საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტური მართლაც დაძაბული გამოვიდა და ორი მატჩი შეწყდა, რომელთაგან ერთი არ განახლდა.
ზურიკო დავითაშვილის "ბორდო" საკუთარ მოედანზე განუწყვეტლივ უტევდა "როდეზს", მაგრამ ერთ-ერთი იშვიათი კონტრიერიშისას სტუმრები ლიუკა ბუადემ დააწინაურა, რის შემდეგაც მას ერთმა პირმა (რეპორტიორმა ან გულშემატკივარმა) ხელი ჰკრა და ბუადე და მისი თანაგუნდელი ვილიტი იუნუსა წაიქცნენ. მსაჯმა გუნდები გასახდელში გაიხმო და შეხვედრა არ განახლებულა.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტილებას კვირას გამოიტანს და "პარიზიენის" მტკიცებით, ჟირონდულ გუნდს ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლის. ასე რომ, ლიგა 2-ში, ალბათ, მეორე ადგილს გიორგი მიქაუტაძის "მეცი" დაიკავებს, რომელმაც "ბასტიას" 3:2 მოუგო და ლიგა 1-ში დაბრუნდება. "მეცის" გულშემატკივრები ნამატჩევს მოედანზე გადავიდნენ და გამარჯვებას ზეიმობდნენ.
ინციდენტს ჰქონდა ადგილი "ჰავრისა" და "დიჟონის" შეხვედრისას. მასპინძლები 1:0-ს იგებდნენ, ფანები მსაჯის საფინალო სასტვენს არ დაელოდნენ, 90-ე წუთზე მოედანზე გადავიდნენ და ზეიმი ნაადრევად დაიწყეს. არბიტრმა გუნდები გასახდელში გაიყვანა, თუმცა რამდენიმე წუთის მერე უკან დააბრუნა და თამაში დაასრულებინა. საბოლოოდ "ჰავრმა" 1:0 იმარჯვა, პირველ ადგილზე გავიდა და საფრანგეთის ლიგა 1-ის საგზური მოიპოვა, სადაც უკანასკნელად 2008/09-ის სეზონში ასარეზობდა.
პ.ს. გულს ნუ გაიტეხთ, ყველა მხარე კმაყოფილი ჩემზე ნაკლებად არ იცით რა დროსაა!