Bild: ზომერი "ბაიერნიდან" მიდის - "ვალენსია" მამარდაშვილის ტრანსფერში 30 მილიონს მოითხოვს

AutoSharing Option
ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ "ბაიერნის" მეკარე იან ზომერი "ინტერში" გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია, სადაც ანდრე ონანას შეცვლის, რომელსაც "მანჩესტერი" 50 მილიონ ევროდ შეიძენს.

Bild-ის ცნობით, "ბაიერნისთვის" ზომერის გაყიდვა პრობლემა არაა, მაგრამ იქამდე არ გაუშვებს, ვიდრე მისი შემცვლელის საკითხი არ გადაწყდება. ზომერს 2025 წლის ზაფხულამდე გაფორმებულ კონტრაქტში სპეციალური პუნქტი აქვს შეტანილი, რომ თუ ძირითადი მეკარე არ იქნება, გუნდის დატოვება შეუძლია და ასეთ შემთხვევაში მის მსურველ კლუბს 9-10 მილიონის გადახდა მოუწევს (ეს თანხა ზამთარში "გლადბახს" ტრანსფერში გადაუხადა). ოღონდ ხელშეკრულების გაწყვეტა მხოლოდ ორმხრივი
შეთანხმებით უნდა მოხდეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის ზომერის შემცვლელის პირველი კანდიდატი გიორგი მამარდაშვილია, რომელსაც რამდენიმეჯერ დააკვირდნენ, მიუნხენური კლუბის ტექნიკური დირექტორი მარკო ნეპე უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის წარმომადგენლებს, თუმცა ჯერ შეთანხმება არ შედგა და "ვალენსია" ქართველის სანაცვლოდ 30 მილიონს მოითხოვს. ამდენად მეკარის საკითხი "რეკორდმაისტერში" კვლავ ღიად რჩება.

რაც შეეხება ნოიერს, ჟურნალისტი გეორგ ჰოლზნერი ირწმუნება, რომ ტრავმის შემდეგ მისი აღდგენა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს, გუნდს წინასასეზონო შეკრების დასაწყისში შეუერთდება, მაგრამ თავიდან მცირე დატვირთვებით ივარჯიშებს. სხვა წყაროების მტკიცებით, ნოიერი ბუნდესლიგის სტარტისათვის მზად არ იქნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული