ხვიჩა კვარაცხელია ჯუღელზე, ქართველ ფეხბურთელებსა და "იუვენტუსთან" არშემდგარ მოლაპარაკებაზე საუბრობს

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედზე" თოქ-შოუს "ნოესთან" სტუმარი ხვიჩა კვარაცხელია იყო. საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ლიდერმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

ხვიჩა კვარაცხელია

"ხვიჩა კვარცხელია ერთ-ერთი მეოცნებე ბიჭია, რომელმაც ბავშვობიდან ოცნება დაიწყო და ამ ოცნებისკენ მიისწრაფვის. ზოგადად, ჩემს თავზე საუბარი დიდად არ მიყვარს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ხვიჩა არის მშრომელი ადამიანი, რომელიც თავისი საქმისა და ოჯახისთვის ყველაფერს აკეთებს".

ოცნება

"ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ოცნება, ალბათ, ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. მთელი ცხოვრების განმავლობაში ოჯახთან ერთად მადრიდის "რეალს" ვგულშემატკივრობდი და ოცნებაც მათთან ერთად მოგებაა".

ბავშვობა

"სადღაც 4-5 წლის
ასაკში მივხვდი, რომ ფეხბურთელობა მინდოდა. ვუყურებდი ამ სპორტს. მახსოვს, ფეხბურთი გუტიმ შემაყვარა, ძალიან მომწონდა. ზოგადად, ყველას უყვარს ფეხბურთელი, რომელიც გოლს იტანს. ეს იყო სპორტსმენი, რომელიც ჭკვიანურად თამაშობდა. პასით და ნელი თამაშით სასწაულ რაღაცებს აკეთებდა. ბევრი მეუბნებოდა ეზოში, რომ ძალიან კარგად ვთამაშობდი. თითქოს ამას დიდ ყურადღებასაც არ ვაქცევდი, ვხედავდი, რომ ჩემნაირი ბევრი კარგი ბავშვი იყო. არ მინდოდა, ვინმეს რაიმე ცუდად ეფიქრა. ვფიქრობდი, რომ მეც ჩვეულებრივი ფეხბურთელი ვიყავი. დიდად მაგ დროს არ ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა დიდი ფეხბურთელი გავმხდარიყავი და მით უმეტეს, ეროვნულ ნაკრებში ვითამაშებდი. 11-12 წლის ასაკში თბილისის "დინამოში" როცა მივედი, იქ მივხვდი, რომ უკვე პროფესიონალურ დონეზე გადავდიოდი და ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, გადამედო და როცა მოვხვდი, იქიდან დაიწყო ყველაფერი. მადლიერი ვარ მათი, რომ დღეს პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ, პერსონალის თითოეულ წევრს ამისთვის მადლობას ვუხდი".

მშობლები

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს მშობლებს ჩემს საფეხბურთო კარიერაში დიდი წვლილი მიუძღვით. იყო ცუდი პერიოდიც, ძალიან ცუდი, რომელსაც მე ოჯახთან ერთად გავუმკლავდი. ყველაზე მთავარი, ჩემს თავში რაც მომეწონა, ისაა, რომ ცუდი დროც მაქვს ნანახი და ამან დიდი მოტივაცია მომცა იმისთვის, რომ ჰქონოდა ჩემს ოჯახს ის ყველაფერი, რაც უფრო დიდ ადამიანებს ჰქონდათ. ამან დიდი მოტივაცია მომცა. ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, ცუდ დროსაც ჩემ გვერდით იყვნენ და მინდოდა, რომ მათთან ერთად ბევრისთვის მიმეღწია. თითქმის ყოველთვის ვარჯიშზე დედაჩემს დავყავდი. მაშინ მამაჩემი მწვრთნელი იყო და დრო არ ჰქონდა, მაგრამ მაინც სულ დედასთან ერთად დავდიოდი. იყო თოვლი, წვიმა, სულ დამყვებოდა და ჩემ გვერდით იყო, ზოგადად, დედამ ჩემს კარიერაში დიდი როლი ითამაშა. რა თქმა უნდა, მამამაც, ფეხბურთელი და მწვრთნელი იყო, თითქმის ყველა თამაშის შემდეგ ფეხბურთთან დაკავშირებით ვსაუბრობდით, მიხსნიდა და მასწავლიდა რაღაცებს, მაგრამ არც ერთხელ მას ჩემთვის ვარჯიში არ დაუძალებია. მას უნდოდა, რომ ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორც მე მინდოდა. მოკლედ რომ გითხრათ, თავისუფლებას მაძლევდა, არასდროს დაუძალებია, გინდა თუ არა ფეხბურთი ითამაშეო, ყველაფერს საკუთარი სურვილით ვაკეთებდი".

თბილისის "დინამო"

"16 წლის როცა ვიყავი, "დინამოს" პირველ გუნდში თამაშის საშუალება მომეცა. ეს ფეხბურთელისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. მაშინ გუნდში ძალიან კარგი ფეხბურთელები იყვნენ და დიდი კონკურენციაც იყო. პირველი გოლიც გავიტანე და ჩემთვის ზენიტი იყო. მოგვიანებით "რუსთავში" წავედი, "დინამოში" დიდად სათამაშო დრო არ მეძლეოდა, რადგან ახალგაზრდა ვიყავი და "რუსთავის" ხელმძღვანელობამ მითხრა, რომ ყოველ თამაშზე სათამაშო დროს მომცემდნენ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ზოგადად, 14-17 წლის ასაკის ფეხბურთელებისთვის სათამაშო დრო პრიორიტეტულია, რათა პრაქტიკა მიიღოს და განვითარდეს და მეც როცა მითხრეს, რომ შემეძლო იმ ასაკში მოედანზე დიდი დრო გამეტარებინა, ბევრი არ მიფიქრია, წავედი. მით უმეტეს, ისეთი ადამიანების გუნდი იყო, რომლებთანაც ვახლობლობ".

ქართული ფეხბურთი

"ქართულ ფეხბურთს რაც შეეხება, ძალიან რთული საკითხია. პირველ რიგში, ალბათ ჩემზე გამოცდილ ბევრ ფეხბურთელს უსაუბრია. სავარაუდოდ, არის პრობლემა სტადიონების, მაგრამ ვხედავთ, უკვე რამდენი მოედანი აშენდა. ძალიან დიდი სხვაობაა, რაც იყო. მაგალითად, ბათუმში აშენდა კარგი სტადიონი და ყველა თამაშზე გადავსებულია. ყველა ხედავს, რომ ფეხბურთი საქართველოში წინ მიდის. მეტი აკადემია უნდა იყოს, როგორიც "დინამოს", "საბურთალოსა" და "ლოკომოტივის" აკადემიებია, იმიტომ, რომ მეც როცა ვიყავი ახალგაზრდა, საინტერესო თამაში "საბურთალოსთან" და "ლოკომოტივთან" გვქონდა ხოლმე, დანარჩენი ისეთი მატჩები იყო, რომ ვერაფერს ვსწავლობდი იმ თამაშისგან. სულ გვაკლდა ზრდა..."

ქართველები ევროპაში და არათანასწორი კონკურენცია

"ევროპულ გრანდებში მოხვედრა თითოეული ქართველი ფეხბურთელის ოცნებაა, რადგან დიდებული გუნდები არიან. ალბათ, ამ ეტაპზე ფეხბურთი ძალიან შეიცვალა და განვითარდა. ჩემი აზრით, ჩვენს ფეხბურთს სჭირდება ფეხბურთელები, რომლებმაც უნდა გახსნან ეს ეტაპი, რათა ქართველი ფეხბურთელი წავიდეს კარგი ჩემპიონატის კარგ გუნდში. ხდება ხოლმე, რომ ქართველი და ბრაზილიელი ერთ დონეზე იყვნენ, რადგან ბრაზილიელია, აირჩევენ ბრაზილიელს. ამიტომ ჩვენ სულ გვიწევს, რომ მაღლა ვიყოთ".

Sportall.Ge

მოსკოვის "ლოკომოტივში" გადასვლა

"მოსკოვის "ლოკომოტივში" ჩემი აგენტისა და, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ოჯახის წევრის, მამუკა ჯუღელის დახმარებით მოვხვდი. იჯარით წამიყვანეს. ძალიან მოვეწონე იური სიომინს. მან მომცა საშუალება მეთამაშა. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რადგან უცხო გარემოში მოვხვდი, თითქმის ყველა თამაშზე ტრიბუნები სავსე იყო. პირველი შეხვედრა, სადაც სასტარტო შემადგენლობაში მოვხვდი, იყო "ზენიტთან", რომელიც სულ ლიდერია და უცბად მითხრეს, რომ ძირითად შემადგენლობაში ვიყავი. დაუჯერებელი იყო. პირველი 5 წუთი ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი; არ ვიცოდი, რა ხდებოდა, წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ყველაფერი. მაშინ გუნდში ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი იყო, მაგალითად, მირანჩუკი, ფარფანი და სხვები, რომლებსაც ფლანგზე თამაში შეეძლოთ, მაგრამ მაძლევდნენ საშუალებას, რომ ჩემი სათქმელი მეთქვა. ამ გუნდში როგორც ფიზიკურად, ისე ადამიანურად გავიზარდე. სათამაშო დრო "რუბინში" უფრო მეტი მაქვს, რადგან მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ვსწავლობდი ჯერ. მართლა რთულია, როცა საქართველოდან უცბად რუსეთში მიდიხარ, სადაც სხვა გარემო და ტემპი გხვდება. ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ვარჯიშით და შრომით მივედი იმ ეტაპზე, რომ კარგად მეთამაშა. "რუბინშიც" მეტი სათამაშო დროისთვის წავედი".

"ლოკომოტივიდან" წამოსვლა

"ძალიან უხერხული მომენტი იყო. ალბათ, პირველი დიდი წყენა მანდ მივიღე, იმიტომ, რომ ვვარჯიშობდი, არაფერზე ვფიქრობდი, ვიცოდი, რომ "ლოკომოტივში" უნდა მეთამაშა. დამირეკა ჩემმა აგენტმა მამუკამ და მითხრა, რომ სიტუაცია შეიცვალა. მეც დიდად ამაზე არ მიფიქრია, გავატარე, მეგონა, ყველაფერი კარგად იქნებოდა და "ლოკომოტივში" თამაშს გავაგრძელებდი, მაგრამ ყველაფერი ძალიან სერიოზულ ეტაპზე მივიდა, ითხოვდნენ, რომ კონტრაქტზე ხელი მომეწერა და ისეთი ხელშეკრულება იყო, როგორიც ახალგაზრდა ფეხბურთელს არ აწყობდა. მითხრეს, რომ თუ ამ კონტრაქტს არ დავთანხმდებოდი, შემეძლო დამეტოვა სასტუმრო და თუნდაც საქართველოში დავბრუნებულიყავი. ეს მითხრა მამუკამ და მას, სავარაუდოდ, ხელმძღვანელობამ განუცხადა. მაშინ სიომინმა დამიძახა და მითხრა, რომ ასეთი მომენტი მირანჩუკსაც ჰქონდა, ის დარჩა და თამაში გააგრძელა. მაშინ უკვე ის დიდ ფეხბურთს თამაშობდა. მითხრა, რომ დავრჩენილიყავი და კარიერა "ლოკომოტივში" გამეგრძელებინა, თუმცა ჩემთვის წასვლა სჯობდა. გულში ძალიან დიდი წყენა მქონდა, რადგან არ მინდოდა ამ კაცთან ცუდად მოვქცეულიყავი, იმიტომ, რომ ჩემ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა, ისეთ დროს მენდო, როდესაც ძალიან მჭირდებოდა. ცოტა გულნატკენი ვიყავი, რომ ყველაფერი ასე გამოვიდა".

Sportall.Ge

"რუბინში" გადასვლა

"როდესაც "რუბინში" მივედი, ვიცოდი, რომ ბევრი მქონდა საშრომი, რათა ისევ ბევრი მეთამაშა და წარმატებისთვის მიმეღწია. მაშინ დიდი სირთულეები შემხვდა, რადგან უფრო მეტი უნდა დამემტკიცებინა იქ, ვიდრე ამის გაკეთება "ლოკომოტივში" მიწევდა. სლუცკი ძალიან კარგი მწვრთნელი და ადამიანია, ჩემ მიმართ კარგადაა განწყობილი და ზოგადადაც პოზიტიური ადამიანია, მოედანზეც ყველაფერს დაძაბულობის გარეშე გვიხსნის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური მწვრთნელია. რაც შეეხება ცნობილ ხელთათმანების მოსროლის ეპიზოდს, ჩემს თავზე მოშლილი მქონდა ნერვები, რადგან თამაში ძალიან მინდოდა. მაშინ ხელთათმანები ძირს ვისროლე. ეს, რა თქმა უნდა, სლუცკის მიმართულებით არ იყო".

ემოციურობა

"ყველაზე ძალიან წყობილებიდან გამოსული მაკედონიასთან თამაშამდე (კოვიდის დადასტურების დროს) და თამაშის შემდეგ ვიყავი. არ ვიცი, საიდან მოვიდა. ეგ დღეები ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო. მიფიქრია, რომ თუ მოედანზე ვიქნებოდი, არ წავაგებდით, რადგან ძალიან მაგარ ფორმაში ვიყავი და სტადიონზე ასეთ მნიშვნელოვან თამაშში ყველაფრის გაკეთებას შევძლებდი, სხეულიდან გამოვიდოდი, ალბათ. შემეძლო დახმარება და ერთად მოგება. ტრიბუნაზე მჯდომ მაყურებელს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეგეც ინდივიდუალურია. შეიძლება ფეხბურთელს დაძაბულობა ჰქონდეს, ეს ჩვეულებრივი მომენტია, იმიტომ, რომ გასვლით თამაშში 90 წუთის განმავლობაში ადგილობრივი გულშემატკივრები გისტვენენ, ცუდ რაღაცებსაც გეძახიან და ალბათ ზოგი ფეხბურთელისთვის რთულია. ჩემს შემთხვევაში ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, რაღაც მომენტში ეს სტვენა მოტივაციას მაძლევს და უფრო ჟინით გავდივარ".

Sportall.Ge

მამუკა ჯუღელი

"მამუკა ჩვენი ოჯახის წევრია, მამაჩემის ახლო მეგობარია, ბავშვობიდან ვიცნობ, სადღაც 13-14 წლის ასაკში საფეხბურთო ყურადღებას ის მაქცევდა. მარტივად შემიძლია ერთი მაგალითი გითხრათ: აგენტთან როცა მიდიხარ და ის შენი აგენტი ხდება, ყველა ფეხბურთელი კონტრაქტს აწერს ხელს. მე მამუკას არც ერთი ფეხბურთელი არ ვიცი, რომელსაც ამ ხელშეკრულებაზე ხელი აქვს მოწერილი, იმიტომ, რომ იმდენად მეგობრული ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, რომ უბრალოდ ფურცელია და სხვა არაფერი. მაშინ, როცა სათამაშოდ ყაზანში გადავედი, ჩემზე ძალიან დიდი ზეწოლა იყო, მეუბნებოდნენ, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე და გვერდში მხოლოდ ოჯახი მედგა. დღევანდელი გადმოსახედით, კარგი გადაწყვეტილება მივიღე, შეიძლება ამდენიც არ მეთამაშა სხვაგან".

პატრიოტობა

"ჩემი პატრიოტობა ბევრ რამეში გამოიხატება. მოედანზე შემიძლია 100%-ით დავიხარჯო, მაგრამ ქვეყნის სიყვარული ჩემთვის და ზოგადად, ქართველისთვის, პირველია. რუსეთში საერთოდ არ მიგრძვნია, რომ მე ქართველი ვარ და ის რუსი, პირიქით, ყველამ კარგად მიმიღო. პოლიტიკური საუბრები ჩვენთან არ არის, რადგან ჩვენ არა გვეხება ის, ჩვენ ჩვენი საქმე გვაბარია და ამას ვაკეთებთ. როგორც ქართველს, რა თქმა უნდა, მაწუხებს, მაგრამ სპორტი და პოლიტიკა განსხვავდება. შენ თამაშობ ფეხბურთს და არიან ის ადამიანები, რომლებიც ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. მე ვთამაშობ ფეხბურთს".

ბაზაზე ცხოვრება

"ამ ასაკში მნიშვნელოვანია, სად ცხოვრობ და ასე ვთქვათ, გარემოცვა. როდესაც ჩავედი, ვიცოდი უკვე, რომ ბაზაზე უნდა მეცხოვრა, რადგან ძალიან კარგი ბაზაა, ყველაფერია, რომ ივარჯიშო. ჩემი აზრით, ამ ასაკის ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი. ასე ვთქვათ, ბაზა ამ ყველაფერში მეხმარებოდა, უკვე 2 წელია იქ ვცხოვრობ, მაგრამ სახლიც მაქვს იქ და შემიძლია წასვლა. შეიძლება 1 კვირა ბაზაზე ვიყო და 1 დღე სახლში გავატარო, იმიტომ, რომ 2 წელია უკვე ბაზაზე ვარ და ხანდახან რთულია, როცა სულ ერთსა და იმავეს ხედავ, გარემოს ცვლილება საჭიროა".

მთავარი ადამიანი წარმატებაში

"კარიერული თვალსაზრისით, ალბათ, მამუკა ჯუღელი. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებზე თქმაც არ სჭირდება, მაგრამ მამუკა ჯუღელი".

Sportall.Ge

3 საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

"იმ ლეგენდარული ფეხბურთელების თამაში არ მაქვს ნანახი, ამიტომ შევეცდები, არ დავასახელო. პირველ რიგში, კახა კალაძე, ჩემთვის მასწავლებელია, შრომისგან ისეთ რაღაცას მიაღწია, თან ისეთ დროს, რომ ყველასთვის წარმოუდგენელი იყო, 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. რა თქმა უნდა, გიორგი ქინქლაძეც. ბევრს უთქვამს ჩემთვის, რომ ისეთი ტალანტი ჰქონდა, როგორიც მესის აქვს. შეეძლო ძალიან ბევრისთვის მიეღწია და მესამეს დასახელება რთულია".

ფინანსური საკითხი

"ძალიან ინდივიდუალურია. ზოგისთვის ფული ფეხბურთზე დიდი და მეტია. ჩემთვის ფეხბურთი პირველია, მისით სიამოვნებას ვიღებ, დიდად ფინანსური საკითხი არ მადარდებს. მინდა, რომ პატარა გულშემატკივრები (დიდებიც) გავახარო (მაგალითად, როცა ხვიჩას მაისურით არიან); მინდა უფრო სათქმელი ჰქონდეთ, მათთვის მინდა მაგალითი ვიყო, მათ ჩემით იამაყონ და მერე მე მათით".

პერსპექტიული ფეხბურთელი ნაკრებიდან ან ნაკრებს მიღმა

"ძალიან ბევრია ასეთი, შემიძლია ახალგაზრდა ფეხბურთელები ჩამოვთვალო, როგორებიც არიან აზაროვი, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, გიორბელიძე, ლოჩოშვილი... არ მინდა ვინმე გამომრჩეს, წიტაიშვილი... ქართველი ფეხბურთელები იმდენად ნიჭიერები არიან, რომ ყველაფერი შეუძლიათ გააკეთონ".

ერთა ლიგა

"ჩემი აზრით, ყველაზე დიდი შანსი გვაქვს, იმიტომ, რომ არც ერთი გუნდი არ არის ჩვენზე დიდი და იმის თქმაც შეგვიძლია, რომ არც ჩვენ ვიყოთ ვიღაცაზე დიდი. არის ისეთი ჯგუფი, რომ ყველას შეუძლია პირველ ადგილზე გავიდეს, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფავორიტები ჩვენ ვიქნებით".

Sportall.Ge

ხვიჩა და ზურიკო

"11 წლიდან ერთად მოვდივართ, მამაჩვენები ფეხბურთს ერთად თამაშობდნენ. როცა "რუბინში" ვიყავით, თითქმის ყოველთვის ერთად ვვარჯიშობდით. გუნდი როცა ვარჯიშს დაამთავრებდა, ცოტას ვისვენებდით და ერთად ვაგრძელებდით ვარჯიშს. ზურიკო ძალიან მშრომელი და პროფესიონალია. როცა 2 ერთნაირად მშრომელი ადამიანი ერთმანეთს უგებს და ყველაფერს ერთად აკეთებს, შედეგი მოაქვს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფეხბურთის თვალსაზრისით ერთმანეთი გავზარდეთ".

შემოთავაზებები

"პირადად არაფერი ვიცი ჯერ, მამუკას აქვს ყოველთვის მოლაპარაკებები. "ვესთ ჰემზე", ვხედავ, რაღაცები იწერება. მამუკას მე ვეუბნები, რომ არ ჩამაყენოს საქმის კურსში, არ მინდა დიდად ბევრი ვიფიქრო, ჭკუა ვისწავლე. ბოლო პერიოდში რომ ბევრს ვფიქრობდი, ცუდად იმოქმედა ჩემზე. ახლა დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევ, იმიტომ, რომ ვენდობი ამ ადამიანს და ვიცი, რომ ჩემთვის საუკეთესო უნდა. ჩემს აგენტს "იუვენტუსთან" ყველაზე ახლოს ჰქონდა მოლაპარაკება, ძალიან კარგ პერიოდში იყო თან ეს ყველაფერი, მაგრამ არ გამოვიდა, იმიტომ, რომ ხელძღვანელობაში ცვლილებები მოხდა. მამუკამ დაადასტურა კიდევაც ადრე ეს ყველაფერი".

განათლება

"უმაღლესი განათლება არ მიმიღია, ატესტატი მაქვს, პირველი 4 გამოცდისთვის საქართველოში ჩამოვედი და ჩავაბარე, მაგრამ მეორე ოთხზე რუსეთში ვიყავი და შეიძლება ვერც მომესწრო, თუმცა მითხრეს, რომ გამოცდები გააუქმეს და ატესტატი წილად მხვდა. რომ არა ფეხბურთი, აუცილებლად ვისწავლიდი, იმიტომ, რომ მაქსიმალისტი ვარ, თუ რაღაცას ვაკეთებ, მინდა, რომ ძალიან მაგრად გავაკეთო; თუ ვერ ვაკეთებ, მირჩევნია საერთოდ არ გავაკეთო".




მკითხველის კომენტარები / 26 /
ხვიჩას და ყველა ქართველ სპორტსმენს მინდა ვუთხრა: კაცი საშუალოდ 70 წელი ცხოვრობს, აქტიურ სპორტული კარიერა კი 10-12 წელი გრძელდება, რომელ წლებსაც შეუძლია შენი დანარჩენი ცხოვრება წარმატებული გახადოს, ამიტომ წარმოიდგინეთ, რომ შემთხვევით რაღაც დააშავეთ და 10 წლიანი ციხე მოგისაჯეს, ანუ შეწირეთ ეს 10-12 წელს სპორტს და ის უზრუნველყოფს თქვენს დარჩენილ სხოვრებას. ორი საქმის ერთდროულად მკეთებელი ან ღმერთს ატყუებს ან თავისთავს.
ჟორა გაბრიჭიძე
18:11 13-05-2023
0
ბაბუ ვიცი თავში არ აგივარდება.
ბრილიანტი ხარ,არა მარტო თამაშით,არამედ კაცობით,ადამიანობით,რაც შენ გაცისკროვნებულ სახეზე ეს ყველაფერი იკითხება.
უფლის წყალობა არ მოგკლებოდეს და ჯანმრთელობა,ბედნიერება შენ საყვარელ მშობლებთან და ყველა ოჯახის წევრებთან ერთად,სულ მაღლა და მაღლა,ყველა დიდი საფეხბურთო მწვერვალის დაპყრობას გისურვებ.
შენთვის მლოცველი ბაბუ.
თერჯოლელი
15:33 17-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული