ისევ ხვიჩა და ვიქტორი, ქართველებთან დაპირისპირება, მადლობა პოლიტანოს და კონტრაქტი რუის - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი საქმეში

AutoSharing Option
დღეს, 24 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე, სეზონისწინა მზადების ეტაპზე "ნაპოლი" მეორე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს და სერია "ც"-ში გავარდნილ "სპალს" ეთამაშება. პირველი შეხვედრისგან განსხვავებით ("ანაუნესთან" 6:1), სადაც რუდი გარსიას დებიუტი შედგა, ახლა ნეაპოლელთა იმ შემადგენლობას ველით, რომელსაც მთავარი მწვრთნელი სეზონის განმავლობაში სასტარტოში განიხილავს. ვნახოთ, ხვიჩა კვარაცხელიას რამდენი წუთი მიეცემა...

მადლობა პოლიტანოს და ტრანსფერები

განვლილი მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა მატეო პოლიტანოს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, რადგან მან გარსიას ეპოქის პირველი გოლი (თერთმეტმეტრიანით) გაიტანა. ირვინ ლოსანოს გუნდიდან წასვლაზე მუდმივად იწერება, თუმცა ეს მატეოს
უფრო მეტი სათამაშო დროის მანიშნებელი იქნება თუ ნაკლების, რთული სათქმელია. რუდი შეტევის რგოლში გაძლიერებას რომ აპირებს, ვიცით. ბოლო ინფორმაციით, "იუვენტუსიდან" "ტორონტოში" ნაადრევად წასული, 29 წლის ფორვარდი ფედერიკო ბერნანდესკი, იტალიის მოქმედი ჩემპიონის სამიზნეა.

რაც ნამდვილად ცნობილია, კლუბი კიმის შემცვლელზე აქტიურად მუშაობს. იქნებ ეს "გლადბახის" 26 წლის იაპონელი მცველი კო იტაკურა იყოს.

გასული წლის ამ დროს "ნაპოლი" უკვე ბოლომდე დაკომპლექტებული იყო, ახლა კი ეს პროცესი იწელება. შესაბამისად, შორეული ამხანაგური მატჩები უფრო საინტერესო იქნება.

კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ ხელშეკრულება უკვე განაახლა, მარიო რუისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება კი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. ეს პორტუგალიელ მცველს უფრო თავდაჯერებულს გახდის.

Sportall.Ge

ხვიჩა და ვიქტორი

19 მარტის შემდეგ გულშემატკივრებს ხვიჩა კვარაცხელიას გოლი არ უნახავთ. ეს ერთგვარი ნავსი აუცილებლად გატყდება. ქართველმა გარემარბმა ძალების აღდგენა მოახერხა და მიუხედავად იმისა, რომ განვლილი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ახალ მწვრთნელთან ის თავიდანვე ეცდება, არა სტატუსის, არამედ დამსახურების მიხედვით ითამაშოს. თანამედროვე ფეხბურთი ავტორიტეტებს მაინც უფრო ნაკლებად ცნობს და სათადარიგოთა სკამზე ვარსკვლავებიც გვინახავს. "კვარასგან" ამხანაგურ მატჩებში ფორმაში სრულად შესვლას ველით და მოქმედ ჩემპიონებს სეზონის სტარტი შესაბამისი უნდა ჰქონდეთ.

საინტერესოა, ფრანგი მთავარი მწვრთნელი ელიფ ელმასის ადგილს სად ხედავს და რამდენი დრო მიეცემა ალესიო ძერბინის.

კვარაცხელია ნეაპოლელებს განსაკუთრებულად უყვართ, რადგან მონატრებული სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. ჯერჯერობით ისე ჩანს, აქ ვიქტორ ოსიმენიც დარჩება (კლუბი მასში 120 მილიონ ევროს ითხოვს) და ეს შთამბეჭდავი წყვილი ისევ ერთად ითამაშებს.

ამხანაგური მატჩები

29 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით, "კასტელ დე სანგროს" 4 მეტოქე ეწვევა და 19 აგვისტომდე, როცა სერია "ა"-ს პირველ ტურში "ნაპოლი" გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" უნდა ესტუმროს, ამხანაგური მატჩები ჩატარდება. ყველა შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

29-ში დაპირისპირება საბა ლობჟანიძისა (რომელიც აშშ-ში გადასვლასთან ახლოსაა) და გიორგი აბურჯანიას "ჰათაისპორთანაა". თურქული მეტოქე გუნდს გასულ ზაფხულსაც ჰყავდა, მარიო ბალოტელის "ადანასპორი".

Sportall.Ge

2 აგვისტოს გარსიას შეგირდები "ჟირონას" შეხვდებიან. ესპანელებთან მათ 2022 წლის 3 აგვისტოს ითამაშეს. ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 24-ე წუთზე, პოლიტანოს ნაცვლად შევიდა, მე-80 წუთზე კი თერთმეტმეტრიანით საბოლოო ანგარიში (3:1) დააფიქსირა.

6 აგვისტოს მოწინააღმდეგე გერმანული "აუგსბურგია". ისინი გასულ სეზონში ბუნდესლიგიდან გავარდნას გადაურჩნენ. 11 ივლისიდან მოყოლებული, გერმანელებმა 4 მოსამზადებელი მატჩი უკვე ჩაატარეს და 17 გოლი გაიტანეს. მანამდე ისინი ამსტერდამის "აიაქსსაც" შეხვდებიან.

11 აგვისტოს "ნაპოლი" კვიპროსულ "აპოლონს" ეთამაშება, რომელიც ერთი წლის წინ საკუთარი ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მაშინ აქ რევაზ ინჯგია თამაშობდა.

ახალი მწვრთნელის პირობებში ამხანაგურმა მატჩებმა უფრო მეტი ინტერესი შეიძინა. ვნახოთ, ფრანგი სპეციალისტის მონახაზი რა იქნება, ხვიჩა კვარაცხელიას და მის გუნდს კი წარმატებული სეზონი ვუსურვოთ!..

alt"ქართველებს წარმატებულ ადამიანებზე ბოღმა, შური და კრიტიკა გვახასისათებს, ჯოხს ნუ გადავტეხთ 22 წლის ბიჭზე" - თემურ ქეცბაიას ინტერვიუ

altხვიჩა მაგარ ფორმაშია - ქართველმა ვარჯიშზე თანაგუნდელები არ დაინდო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული