"ვერონასთან" ხვიჩა კვარაცხელიას "ჯადოქრობამ" გუნდს 3 ქულა მოუპოვა, "მილანთან" წაგების შემდეგ კი ტიტულის დაცვის საქმე კვლავ სავალალო მდგომარეობაში გადავიდა. მიმდინარე სეზონში ნეაპოლელებმა შინ ნახევარზე ნაკლებ შეხვედრაში გაიმარჯვეს. იმედია, ეს ასპექტი მაინც გამოსწორდება, რამდენიმე დღეში აქ "ბარსელონაც" ეწვევათ...
შაბათის მეტოქეები ერთმანეთს ბოლოს 16 სექტემბერს დაუპირისპირდნენ და უხვგოლიანი ფრე (2:2) ითამაშეს.
ვიქტორ ოსიმენი აფრიკის თასიდან ბოლომდე ჯანმრთელად არ დაბრუნებულა და წინა ხაზზე მაინც ჯოვანი სიმეონეს ველით. ნიგერიელს "ნაპოლის" მაისურით 23 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. დისკვალიფიცირებულ ჟუან ჟესუსს ახლად მომჯობინებული ნათანი შეცვლის. მეკარე ალექს მერეტიც მზადყოფნაშია, მაგრამ გამორიცხული არაა, პიერლუიჯი გოლინი მაინც სასტარტოში ვიხილოთ. დისკვალიფიკაციის შემდეგ მარიო რუი მარცხნივ პასკუალე მაცოკის ჩაანაცვლებს. საინტერესოა, უკვე 23 წლის კვარაცხელია ისევ მეორე ფორვარდის პოზიციაზე იქნება თუ მარცხენა ფლანგს დაუბრუნდება?! მეტი დრო უნდა მიეცეთ ახალწვეულებს...
შეხვედრას 39 წლის ხუან ლუკა საჩი განსჯის. ის ცოტა ხნის წინ "ლაციო" - "ნაპოლის" (0:0) მეოთხე მსაჯი იყო, ისე კი, ქართველი გარემარბის გუნდის მატჩებზე არ ამწესებდნენ.
სხვა ქართველები. საინტერესო იქნება გიორგი კვერნაძის "ფროზინონესა" და დანიელე დე როსის მშვენიერი "რომას" დაპირისპირება (კვირას, 21 საათზე); ესპანეთის "ლა ლიგაში" შაბათის ღამეს (23:59 სთ) გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "სევილიას" უმასპინძლებს და სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას მოიწადინებს; ინგლისის ჩემპიონშიპში 7-მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტას ეცდება გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი", რომელიც დღეს (19:00 სთ) აუტსაიდერ "როტერჰემს" ესტუმრება; გიორგი მიქაუტაძემ ოფიციალურ მატჩში ბოლოს კვიპროსის ნაკრებთან გაიტანა და იმედი გვაქვს, ამ სერიას დაასრულებს, მისი "მეცი" კი "მონპელიეს" კვირას (18:00 სთ) ესტუმრება.
ოსიმენმა ნეაპოლში ჩააღწია - მბაპემ პსჟ-დან წასვლის თაობაზე განაცხადა და მის ნაცვლად ვიქტორს უხმობენ