მამარდაშვილი დიდებულად გაისარჯა და კარი მშრალად შეინახა - "ვალენსიამ" მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეათე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე, წვიმიან ამინდში „კადისი“ 2:0 დაამარცხა.

„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და კარი მშრალად შეინახა. ის როგორც კარის ხაზზე, ასევე გამოსვლებზე კარგად ირჯებოდა, დაცვას უნარიანად ხელმძღვანელობდა და პირველი პასით სწრაფ კონტრიერიშებს იწყებდა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, გიორგი თამაშიდან თამაშამდე იზრდება და უკვე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

მამარდაშვილის თამაში Flashscore-მა 7.6 ქულით შეაფასა, whoscored-მა - 7.8-ით, ხოლო sofascore-მა - 8.0-ით. კლუბის საიტმა აღნიშნა, რომ ქართველი გუნდის ყველაზე დამაჯერებელი ფეხბურთელია.

მასპინძლები დებიუტში გაიამ ლამაზი გოლით დააწინაურა. სტუმრები ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ, თუმცა
მომენტებს ვერ ქმნიდნენ და 22-ე წუთზე კაცნაკლული დარჩნენ - პეპელუსთან უხეშობის გამო მსაჯმა ნავარო პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. სულ მალე კი თავურით დურომ ანგარიში გაზარდა, რომელსაც ჩინებული პასი კორეამ გაუკეთა და გამარჯვებულის ვინაობა ნაადრევად გაირკვა. მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა. ბარახას გუნდი ინიციატივას ფლობდა. შეცვლაზე შესულ იარემჩუკს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. ბოლოს "კადისმა" შეუტია, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მამარდაშვილი და "ვალენსიამ" გაიმარჯვა.

„ვალენსიამ“ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 14 ქულით მერვე ადგილზეა და 29 ოქტომბერს გასვლაზე „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“
ვალენსია - კადისი 2:0
გოლები: 1:0 გაია (4), 2:0 დურო (20)
გაძევება: ნავარო (22)

მკითხველის კომენტარები / 7 /
გენაცვალე, გიო!
ILIA
01:42 24-10-2023
2
პირველი ტაიმის მერე დავწექი, რადგან ჩავთვალე, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. თანაც "კადისს" კარში არც დაურტყამს პირველ ტაიმში. ბრავო გიო, ეს რა რთული ბურთები აუღია მეორე ტაიმში, ნამდვილი კატა დგას "ვალენსია"-ს და ჩვენი ნაკრების კარებში. აშკარად უკეთეს გუნდს იმსახურებს და უეჭველი უნდა გადავიდეს კიდეც უახლოეს მომავალში
fani
10:24 24-10-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული