, ერთიც რომ იყოს რაღაცას ნიშნავს. ალბათ ჩვენ განსაკუთრებით გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და გვინდა წარმოვაჩინოთ.
"ვალენსიაში" გადასვლა
ერთგვარი რისკი იყო, როცა ოჯახი დავსხედით და დავიწყეთ ლაპარაკი, იყო საშიშროება, რადგან ჯერ საშუალო დონის გუნდში უნდა წახვიდე, მამაჩემმა მითხრა მოდი გავრისკოთ, რადგან იქ მოსახვედრად 1 ნაბიჯი გაქვსო, ასეც მოხდა, ცოტა გამიმართლა, მეკარეების ტრავმები იყო, მეც კარგად ვიყავი, დავიწყე თამაში... თავიდან ძალიან რთული იყო, ესპანური არ ვიცოდი, ინგლისური - ცოტა. სილესენი დამეხმარა გუნდთან ადაპტაციის გავლაში, შემდეგ გუნდში ძალიან კარგად მიმიღეს, ოჯახური გარემო იყო, მარტივად შევედი კომუნიკაციაში, ახლა ესპანურიც ვისწავლე.
დებიუტი
მანამდე "მილანთან" ამხანაგური თამაში იყო, ისე აეწყო ყველაფერი, რომ ვერც ვიგრძენი ლა ლიგის თამაშში რომ მქონდა დებიუტი. რომ დამთავრდა მატჩი დავეცი მინდორზე, ეგ შეგრძნება არასდროს დამავიწყდება, ვერ აღვწერ ისეთი ემოციური იყო, რაღაც რომ გულით გინდა და რომ გააკეთებ ეგ გრძნობა მქონდა. მაგ თარიღამდე თვენახევრის წინ ეროვნულ ლიგაში "თელავთან" მქონდა თამაში და 0:3 წავაგეთ, თვენახევარში ლა ლიგაში, ეს ძალიან დიდი ნახტომი იყო, რაც სასიხარულოა. ეროვნულ ლიგაში როდესაც ვიყავი ვიცოდი "ვალენსიას" ინტერესზე, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი თუ ეს ყველაფერი ასე მალე მოხდებოდა და ასე მალე ვითამაშებდი ლა ლიგაში, ენა არ ვიცოდი, ამხელა გუნდი... საერთოდ არ ველოდებოდი.
დებიუტი ნაკრებში
პირველი თამაში ნაკრების მაისურით ბულგარეთთან ვითამაშე, წავაგეთ, მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი, ჩემი მიზანი და ოცნება იყო ნაკრებში თამაში, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ დებიუტი შედგა, შემდეგ ოფიციალურ შეხვედრაში მაკედონიასთან ვითამაშე, 2:0 მოვიგეთ, ძალიან ბედნიერი ვიყავი, თან მოვიგეთ, თან ოფიციალურ თამაშში დებიუტი... ზოგადად ფეხბურთელისთვის ნაკრები ძალიან ბევრს ნიშნავს.
ნაკრებში თამაში ძალიან რთულია, რადგან გიწევს შენი ხალხის წინაშე თამაში, შენი გერბის... გუნდში რაც არუნდა ბევრი ტიტული გქონდეს მოგებული, ნაკრებში თამაში საერთოდ სხვა რაღაცააა... დიდი წნეხია.
გადაცემის წამყვანმა ბოლო შეკითხვაში გიორგის გრანდების შესაძლო დაინტერესებაზე ჰკითხა, რაზედაც, რა თქმა უნდა, დაკონკრეტების გარეშე ქართველი მეკარე დაეთანხმა. როგორც ჩანს, მამარდაშვილის მიმართ ინტერესი მართლაც რომ დიდია.
"ვინ მენატრება ყველაზე მეტად? მშობლები" - თემურ ქეცბაია სტუმრად "ნოესთან" [VIDEO]
ხვიჩა კვარაცხელია ჯუღელზე, ქართველ ფეხბურთელებსა და "იუვენტუსთან" არშემდგარ მოლაპარაკებაზე საუბრობს