ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა კომენტარი "გაძეტა დელო სპორტთან" გააკეთა:
"ხვიჩა ძალიან გულდაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრებს ლუქსემბურგთან მატჩში ვერ დაეხმარება, მაგრამ ჩვენს ეროვნულ გუნდს ერთად ვუგულშემატკივრებთ.
რაც შეეხება მის მომავალს, კლუბის ხელმძღვანელობას დაველაპარაკებით და ვნახავთ, რა გამოვა. "ნაპოლის" იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ისეთ თანხას შესთავაზებენ, რომელზეც ხელმძღვანელები უარს ვერ იტყვიან.
კონკრეტულ თანხაზე საუბარი არ შემიძლია, ეს კლუბის პრეზიდენტის საქმეა. მე ხვიჩას კონტრაქტს და სამუშაოს ვიცავ. ყველაფერი მაისის ბოლოს გაირკვევა".
ჯუღელის ნათქვამმა იტალიურ მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. Areanapoli
წერს, რომ 10 მილიონ ევროდ შეძენილი კვარაცხელიას ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 70-80 მილიონია, ხელშეკრულებაში გამოსყიდვის არავითარი პუნქტი არ არის შეტანილი, ამიტომ ღირებულება დე ლაურენტისმა უნდა დაადგინოს და ძნელი სათქმელია, რა მოხდება, თუ ქართველში ვინმე 100 მილიონს შესთავაზებს. "ცხელი ზაფხული გველის", - ასკვნის გამოცემა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "კვარა" "ნაპოლიში" დარჩება და ოსიმენის წასვლის შემდეგ გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.