19 აგვისტოს სერია A-ს პირველ ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ფროზინონეს" დაუპირისპირდება და ჯერ კიდევ უცნობია, როგორ ფორმაში და საერთოდ როგორი შემადგენლობით შეხვდება ნეაპოლური გუნდი ახალ სეზონს.
Tutto Napoli იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სრული დატვირთვით ივარიშა, ორმხრივ თამაშში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ მოედანზე დარჩა, კარში ნიკიტა კონტინი ჩააყენა და საჯარიმოებისა და პენალტების შესრულებაზე მუშაობდა.
"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, საუდის "არაბეთის "ალ ჰილალმა" ვიქტორ ოსიმენში 160-170 მილიონი ევროს გადახდის მზადყოფნა გამოთქვა და შეიძლება შეთავაზებამ 200 მილიონს მიაღწიოს. ახლა საკითხავია, გაუძლებს თუ არა ცდუნებას "ნაპოლის"
პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი. თავად ნიგერიელს "ალ ჰილალი" 3 ან 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს და სეზონურ გასამრჯელოდ 45-50 მილიონ ევროს ჰპირდება. ვიქტორი ტრავმირებულია და ამჟამად არ ვარჯიშობს.
ეს კლუბი აგრეთვე 30 მილიონად პიოტრ ზილენსკის შეძენას ცდილობს და "ნაპოლიმ" "სელტას" 21 წლის ესპანელი ნახევარმცველის, გაბრი ვეიგას სახით მისი შემცვლელი შეარჩია.
დღეს დე ლაურენტისს მარიო რუის აგენტი მარიო ჯუფრედი შეხვდა და პორტუგალიელთან კონტრაქტის გაგრძელებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. "რეპუბლიკას" მტკიცებით, მარიო რუის "ლაციო" იწვევს და სხვა კლუბებმაც მიმართეს წინადადებებით.
ბრაზილიელი მცველის, ნატანის მერე "ნაპოლი" კიდევ ერთ ფეხბურთელს დაიმატებს - ჰაიტური წარმოშობის "რეიმსის" 23 წლის ნახევარმცველი იენს-ლიუის მიკაელ კაიუსტე დღეს რომში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავიდა, "ნაპოლი" 12 მილიონ ევროდ შეიძენს და ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებს. კაიუსტე ახალ გუნდში სეზონში 1.1 მილიონს მიიღებს. მას შვედეთის ნაკრებში 14 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და რუდი გარსიას გუნდში მომავალში ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას შემცვლელად მოიაზრება.