რაღაც დალპა დე ლაურენტისის "სამეფოში" - მივა კონტე და დარჩება თუ არა კვარაცხელია?

AutoSharing Option
აურელიო დელაურენტისი გაბანკროტებული და C1-ში დაქვეითებული „ნაპოლის“ მფლობელი და პრეზიდენტი 2004 წელს გახდა, გასულ სეზონში კი მისმა გუნდმა სკუდეტო მოიპოვა. მისი დამსახურება მართლაც დიდია, თუმცა ოქროს მედლების მოპოვებისას გარემოებათა დამთხვევას და გამართლებას ჰქონდა ადგილი. პირველ რიგში, ეს ხვიჩა კვარაცხელიას მოულოდნელობის ეფექტი გახლდათ, რომელთან ტანდემში ვიქტორ ოსიმენი გაბრწყინდა, თანაც ნეაპოლელთა ყველა მეტოქეს ჩავარდნა დაეწყო და 33 წლის ლოდინის შემდეგ „ნაპოლიმ“ ნანატრი ჩემპიონობა მოიპოვა, რასაც, ალბათ, კლუბის მფლობელი 2022 წლის ზაფხულში ვერც კი წარმოიდგენდა.

და შეიფერა დე ლაურენტისმა დიდება, გაიბღინძა, მაგრამ მათ,
ვინც კლუბს ეს დიდება მოუტანა, ღვაწლი არ დაუფასა. მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ შეატყო რა, რომ უკვე მეორე წრეში გუნდი ინერციითღა მოძრაობდა, დროულად გაცლა ამჯობინა, ისევე, როგორც სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯუნტოლიმ, რომლის შესახებ აურელიომ თქვა, რომ კვარაცხელია მან კი არა, არამედ თავისმა შვილმა ედოარდომ აღმოაჩინა, ხოლო სპალეტის დასცინა - ბოსტანში სამუშაოდ გავუშვი, ის კი იტალიის ნაკრებში წავიდაო. დონ აურელიოს საერთოდ ახასიათებს ასეთი ირონიული და დამცინავი გამონათქვამები ყოფილი თანამშრომლების მიმართ. თითქოს დაეუფლა განცდა, რომ ფეხბურთშიც ისეთივე წარმატებული გახდებოდა, როგორც კინოინდუსტრიაში. ევროპის სუპერლიგის მხარდაჭერით ფიფასა და უეფას ხელმძღვანელობა გადაიკიდა, ხოლო სპალეტის „სკუადრა აძურას“ თავკაცად დანიშვნისას საკომპენსაციო თანხის მოთხოვნის გამო - იტალიის ფეხბურთის ფედერაცია და რა გასაკვირია, რომ ხანდახან მსაჯები საკამათო სიტუაციაში გადაწყვეტილებებს „ნაპოლის“ საწინააღმდეგოდ იღებენ.

ვერ ვიტყვით, რომ დე ლაურენტისის მმართველობის სტილი დიქტატორულია, უფრო ავტორიტარულია. ეს მეტადრე უკანასკნელ ხანს გახდა თვალშისაცემი, როდესაც სპალეტის და ჯუნტოლის ნაცვლად რუდი გარსია (შემდეგ ვალტერ მაცარი) და მაურო მელუსო დანიშნა, რომლებიც დირექტივებს უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ და პირადი ინიციატივის გამოვლინება არ სჭირდებათ. მარიონეტი ხელქვეითები მორჩილები არიან და მითითებებს ასრულებენ, მაგრამ ამან რა შედეგიც გამოიღო, ყველამ დაინახა. სათამაშო შემადგენლობას, ტაქტიკას, ცვლილებებს და ყველაფერს, სავარაუდოდ, თავად პატრონი წყვეტს. თუმცა მიხვდა, რომ რაღაც უნდა მოიმოქმედოს და ისევ დაუკავშირდა ანტონიო კონტეს, რომელიც სიტუაციის შესაფასებლად „ტორინოსთან“ მატჩს დაესწრო და ნეაპოლური გუნდის საცოდაობას უყურა. ეგაა, წუწურაქი (და არა ხელმომჭირნე) აურელიო ისევ ვერ შეუთანხმდება პირობებზე, ვინაიდან კონტე სრულ კარტ-ბლანშს, მაღალ ხელფასს და ძვირადღირებულ ტრანსფერებს მოსთხოვს.

Sportall.Ge

დე ლაურენტისს სურს მინიმალური ინვესტიციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს, რაც წარმოუდგენელია. შეიძლება ერთხელ გაგიმართლოს, უკეთეს შემთხვევაში - ორჯერაც, მაგრამ მუდამ ასე არ იქნება. სტაბილურად წარმატებული კლუბის ასაშენებლად სერიოზული თანხების დახარჯვაა აუცილებელი, აგრეთვე - სწორი მენეჯმენტი და არა წამყვანი ფეხბურთელების გასხვისება. ვინ იცის, რამდენი ქულა დაიკარგა იმის გამო, რომ კიმ მინ ჯე „ბაიერნს“ 30 მილიონ ევროდ მიჰყიდა და მის ნაცვლად ნათანი 5 მილიონად შეიძინა. იტალიის ჩემპიონატის მოგებისას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ სუპერლიგაში შესვლით ელიტარულ საფეხბურთო საზოგადოებაში დამკვიდრდება, თუმცა ის დიდი „მოთამაშე“ ვერასოდეს გახდება, რამეთუ ნეაპოლური კლუბი არასოდეს ყოფილა იმ ელიტის წარმომადგენელი და თვითონ მისი პრობლემური და ამპარტავანი პერსონაც ბევრისათვის, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელია.

თავისთავად, სკუდეტოს მომგებ ფეხბურთელებსაც გაუჩნდათ ამბიცია, უკვე სხვა სტატუსის მქონედ იგრძნეს თავი და ბუნებრივია, ანაზღაურების სრულიად სამართლიანად მომატებაც უნდათ. სახელფასო განაკვეთი რომ გადახედვას საჭიროებს, ეს ცხადზე ცხადია. მაგალითად, გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი კვარაცხელია იმაზე ორჯერ ნაკლებს იღებს, ვიდრე დიეგო დემე, რომელიც წინა წელს მოედანზე საერთოდ არ გასულა, რაც ნონსენსია. ოსიმენს კონტრაქტი კი გაუგრძელა და გასამრჯელოც 10 მილიონამდე გაუზარდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხა (130 მილიონი) ჩაუწერა, მგონია, ისე წავა გუნდიდან, იმ გაზრდილ ხელფასს ვერც აიღებს.

ბუნებრივია, ასეთ პირობებში ფეხბურთელებს ენთუზიაზმი გაუნელდათ, ძველებურად აღარ ირჯებიან, მატჩებისას ნაკლებს მოძრაობენ, არ იხსნებიან, ბურთს სტატიკურ მდგომარეობაში იღებენ და ა.შ. ასეთ სიტუაციაში კვარაცხელიასაც უჭირს თავის წარმოჩენა. შესაძლოა, ხანდახან თავსაც უფრთხილდება (ან რატომ არ უნდა გაუფრთხილდეს), თითქოს ხალისიც დაკარგა, სისწრაფეც, სისხარტეც, ჩვეული ბრძოლის ჟინიც არ ეტყობა. ხვიჩასთვის ახლა მთავარია, ფსიქოლოგიურად არ გატყდეს და ხვალინდელი დღის იმედი ჰქონდეს. არაა გამორიცხული, რაც ხდება, „კვარასთვის“ უკეთესიც იყოს, რადგან სანამ მისი სატრანსფერო ფასი დაეცემა, დე ლაურენტისმა გაყიდოს კიდეც. ვინ იცის, მაგისას რას გაიგებ...

მიმომხილველი

alt"ნაპოლიში" მას რეკომენდაციას ვუწევ, დიდი ავტორიტეტით სარგებლობს" - ფედელე

altოსიმენის უახლოესმა მეგობარმა "ნაპოლის" დასცინა [PHOTO]

alt"10 წუთის განმავლობაში მწვრთნელს ამას ეკითხებოდა" - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე წერს
altკვარაცხელიას ჩანაფიქრი თანაგუნდელებმა ვერ გაშიფრეს - სისტემური პრობლემების პიკი...

მკითხველის კომენტარები / 11 /
სრული ჭეშმარიტებაა, ესეთ დაუდევარ და ღორმუცელა კაცთან ლაპარაკიც არ ღირს, ხვიჩამ პირველ თვეშივე დაიმსახურა ხელფასის მომატება, როცა თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მაგან კი ბრმა იარაღად გამოიყენა და სხვებსაც დააკლო ხელფასი,პასებს აღარ აძლევდნენ რომ თავი ვეღარ გამოეჩინა, ფეხბურთელები ერთმანეთს გადაკიდა და მაგიტო მიდიოდა გუნდი ინერციით მეორე წრეში, კიმი რამდენჯერაც შეცვალეს იმდენი გოლი გაუშვა ნაპოლიმ, როგორ შეიძლებოდა მისი გაყიდვა, ფული ამჯობინა და ვხედავთ რას დემგვანა საათივით აწყობილი გუნდი, ეხლა ხვიჩასაც იყიდის ვინმე და მაგათ წყალიც აღარ წაიღებს, სპალეტიმაც მაგიტო დატოვა გუნდი, იცოდა რაც მოხდებოდა და რატო უნდა შეერცხვინა თავი?
გელა
22:43 10-01-2024
0
კარგი ანალიზია, საბსებით ვეთანხმები, დე ლაურენტისმა იწუწკა ყველაფერში და ძვირადაც დაუჯდა, გუნდს თითქოს სურვილი გაუქრა თამაშის, მინდორზე დადიან განწყობის გარეშე და უმოტივაციოდ.
დე ლაურენტისთან გაჩერება აღარ ღირს, ხვიჩამ უნდა დატოვოს ნაპოლი, სანამ როგორც ფეხბურთელი ჩაკვდება, როგორც კი შანსი მიეცემა
ხათუნა
15:22 10-01-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული