"ნაპოლის" მწვრთნელის სიახლეები ძლიერმა მეტოქემ წაშალა - ხვიჩა ნაკრებშია და გოლის გემოს გახსენებას აქ ეცდება...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ", სეზონში პირველად, უკვე მესამე ტურში წააგო ("ლაციოსთან" 1:2). ცალკეული მარცხი ტრაგედია არაა და არც მთავარ მწვრთნელს უნდა ჩავუყაროთ ყველაფერი წყალში, თუმცა პრობლემები უფრო ღრმაა, ვიდრე კონკრეტულ შეხვედრაში წარუმატებლობა.

თავიდანვე ვამბომბდით, რომ იმ დონის მეტოქე, როგორიც "ლაციო" და მისი მთავარი მწვრთნელი სარია, უფრო მეტს გამოაჩენდა და ასეც მოხდა. ის, რაც განვლილ ორ ტურში მოგვწონდა, თითქოს სადღაც გაქრა. მაგალითად, ნახევარდაცვას როგორც ბურთით, ასევე ბურთის გარეშე გაუჭირდა, იყო ზონებს შორის ჩავარდნა, რაც გუნდს გაშვებულ გოლებად დაუჯდა. თუკი ლობოტკას შემცირებულ როლს
აღვნიშნავდით, "განსაცდელის ჟამს" სლოვაკს მაინც სხვაზე მეტი უნარი აღმოაჩნდა, სადავეები ხელში აეღო. არაფერი განსაკუთრებული - საკადრო დეფიციტმა და სიახლეების ნაკლებობამ გუნდს კვალი დაატყო. ნეაპოლელებს ხომ მოულოდნელობები სჭირდებათ, რათა ბრწყინვალე სეზონის შემდეგ მოწინააღმდეგეებს მათი შესწავლა გაუჭირდეთ.

Sportall.Ge

იგივე პრობლემებია დაცვაში. კიმის არყოფნა უკვე საგრძნობი გახდა. საქმე მხოლოდ კონკრეტულ ფუნქციებში ან ორთაბრძოლების მოგებაში არაა; სამხრეთკორეელი უკანა ხაზის ლიდერი იყო, რომელიც მთელ გუნდს ენერგიას გადასცემდა; ასევე კარგად იწყებდა შეტევას და რეიდებსაც კი აწყობდა. ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ როცა შუა ხაზში ამხელა ჩავარდნაა, მცველებს დიდი ჯაფა ადგებათ.

გარსიას გარკვეული საკითხები, რომლებიც ამხანაგურ მატჩებში თუ საწყის ტურებში გამოიკვეთა, ვეღარ ვნახეთ და ცოტა ხანი ისიც ვიფიქრეთ, გუნდს კვლავ სპალეტი ხომ არ თავკაცობდა. მაგალითად, სტანდარტულების შესრულება კვარაცხელიას არ დაევალა, კუთხურებისას კი ალამთან ორი ფეხბურთელის ყოფნა ახალი სპეციალისტის ხელში თითქმის არ გვინახავს. გარდა ამისა, გარემარბები ძირითად დროს კვლავ უფრო გვერდით ხაზთან ახლოს ატარებდნენ. ხვიჩამ წინა ტურში ცოტა ხანი ითამაშა, მაგრამ მაშინ ისე ჩანდა, მეტი თავისუფლება ჰქონდა. მოგვიანებით, პოზიციებს ამ მატჩშიც უფრო ხშირად იცვლიდა. ამასთან, სრულად ადაპტირებას ნახევარდაცვის შესაბამისი თამაში სჭირდება. ასევე, თუ ფლანგელი ოლივერა ამას მეტ-ნაკლებად ალღოს უღებს, მარიო რუი შეხვედრაში სუსტად და არადამაჯერებლად ჩაერთო, თანაც რასპადორისთან, რომელსაც ცენტრისკენ შესვლა მოსწონს.

რუდის ბევრი მუშაობა დასჭირდება; ამავდროულად, მხოლოდ ლინდსტრომის ძალისხმევითა და ფაქტორით ახალი ელემენტების შემოტანას რამდენად შეძლებს, ამის პროგნოზირება გვიჭირს.

Sportall.Ge

რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ინტერესი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაა. სეზონის სტარტზე ფორმის პიკი არ არსებობს, ხვიჩა თავის კონდიციებს ეტაპობრივად იბრუნებს. იმ ფონზე, როცა 77-ე ნომერს კარგა ხანია არ გაუტანია, ულამაზესი გოლი, რასთანაც ძალიან ახლოს იყო, ფსიქოლოგიურადაც წაადგებოდა. "კვარას" მონდომება არ დაუკლია. არ ვიცით, მწვრთნელი დაცვით ფაზაში თამაშს რა დოზით ავალებს, თუმცა პირველი გოლის დროს ოლივერას მარტო აშკარად გაუჭირდა. რაც შეეხება ბურთის დაკარგვას, ამაზე მთავარ მწვრთნელს ტყუილი არ უთქვამს, ორ მეტოქეში მოქცეულმა ხვიჩამ სამჯერ ბურთი დაკარგა (ან წაართვეს). ამაზე არაერთხელ დაგვიწერია, ტექნიკურ ფეხბურთელს, რომელსაც გარს არაერთი მეტოქე ახვევია, ბურთის დათმობისა და შესაბამისად, მისი გუნდის კართან კონტრშეტევის საფრთხე სულ უდგას, რასაც მწვრთნელები უფრთხიან და მათ ამის გამო საყვედურობენ კიდეც. კვარაცხელია გუნდურობას არასდროს კარგავს, პასის გაკეთება უყვარს და ეს უმთავრესია, დრიბლინგი მისი თვითმიზანი არაა. რადგან პასი ვახსენეთ, იმ ძალიან კარგი დარტყმის დროს ქართველს ორი თანაგუნდელი ეხსნებოდა, მაგრამ როცა გჯერა, რომ ამ პოზიციიდან ასეთი დარტყმა შეგიძლია, ყოველთვის სხვა გაგრძელებაზე ვერ იფიქრებ. კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი ისევ ბევრს გააოცებს, თუკი ამაში მთლიანად გუნდი დაეხმარება.

სანაკრებო პაუზა დაიწყო, ხვიჩა ახლა ნაკრებში, ესპანეთსა და ნორვეგიასთან ეცდება გატანას და ამ ცოტათი მონატრებული ემოციის გახსენებას. გუნდურობა ვილი სანიოლის ბიჭებთანაც მნიშვნელოვანი იქნება, მხოლოდ ინდივიდუალიზმით რთულია. ხვიჩა მოედანზე უკვე დიდი ფაქტორია, რომელიც ბევრ ერთი შეხედვით შეუმჩნეველ საქმესაც აკეთებს - რამდენიმე მოწინააღმდეგის ყურადღების მიქცევა, მისი ფლანგიდან მეტოქის შეტევების ვერგაბედვა, დაცვის დახმარება თუ თანაგუნდელების გამხნევება...

altხვიჩა სასტარტოში დაბრუნდა - "ნაპოლის" სახლში "ლაციომ" სძლია [VIDEO]

alt"ამიტომ შევცვალე ხვიჩა" - რუდი გარსიამ მიზეზი განმარტა

მკითხველის კომენტარები / 12 /
გარსია მაგარი რომ ყოფილიყო რონალდო კიარ დაახვევინებდა გუნდიდან! გარსია ძალიან სუსტი მწვრთნელია!
NAPOLI !
20:33 04-09-2023
4
რა ცუდად უნდა გესმოდეს ფეხბურთი, ნაპოლიწე თქვა ოთხეულში ვერ შევაო, მილანი და ინტერი შევლენ და ფარჩაკ რომას, მკვდარ იუვენტუს და თავისზე ნაკლებ ლაციოს, ამ სამიდან ორს ვერ აჯობებს?)) ჩემპიონი მგონია ისევ თუ არ დაემტვრა ხალხი
მილანისტა
19:46 04-09-2023
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული