როცა წინა წელს გუნდი საუკეთესო იყო, საკადრო გაძლიერება კი თითქმის არ ხდება, რთულია თამაშში ახალი ელემენტები შეიტანო; ამავდროულად, ეს აუცილებელიცაა.
სპალეტის დროისგან განსხვავებით, მოქმედი ჩემპიონები მუდმივად ბურთის ფლობაზე ორიენტირებულები არ ყოფილან. შესაძლოა, ეს მეტოქიდანაც გამომდინარეობდა და იქიდანაც, პირველ ტაიმში ამ მხრივ ნაკლებად გამორჩეულმა, ახალწვეულმა კაიუსტემ რომ
შეხვედრაში საკმაოდ პასიური ლობოტკა ვნახეთ. სლოვაკმა თავი ბურთთან ერთად ტრიალით, მეტოქეების საჯარიმოდან ზემოთ ამოწევითა და შემტევებისთვის თავისუფალი ზონების გახსნით დაგვამახსოვრა, სეზონის მიწურულს კი ეფექტურობა საკმაოდ დაკარგა. ზამბო ანგისას შემოსვლის შემდეგ კარგად გამოჩნდა, რომ ფრანგ მთავარ მწვრთნელს შეტევების წარმართვა უფრო კამერუნელის მეშვეობით წარმოუდგენია, დაცვასა და ნახევარდაცვას ის აკავშირებდა. კვლავ დიდია პიოტრ ზელინსკის როლი.
კიდევ ერთი სიახლე ფლანგებზე გამოიკვეთა. მაგალითად, რა ხდებოდა ძირითადად მარცხნივ, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს - მარიო რუი ან მატიას ოლივერა ბურთს მაქსიმალურად დიდხანს ატარებდნენ და ცენტრისკენ მიიწევდნენ, ქართველი შემტევი კი ზედმეტად გვერდით ხაზთან ახლოს და კართან მაქსიმალურად შორს მოქმედებდა. "ახალ" "ნაპოლიში" გარემარბები კართან და მინდვრის ცენტრთან უფრო ახლოს უნდა იყვნენ. კვარაცხელიას არყოფნამ, ყველაფერთან ერთად, ერთი რამ გამოაჩინა, "ფროზინონეს" ფეხბურთელები მარჯვენა ფლანგიდან თამამად უტევდნენ. როცა "კვარა" მოედანზეა, მისი პოზიციიდან შეტევას, ფაქტობრივად, ვერ ბედავენ, რადგან შესაძლოა, ეს მათთვის მომაკვდინებელიც კი აღმოჩნდეს.
ზოგჯერ შემტევების დაცვაში თამაშზე უცნაურ გამოხმაურებას ვხედავთ. რაღაცები შეიცვლება, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ფორვარდების მხრიდან უკანახაზელების დახმარება ჩვეულებრივი ამბავია. გარსიამ ამის გამო ვიქტორ ოსიმენის გარჯა დაიწუნა. "ცხრიანი" კი კვლავ ძალიან შემართული იყო. არის მომენტები, ფეხბურთელს გუნდიდან წასვლის დრო უდგას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მის ხასიათსა და განწყობაზე აისახება. ყველაფერი თითქოს იქით მიდიოდა, ნიგერიელს გუნდი უნდა შეეცვლა. ოსიმენი ძვირად დააფასეს, აქ დარჩა, ის კი კვლავ ბომბარდირობაზე და წინა შედეგის გასაუმჯობესებლად ფიქრს ჩვეულებრივ შეუდგა.
რაც შეეხება გიორგი კვერნაძის დებიუტს, ამ ეტაპზე მასზე დეტალურად საუბრისგან თავს იმის გამო შევიკავებთ, რომ გიორგის ამ დონეზე სათამაშოდ აკლიმატიზაცია აქვს გასავლელი. ხვიჩა კვარაცხელიასთან მარტივი პარალელი გავავლოთ - მან ყაზანის "რუბინში" და ზოგადად, რუსეთის ჩემპიონატში საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო, ამას დავუმატოთ სანაკრებო მატჩები. ამ ფონზე, კვერნაძეს თავის გამოჩენის შანსი სათანადოდ ბოლოს ეროვნულ ლიგაშიც არ ეძლეოდა. ახლა მთავარია, "ფროზინონეს" ახალწვეულმა საკუთარ თავზე მეტად იმუშაოს, მწვრთნელის შენიშვნები გაითვალისწინოს და მისი პროგრესი თვალსაჩინო გახდეს. გიორგის ჟინს ნამდვილად ვერ წავართმევთ, უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვით, რაც ხვიჩაზეც გვითქვამს - დღეს მწვრთნელები ბურთის დაკარგვას ძალიან უფრთხილდებიან, ნებისმიერი შეუსრულებელი დრიბლინგი მეტოქის საპასუხო შეტევას ნიშნავს. ამავდროულად, დრიბლიორებმა მათ უნარზე უარი არ უნდა თქვან.
კვარაცხელიას დაბრუნებასა და კვერნაძის უკეთეს თამაშს ველით!..
კვერნაძის დებიუტი სერია A-ში - "ნაპოლიმ" "ფროზინონეს" სძლია [VIDEO]
კვერნაძეზე დი ფრანჩესკომ ისაუბრა - როგორი შეფასება მიიღო გიორგიმ?
გიორგის,რა თქმა უნდა სწრაფ პროგრესს, შემადგენლობაში თავის დამკვიდრებას და წარმატებულ თამაშს ვუსურვებ.