წინაღობები კვარაცხელიას თამაშში შთამბეჭდავი წლის შემდეგ - როცა გონებაში ყველაფერს იაზრებ...

AutoSharing Option
აგვისტო დაიწყო, "ნაპოლი" ახალ მწვრთნელთან ერთად მომავალი სეზონისთვის ემზადება, რომელიც მალე დაიწყება. Sportall.ge მანამდე კიდევ ერთხელ გაგახსენებთ გასულ სეზონსა და სტატიას, რომელიც 2023 წლის 10 დეკემბერს გამოქვეყნდა. მაშინ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი "იუვენტუსთან" (0:1) დამარცხდა, მან კი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. ისე, ტურინელებს "კვარამ" მეორე წრეში გაუტანა, ნეაპოლელებმა (2:1) გაიმარჯვეს, ქართველმა გარემარბმა კი სეზონი 11 გოლითა და 6 შედეგიანი პასით დაასრულა. წერილში საუბარია გარკვეულ დისციპლინურ პრობლემებზე, რაც მოგვიანებით ასევე მოგვარდა...

"უნარები და ჩვევები, რამაც ჩვენი წარმატება და სტატუსი განაპირობა, შესაძლოა, შემდგომი
წინსვლისთვის აღარ იყოს საკმარისი" - ეს მარშალ გოლდსმითის სიტყვებია. თანამედროვე ფეხბურთში ვარსკვლავების ხვედრი რთულია, მოწინააღმდეგე ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი გზით გაიძულებს, მუდმივად სიახლეზე იფიქრო, საკუთარ შესაძლებლობებს რაღაც განსხვავებული შესძინო.

ხვიჩა კვარაცხელია ის კაცია, რომელიც ერთ ადგილას არასდროს ჩერდება და ზუსტად იცის, თავისი მიზნების განმსაზღვრელი ხაზი მაქსიმალურად შორს უნდა გაავლოს; ძალისხმევისა და რესურსების შეთავსებაც კარგად შეუძლია... პირველი შთამბეჭდავი წლის შემდეგ ბევრი წინაღობაა. როცა რაღაც ახალზე ვსაუბრობთ, აქ მხოლოდ ცალკეული ფეხბურთელი არ უნდა ვიგულისხმოთ, მწვრთნელსა და თანაგუნდელებზეც ითქმის, ეს ამბავი კი ბოლო დროს პრობლემურია...

რა შეგვიძლია დავასახელოთ ახლა ხვიჩა კვარაცხელიას წმინდა საფეხბურთო სირთულედ? - პასუხი იქნებ მარტივიცაა და რთულიც. "კვარა" ძველებურად შემართული არაა? - გამორიცხულია, ის ისევ ბევრს მოძრაობს, ეხმარება დაცვას, იგებს ორთაბრძოლებს. დრიბლინგი? - ვხედავთ, რომ მის წინააღმდეგ განსაკუთრებული მეურვეობაა. ამ დროს რთულია, ექსტრაორდინარული იყო, მუდამ გამწვავებაზე წახვიდე; ბურთის დაკარგვის და საპასუხო იერიშის განხორციელების საფრთხეც დიდია.

ხვიჩა ყველას გულებში, პირველ რიგში, მაინც იმის გამო შეიჭრა, ლამის მძლეოსნობად ქცეული დღევანდელი ფეხბურთი სიხალისითა და ფინტებით გაამრავალფეროვნა. იქნებ ეს ძველებურად რომ არ გამოსდის, ქართველ გარემარბზე წნეხს ზრდის. რა თქმა უნდა, რაღაც ისე თუ აღარაა, როგორც ადრე, ეს ფრუსტრაცია არაფრითაა, მსგავსი ფიქრები ჩვენებურს არ უნდა ჰქონდეს, ამას ზედმეტი საზრისი არ უნდა მიანიჭოს!..

Sportall.Ge

კვარაცხელია საკუთარ თავზე მუშაობს და ზუსტად იცის, პრობლემის გადაჭრაზე მიმართული აქტივობები როგორ დაგეგმოს. ამისთვის იქნებ სხვების დახმარებაც საჭიროა, შესაბამისი ადამიანების ზუსტი და ეფექტური მუშაობა. მწვრთნელისგან მხოლოდ "ჩახუტებაც" პანაცეა ვერ იქნება.

არ გვინდა, ვინმემ იფიქროს, რომ გარკვეულ საკითხებში ორაზროვნება გვახასიათებს. მაგალითად, ვწერთ, რომ ნეაპოლელთა 77-ე ნომერს ფორვარდის თვისებები აქვს, ამავდროულად კი, ვნახეთ, მან ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. შოტლანდიისა და ესპანეთის ნაკრებებთან რაც იყო, დასკვნისთვის საკმარისია. უბრალოდ, მაინც უნდა განვასხვავოთ მუდმივად გარკვეულ პოზიციაზე თამაში და ეპიზოდურად იმ როლში აღმოჩენა. ისე კი, ხელსაყრელი მომენტი არაერთ დიდ ფორვარდს ვერ გამოუყენებია. ჩვენებურმა თავი იმის ფიქრით არ უნდა დაისტრესოს - "რატომ მაინცდამაინც მე?!"...

მაინც როგორ შეიძლება ავხსნათ ის, რაც "იუვენტუსთან" მოხდა? - "კვარა" ბოლო დროს შეეჩვია, რომ მას გადაწყვეტილების მისაღებად ცოტა დრო აქვს, ხშირად უბლოკავენ დარტყმებს და მეკარეებიც თავგამოდებულები არიან. ხვიჩამ ახლა ბურთი ისეთ სიტუაციაში მიიღო, სხვადასხვა ვარიანტი გაიაზრა, როგორც დარტყმის, ასევე ბურთთან ერთად მოძრაობის გაგრძელების. კვარაცხელიამ გონებაში ყველაფრის გაელვება მოასწრო, მწარე გამოცდილებისა თუ თავისი შესაძლებლობების და გადაწყვიტა, მაღალ კუთხეში დაერტყა...

Sportall.Ge

უფრო დამაფიქრებელი კი მაინც ის იყო, ჩვენებურს ამის შემდეგ ემოციების კონტროლი რომ გაუჭირდა, პროვოკაციასაც აჰყვა და გაფრთხილება სეზონში უკვე მესამედ მიიღო. არადა, გასულ გათამაშებაში მას მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი ჰქონდა. ყველაფერს დისციპლინურ საკითხთან რომ არ მივყავდეთ, ამას განსაკუთრებულად არ ჩავთვლიდით. ამაზე საგანგაშო კი ის იქნება, ქართველი ფეხბურთელი ჩვეულ ხასიათს, სიხალისეს და პროცესით სიამოვნების სრულფასოვნად მიღებას მაქსიმალურად სწრაფად თუ არ დაიბრუნებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ ვხედავთ, თუმცა ხვიჩას ცხოვრებაში ბოლო ერთ წელიწადში ყველაფერი პოზიტიური მოხდა. სირთულეებისა და პასუხისმგებლობის ზრდაც გვესმის, მაგრამ ვარსკვლავობის გზაზე ეს მნიშვნელოვანი ამბავია. მის გვერდით უამრავი ადამიანია, რომლებთანაც ემოციების გაზიარება შეუძლია, რაც სრულყოფილს გახდის!..

altხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]

alt"ნაპოლის" კრიზისის სიმბოლო" - იტალიურმა პრესამ კვარა კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია

მკითხველის კომენტარები / 73 /
კომპლექსური ამბავია ალბათ ეს. ჯერ ერთი ჩავარდნაც არ ქვია, ვერ გაიტანა კი, მაგრამ ბევრს, უფრო სახელოვანსაც ვერ გაუტანია, არ დაგვავიწყდეს რომ ორიოდე კვირის წინ შოტლანდიას და ესპანეთს ისეთები გაუტანა უეჭველ გასატანს რომ ვერ დაარქმევდა ვერავინ. უბრალოდ შარშანდელი სუპერვარსკვლავური სეზონის შემდეგ შემდეგ ყოველ მატჩში ყველა ელოდება განსაკუთრებულ თამაშს.ახლა ხვიჩა განა ელმასზე ცუდ ფეხბურთს თამაშობს,უბრალოდ გვინდა რომ მბაპე-ბელინგემზე ნაკლები არ ითამაშოს, თანაც შეუძლია. თუ რატომ ვერ თამაშობს აი ამის მიზეზიქ კომპლექსური, ალბათ, თავშიდაც რომ ვახსენე. შეიძლება რაღაც დოზით ცოლის მოყვანის ამბავიცაა, თუნდაც იმ კუთხით, რომ ადამიანის ცხოვრების წესი შეიცვალა, ხელფასის არ მომატების ამბავიცაა ალბათ და ამით გამოწვეული დემოტივაცია, ყოფილ მწვრთელთან შეუთავსებლობის თემაცაა და ტრამვის გამო გამოტოვებული წინასასეზონე მომზადების, გაასმაგებული ყურადღების მოწინააღმდეგეთა მხრიდან და მისი ფლანგის მცველების არ ყოფნისაც. რაც ჩამოვთვალე, ყველა ეს ფაქტორი დროებითი მგონია და დალაგებადი - ჩემი ვარაუდით, სადღაც ადრე გაზაფხულისთვის ისევ ძველებურ კვარას ვნახავთ.
გიორგი
13 დეკემბერი 2023 01:20
2
კაკამ ახალგაზრდა ასაკში მოიყვანა ცოლი,ახალი მოყვანილი ყავდა ცოლი, რომ ყველაფერი მოიგო რის მოგებაც შეეძლო:ჩემპიონთა ლიგა,სერია-ა,საკლუბო ჩემპიონატი,სუპერ თასი,ოქროს ბურთი,კონფედერაციის თასი,ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი!!!.. ქართველ ქალთმოძულეებს კი მორალი არ გააჩნიათ!!
გაგა
11 დეკემბერი 2023 17:38
8
კარგი სტატიაა. კვარამ ფეხბურთს დაუბრუნა საქართველო.
რაც შეეხება კვარას, მას ფიზიკურ მომზადებაზე სჭირდება მეტი დროის დათმობა. ბურთის მიღებაზე პერსონალური ვარჯიშია საჭირო. მისკენ გაგზავნილი ბურთი ხშირად იკარგება. არ მიყვარს შედარება, მაგრამ ოსიმჰენი მისკენ წამოსულ ბურთს არავის უთმობს, არც ზემოთ და არც ქვემოთ. კიდევ, ვისურვებდი რომ თვითონაც ებრძოლა ბურთის მოსაპოვებლად. გაქცეულ ბურთსაც ბოლომდე უნდა სდიოს. მოკლედ ინდივიდუალური მწვრთნელი სჭირდება, ერთი წლით მაინც. რაც შეეხება დრიბლინგს და პასს, მას ამაში ბადალი არა ჰყავს. მაგრამ როგორც ვხედავთ, ეს საკმარისი არაა.
რაც შეეხება ნაპოლის, გამთამაშებლები არა ჰყავთ, რომლებიც მეტოქის პრესსინგს გაუძლებენ. მეკარეც სუსტი ჰყავთ.
ლევანი
10 დეკემბერი 2023 20:13
7
ერთი წლის წინ ხვიჩას კვარადონას ეძახდა თითქმის ყველა იმიტომ რომ მასში მარადონას ტალანტის მომენტებს ხედავდნენ.ახლა ასე არავინ ეძახის.მიზეზი, ფეხბურთზე წინ პირადი ცხოვრება დააყენა.ეს აშკარად გამოჩნდა როდესაც გატანილი გოლის შემდეგ/ რომელიც ნახევარი წელიწადი გატანილი არ ქონდა/ ბეჭედს აკოცა.ერთადერთი საშუალება რომ ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო საჭიროა თავდაუზოგავი ვარჯიში.ამის თვალსაჩინო მაგალითია კრიშტიანო რომელსაც მარტო თავით 160 ბურთი აქვს გატანილი.
ამაშია საქმე
10 დეკემბერი 2023 13:07
14
ვიღაც შურიანი და ჩასაფრებული რომ ამინუსებს, ისიც დაწეროს, რატომ?
ვაკო
10 დეკემბერი 2023 13:39
4
რაში გვაინტერესებს იტალიელების აზრი, როცა ასე მსჯელობა შეგვიძლია!
ზვიადი
10 დეკემბერი 2023 10:47
2
ყველამ, დროებით მაინც თუ დავანებებთ თავს ხვიჩას, დარწმუნებული ვარ განთავისუფლდება წნეხისგან! უარყოფით შენიშვნებს და შეურაცყოფებსაც თუ დავანებებთ თავს, მთლად უკეთესი იქნება! ხვიჩას, ჩვენ ხალხი ვსტრესავთ და მიზეზებს სხვაგან ნუ ვეძებთ.
გია
11 დეკემბერი 2023 11:15
4
კარიერა უკვე ჩააბარა შეყვარებული თუ ვინც არის..გახდა ერთი უბრალო რიგითი ფეხბურთელი
Asea
10 დეკემბერი 2023 21:07
28
ძნელია ორ ფრონტზე ბრძოლა და ენერგიის ხარჯვა , იჩქარა ერთი -ორი წელი კიდე ოჯახი არ უნდა შეექმნა, სიმართლე ეგაა ტყვილა ველოდებით ძველებურად ათამაშებულ კვარას , ერთი ორი თამაში შეიძლება გაიბრწყინოს აი მთელი სეზონი გამორიცხულია...
დავითი
10 დეკემბერი 2023 20:55
21
თუ გინდა რომ მიაღწიო უმაღლეს დონეს ამისთვის საჭიროა ნებისყოფა, 15 წლის მანძილზე უნდა ცხოვრობდე სპარტანულად, უნდა იძინებდე და იღვიძებდე ერთი და იმავე დროს, უნდა იკვებებოდე დიეტოლოგების მიერ შედგენილი საკვებით, უნდა ვარჯიშობდე დამატებით პირადი მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ და რაც მთავარია ეს ყველაფერი გონებრივად უნდა გქონდეს გააზრებული და ამ ყველაფრისგან უნდა ღებულობდე სიამოვნებას.
მამუკა
10 დეკემბერი 2023 17:48
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული