ფენომენალური მამარდაშვილი და კვარაცხელია, შური და უკეთესი მომავლის იმედი საახალწლოდ

AutoSharing Option
ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი!

Transfermarkt-ის ახლახან განახლებული მონაცემების მიხედვით, ნოემბერში შოტლანდიასთან და ესპანეთთან მატჩებისთვის გამოძახებული საქართველოს ნაკრების 24 ფეხბურთელის საერთო ფასის თითქმის ორ მესამედს გიორგი მამარდაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება შეადგენს (კვარაცხელია 80 მილიონი ევრო; მამარდაშვილი 30 მლნ; მიქაუტაძე 8 მლნ; აზაროვი 3.5 მლნ. და ა.შ). ერთის მხრივ შესანიშნავია, რომ ორი ასეთი ვარსკვლავი გვყავს, მეორეს მხრივ ტრაგედიაა, როდესაც სხვები სუსტ გუნდებს წარმოადგენენ და უმეტეს შემთხვევაში, რბილად რომ ვთქვათ, იქაც არ ბრწყინავენ. ამიტომ გვიწევს ხშირად აღნიშვნა: სათადარიგო
იყო, შეცვლაზე შევიდა...

აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ ნაკრები დაუბალანსებელია, შეტევაში დიდწილად კვარაცხელიაზეა დამოკიდებული, რომლის გამოკლება ლამის კატასტროფაა და 2020 წლის ნოემბერში საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან განცდილი მწარე მარცხიდან გამომდინარე, ალბათ, ლუქსემბურგთან თბილისში ადვილი გასეირნება არ გველის. თანაც, ლუქსემბურგი ხელწამოსაკრავი მეტოქე სულაც არაა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, გრანდს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ და თუ სახლში ვერ ვძლიეთ, საერთოდ რაღა გვესაქმება ევროპის ჩემპიონატზე.

როდესაც ორი ასეთი ფეხბურთელი გყავს და კიდევ რამდენიმე პერსპექტიული, წესით ნორმალური გუნდის შექმნაა შესაძლებელი. მაგალითად, ძველ თბილისის „დინამოში“ ყველა ვარსკვლავი კი არ იყო, მაგრამ საერთო ანსამბლიდან არც ერთი არ გახლდათ ამოვარდნილი და ყველა თავის საქმეს საუკეთესოდ ასრულებდა. მეეჭვება დღევანდელი „ჯვაროსნების“ უმეტესობა ახალკაცის დროინდელი „დინამოს“ დუბლებში მოხვედრილიყო. მამარდაშვილისა და კვარაცხელიას ფაქტორმა განაპირობა ჩვენი გულშემატკივრების უცხოური ტოპ-კლუბების მატჩებისადმი ინტერესის მკვეთრად დაქვეითება. ეს მასალების რეიტინგის მიხედვით მარტივად შეინიშნება - თუ ადრე „რეალს“, „ბარსელონას“ ან სხვა რომელიმე გუნდს ქომაგობდნენ, ახლა თითქმის ყველა „ვალენსიასა“ და „ნაპოლის“ შეხვედრების მოლოდინშია. კარგია, როცა ორი ჩვენი თანამემამულე ასეთ მაღალ დონეზე ასპარეზობს და ძალიან, ძალიან კარგია, რომ ჩვენი საფეხბურთო კერპები გაგვიჩნდა, რამეთუ ქართველის ქართველისადმი სიყვარულია უპირველესი.

მამარდაშვილს ისეთი ისტორია აქვს, ფილმის გადაღება შეიძლება: „დინამოდან“ „ლოკომოტივში“ იჯარით გაშვებული, „ვალენსიაში“ მეოთხე მეკარედ წაიყვანეს, სადაც მოკლე დროში იმდენი მოხერხა, პირველი ნომერი გახდა და ჩემი აზრით, ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ისეთ ბურთს „გამოაძრობს“ ხშირად „ცხრიანიდან“, გაგაოცებს პირდაპირ და კარის ხაზზე თამაშის გარდა, სხვა კომპონენტებიც დახვეწა. ერთი ერთზე მეტოქესთან უეჭველი ბადალი არ ჰყავს. პირისპირ გასულ მოწინააღმდეგესთან ორმეტრიანი გიგანტი უშიშრად მიდის და გოლის გატანის შანსს მინიმუმამდე უმცირებს. გარკვეულწილად ფეხით და გამოსვლებზე თამაშიც გამოასწორა, დაცვასაც ხელმძღვანელობს და თვითდაჯერებული გახდა. ხანდახან შეცდომებს უშვებს, თუმცა 10 შემთხვევიდან 7-ში რომ უიმედო სიტუაციაში გადაარჩენს თავის გუნდს, ის შეცდომაც მიეტევება. ისიც ნუ დაგავიწყდებათ, ევროპის საუკეთესო მეკარეები ხშირად როგორ ცდებიან, რაც ეპატიებათ, რადგან უფრო გაპიარებულები არიან. დარწმუნებული ვარ, მეტი გამოცდილების მიღებისა და დიდ კლუბში გადასვლის შემდეგ, გიორგის კლასი უეჭველი მოიმატებს.

ხვიჩა - გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ალექსანდრე ჩივაძისა და დავით ყოფიანის შემდეგ, ასეთი საფეხბურთო ინტელექტის მოთამაშე არ გვყოლია. შუალედში იყო გიორგი ქინქლაძის დიდებული გამონათება, რომელმაც სამწუხაროდ, თავისი ნიჭის სათანადოდ რეალიზება ვერ მოახერხა და ასევე ხაზგასასმელია, რომ მალხაზ ასათიანის ტალანტი სრულად ვერ გამოვლინდა. „კვარას“ დრიბლინგისას ბურთი ტიერი ანრის მსგავსად თითქოს ფეხზე აქვს გამობმული და გეგონება ბურთს ურთიერთობისას ეფერებაო. ერთი რამ გამახსენდა: ახალკაცი ახალწვეულებს ეკითხებოდა, ბურთთან თქვენობით იყვნენ თუ შენობით. თამაშისას ბურთი და ხვიჩა ერთგვარ ერთიანობას წარმოადგენენ, ეს უკვე ფენომენის ნიჭია და ამას დიდი შრომითაც ვერ ისწავლი, ეს უბრალოდ თანდაყოლილია. მართალია, ამ სეზონში ისე ვერ ბრწყინავს, როგორც გასულში, მაგრამ ამას თავისი მიზეზები გააჩნია. მიმაჩნია, ისევ ჩინებულ ფორმაშია, ოღონდ ახლა ორი მუდმივი მეურვე ჰყავს და მესამე დაზღვევაზეა. ისინი უხეშობას არ ერიდებიან, რაზეც მსაჯები საკმარისად არ რეაგირებენ და ჩვენ ვუყურებთ ნებადართული ნადირობის ქრონიკას. მგონია, ხანდახან ცოტა თავსაც უფრთხილდება და აბსოლუტურად სწორადაც იქცევა, ვინაიდან სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი თავის გუნდში ანაზღაურების მხრივ ბოლოდან მესამეა.

ნეაპოლური გამოცემები კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს რატომღაც ამის გამო გაკრიტიკებას ვერ უბედავენ, „რეპუბლიკამ“ კი აღშფოთებით აღნიშნა, რომ დიეგო დემე ამ სეზონში საერთოდ არ გასულა მოედანზე და ქართველზე ორჯერ მეტი ხელფასი აქვს. ეს არასწორი დამოკიდებულება კი არა, არამედ უპატივცემულობა და დაცინვაა. ღმერთმა დაიფაროს და ხვიჩამ ჯანო ანანიძის ან გიორგი ჩაკვეტაძის მსგავსი ტრავმა რომ მიიღოს, შესწიროს კლუბს კარიერა, დაუფასებს ვინმე? ერთი სიტყვით, იმაზე გაცილებით პროდუქტიულად ირჯება, ვიდრე ხელფასს უხდიან. ერთია მხოლოდ - ზედმეტად მგძნობიარეა, განცდა აქვს განსაკუთრებული, რაც კარგია, თუმცა უფრო თავისუფლად ყოფნა მართებს და ნაკლებად უნდა ინერვიულოს, რამეთუ სანერვიულო არც არაფერი აქვს. მომთმენმა მოიგოო - უკვე მთელმა მსოფლიომ გაიცნო, აუცილებლად კიდევ უფრო მაღალი დონის გუნდში გადავა, პირობებიც გაუუმჯობესდება, გარჯასაც მეტად დაუფასებენ და ყველაფერი წესრიგში ექნება. მთავარია, ისევე ყოველგვარი წნეხის გარეშე ითამაშოს, როგორც ამას ნაკრებში აკეთებს, სადაც თავს საოცრად ლაღად გრძნობს.

და კიდევ: არც გიორგიმ, არც ხვიჩამ და არც სხვებმა ყურადღება არ უნდა მიაქციონ კომენტარებს, სადაც რამდენიმე ძალიან აქტიური, შურიანი და გარკვეული პოლიტიკური მიმდინარეობის სოციალური ქსელების სპორტულ ქვეგანყოფილებაში დასაქმებული ასევე რამდენიმე „პარტმუშაკი“ სხვადასხვა ფსევდონიმებით აქვეყნებს უარყოფით და ხშირად შეურაცხმყოფელ პოსტებს. საიდან ასეთი ზიზღი? ამას ქართულ მოვლენად ნუ მივიჩნევთ. რა მაგის პასუხია და, ლეგენდის მიხედვით, მოცარტისადმი სალიერის დამოკიდებულებაა თვალსაჩინო მაგალითი და აგრეთვე „ლივერპულის“ მწვრთნელის იურგენ კლოპის ნათქვამი - ჩემი ნება რომ იყოს, სოციალურ ქსელებს საერთოდ ავკრძალავდიო. თუმცა, ეს რა თქმა უნდა, შეუძლებელია.

აქ ყველას დიდი პატივისცემით დაგემშვიდობებით და ახალ წელს ყოველივე საუკეთესოსა და ქართული ფეხბურთის წარმატებებს გისურვებთ! ფეხბურთისადმი და თანამემამულეებისადმი თქვენი დამოკიდებულებით, თქვენ ამას იმსახურებთ, უთუოდ იმსახურებთ.

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 13 /
ლეგენდა ლეგენდად და რეალობაში, სალიერი ეხმარებოდა მოცარტს. ფილმმა - ,,ამადეუსმა" გახადა სალიერი ტარტაროზი. :))
ხვიჩას და ყველა ჩვენს ფეხბურთელს ჯანმრთელობა და წარმატებული 2024 წელი.
ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ვულოცავ დამდეგს. წარმატებები დაგვბედებოდეს.
გოგია
19:56 30-12-2023
3
კარგი სტატიაა!დღეს უკვე ჩაკვეც დგება ფორმაში და მარტში,ის და კიტეიშვილი,უკვე ორი გამთამაშებელი გვეყოლება(იმედია ორივე ჯანმრთლად შეხვდება,მარტის თამაშებს).ჩაკვე ადრეც იყო,ნაკრების აღიარებული ლიდერი და ახლაც შესძლებს,გუნდის წინ გაძღოლას,ლუქსემბურგთან.ხვიჩას დამატებით კი,ნაკრები კიდევ უფრო გაძლიერდება.მჯერა,ყველაფერი ისე გამოვა,ჩვენ,საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს რომ გვსურს.ბედნიერ,წარმატებულ და მშვიდობიან დამდეგ წელს ვუსურვებ,მთელ საქართველოს.ჩხუბი არქონამ იცისო!იმედია ქვეყანა ისე განვითარდება,საჩხუბარი აღარ გვექნება,ერთმანეთთან.როცა ერთად ვიქნებით,მაშინ ჩვენი დამმარცხებელი,აღარავინ იქნება.
სოსო
21:05 30-12-2023
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული