ლიგა 1-ის ბოლო, 34-ე ტურში, „მეცი“ სახლში ჩემპიონ პსჟ-სთან 0:2 დამარცხდა.
სტუმრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და დებიუტში ორი გოლი გაიტანეს - პირველი მეკარე ოკიჯას უხეში, მეორე კი ცენტრალური მცველების შეცდომის შედეგად. შემდეგ მასპინძელთა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ სცადა ანგარიშის შემცირება, მაგრამ მეკარე კეილორ ნავასმა მისი დარტყმული ბურთი მოიგერია.
მეორე ტაიმში „მეცი“ გააქტიურდა. მიქაუტაძემ დანილუ პერეირა გააბითურა, ნავასთან პირისპირ გავიდა და მეკარე ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. მერე ლამინ კამარას კუთხიდან დარტყმული ბურთი პარიზელთა კარის ხარიხას მოხვდა. ცოტა ხანში გიორგიმ საჯარიმოდან მცირედით ააცილა ბურთი კარს და მისმა გუნდმა მარცხი განიცადა.
მიუხედავად იმისა, რომ უშუალო კონკურენტმა" "ლორიენმა" საკუთარ მოედანზე "კლერმონი" 5:0 გაანადგურა, "მეცმა" ჩემპიონატი უკეთესი დამატებითი მაჩვენებლების შედეგად მე-16 ადგილზე დაასრულა და ლიგა 1-ში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს.
დღევანდელ მატჩში მიქაუტაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 7.4,
Whoscored 6.9, Flashscore 6.5. ქართველმა ჩემპიონატზე 20 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მეცი. „სენ სიმფორიენი“
მეცი - პსჟ 0:2
გოლები: 0:1 სოლერი (7), 0:2 ლი კან ინი (12)