Il Mattino-ს ცნობით, პსჟ მზადაა "ნაპოლის" ხვიჩა კვარაცხელიაში 80 მილიონი ევრო შესთავაზოს, თუმცა ეს თანხა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისთვის, რა თქმა უნდა, საკმარისი არაა.
გამოცემა წერს, რომ დე ლაურენტისი კვარაცხელიას 130 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შეელევა. მეტიც, საერთოდ არ უნდა მისი გაშვება. ფეხბურთელის აგენტი აურელიოს მალე შეხვდება და სეზონური 1.5-მილიონიანი ხელფასის 6 მილიონამდე გაზრდას მოსთხოვს. სავარაუდოდ, "ნაპოლი" ანაზღაურების ბონუსებიანად 5 მილიონამდე მომატებას დათანხმდება.
აღნიშნულია, რომ "პარი სენ ჟერმენში" გადასვლის შემთხვევაში, ქართველის ხელფასი 8 მილიონი იქნება. ამ ინფორმაციას TuttomercatoWeb-ი
ადასტურებს.
"ეკიპი" კი იტყობინება, რომ პარიზულ გუნდში კვარაცხელიას გადაყვანით პირადადაა დაინტერესებული გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე და მან აგრეთვე კლუბის ხელმძღვანელობას ვიქტორ ოსიმენის (ნაპოლი), რაფაელ ლეაოს (მილანი) და ბერნარდო სილვას (მანჩესტერ სიტი) ტრანსფერების განხორციელება სთხოვა. მათი გამოსასყიდი ფასი, შესაბამისად, 130, 175 და 58 მილიონია.